ფოტოგრაფია სულ სხვა თვალით დანახული ავღანეთი - სტივ მაკარის გასაოცარი ფოტოსურათები 2018, 31 იანვარი, 14:07 სამხედრო სამსახური ავღანეთში-ეს საშინელება თავის დროზე უამრავმა საბჭოთა ახალგაზრდამ (მათ შორის ბევრმა ქართველმა) გამოსცადა. მათი უმეტესობა ფიზიკური და სულიერი ჭრილობებით დაბრუნდა სახლში, ზოგიერთმა კი ავღანეთის პირქუშ და მიუვალ მთებში ჰპოვა სამუდამო სასუფეველი. თუთიის კუბოები, რომელთა გახსნა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს სასტიკად ეკრძალებოდათ, ხშირად ცარიელი იყო და გამწარებული დედა სადღაც მიუსავლიეთში დაკარგულ შვილს დასტიროდა. ასე რომ, სიტყვა ''ავღანეთი'' იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბჭოთა პერიოდში მოუწია ცხოვრება, შიშთან, შიმშილთან, სიკვდილთან და ყოველგვარ საშინელებასთან ასოცირდება. დღევანდელ სტატიაში მინდა მუდმივი ომების, კონფლიქტების და სიკვდილის ქვეყანა-ავღანეთი სულ სხვა კუთხით დაგანახოთ და ამაში ცნობილი ფოტოჟურნალისტის სტივ მაკარის ფოტოსურათები დაგვეხმარება. 2016 წელს გამოვიდა მაკარის წიგნი სახელწოდებით "ავღანეთი". მასში შევიდა ფოტოსურათების ნაკრები, რომელსაც ჟურნალისტი 27 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში წარმოდგენილია არამარტო ომის საშინელების და მისი სისხლიანი შედეგების, არამედ უბრალო, რიგითი ავღანელების ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრებიც. მაშ ასე, თქვენს წინაშეა სტივ მაკარის სურათების ფოტოკოლაჟი სახელწოდებით "ავღანეთი". მოჯაჰედები. ლოგარი, 1984 წელი კაცი უდაბნოში. ბამიანი, 2006 წელი ქალი, რომელმაც ქმარი ომში დაკარგა, მოწყალებას ითხოვს. ფარიაბი, 1992 წელი მოჯაჰედები მდინარის გადაცურვას აპირებენ ტყავის ტომრებით, რომლებიც ჰაერითაა ავსებული. კუნარი, 1980 წელი ქალი ბავშვით, რომელიც ტყვიას სასწაულით გადაურჩა. ქაბული, 1992 წელი სოფლელი ყმაწვილი. ნურისტანი, 1992 წელი ავღანეთიდან დევნილი გოგონა, პაკისტანი, 2002 წელი ჟონგლიორი გოგონები. ქაბული, 2016 წელი და აი ისიც-ფოტო, რომელმაც სტივს მსოფლიო აღიარება მოუპოვა: "ავღანელი გოგონა" ცოტაოდენი რამ სტივ მაკარის შესახებ: ის დაიბადა აშშ-ში, სკოლის დამთავრების შემდეგ შეისწავლა კინოხელოვნება, რამდენიმე თვე გაზეთში მუშაობდა ფოტოჟურნალისტად, შემდეგ კი ხელში აიღო თავისი საყვარელი ფოტოაპარატი, რამდენიმე ფოტოფირი და თავგადასავლების საძებნელად გაუდგა გზას. სულ პირველად სტივი ინდოეთში გაეშურა და დაიწყო ამ ქვეყნის შესწავლა კამერის დახმარებით, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ ჩუმად გადაკვეთა პაკისტანის საზღვარი და ამ ქვეყნის გავლით ავღანეთში შეიპარა. ფოტოგრაფმა გარეგნული იერი შეიცვალა: მოიზარდა წვერი, რომ ადგილობრივებისაგან ნაკლებად გამორჩეული ყოფილიყო. მაშინ მან გადაიღო პირველი კადრები კონფლიქტის ზონიდან. ეს იყო სტარტი რეალისტური ფოტოგრაფიის სამყაროში. ამ დროიდან მოყოლებული სტივის ნამუშევრებში დოკუმენტალური ფოტოები გაცილებით უფრო ბევრია, ვიდრე მხატვრული. ერთხელ სტივმა ჟურნალისტებს უთხრა: ''თუ გსურთ, გახდეთ ფოტოგრაფი, პირველ რიგში სახლიდან უნდა წახვიდეთ!" "მე მუდმივად მაქვს ასეთი მოთხოვნილება: ვიხეტიალო, ყველაფერს დავაკვირდე და ჩემი კამერა-ჩემი პასპორტია", - ამბობს ფოტოგრაფი. 3874 8-ს მოსწონს
|