საზოგადოება C ჰეპატიტის პროგრამით 45 ათასი ადამიანიდან 98% სრულად განიკურნა 2018, 31 იანვარი, 15:22 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს. ”ციფრები დაახლოებით ასეთი გვაქვს - ჩვენ გვყავს მილიონ 400 ათასი მოსახლე, ვისაც სკრინინგი ჩაუტარებია, ერთხელ და ორჯერ. აქედან უნიკალური არის დაახლოებით 900 ათასი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სკრინინგი. დადებითობის პროცენტი დაახლოებით 10-დან 11-მდე მერყეობს. ადამიანები, ვინც არიან დადებითი, მიდიან გაღრმავებულ კვლევებზე, რადგან თუ სკრინინგით დადებითი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა გაქვს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. შეიძლება თქვენ გქონდეთ დადებითი მაჩვენებელი, თუმცა არ იყოთ სამკურნალო, რადგან დაავადება უკვე გადატანილია და მორჩენილი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა აქტიური ვირუსის არსებობა სისხლში, მაშინ ასეთი ადამიანი ერთვება მკურნალობაში. პროექტში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა ქვეყანაში. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განკურნებულია, ანუ მას ვირუსი გაუქრა ორგანიზმიდან” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს. 16 1-ს მოსწონს
|