თეატრი ანტიკური თეატრი - უკვდავების წმინდა წყარო 2018, 25 იანვარი, 12:51 "თეატრი ბევრ შემთხვევაში მარტო ხელოვნების მსახური არ არის. ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ასე მარჯვედ, სწრაფად და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზე. ეს წმინდა ტაძარია, სადაც იცინიან კიდეც და სტირიან კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ განიწმიდონ ავისა და ბიწისაგან, სადაც ორივე ცრემლი, სიხარულისაც და მწუხარებისაც, უკვდავების წმიდა წყაროდან მომდინარეობს ჩვენს გასაადამიანებლად და გასაკეთილშობილებლად". - წმინდა ილია მართალი.
თეატრი, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ძველ საბერძნეთში აღმოცენდა, დაახლოებით ძვ. წ. მე-6 საუკუნეში. აქვე შეიქმნა თეატრთან დაკავშრებული ტერმინოლოგია, პირველი დრამატული ჟანრები- ტრაგედია და კომედია. პირველი ტრაგიკული აგონი ძვ.წ.-ის 534 წელს გაიმართა. კომედია კი თეატრალურ ფესტივალებში ძვ.წ.-ის 487-6 წლებში ჩაერთო.
ძველბერძნული თეატრი სამი ძირიადი არქიტექტურული ნაწილისაგან შედგებოდა: მაყურებელთა დარბაზისაგან, ე.ი. თეატრონისაგან. თეატრონი წრიული ფორმის ორქესტას ერტყმოდა რკალად დაახლოებით ორი მესამედით. ეს იყო ვეებერთელა სივრცე ღია ცის ქვეშ. იგი შედგებოდა სკამების რკალურად განლაგებული ორქესტრადან თანაბარ სიმაღლეზე იარუსებისებურად აღმართული რიგებისაგან. დიდ თეარტალურ ნაგებობებს ორი ან სამი სექცია (იარუსი) ჰქონდა. ისინი ჰორიზონტალურად განლაგებული გასასვლელი სარტყელებით, ხოლო სექტორებად დაყოფილი რიგები ორქესტრას მიმართ პერპენდიკულარულად მდებარე სხივისებური გასასვლელებით იმიჯნებოდა ერთმანეთისაგან. წინა რიგში ან რიგებში ჩადგმული იყო სპეციალური ქვის სავარძლები ქურუმების, არქონებისა და საპატიო პირებისა თუ სტუმრებისათვის. ორქესტრას შუაში იდგა დიონისეს საკურთხეველი, როგორც სიმბოლო დრამის ძრების დიონისეს კულტთან ორგანული კავშრისა. თეატრონის მოპირდაპირედ ორქესტრას წრეს სკენე ებიჯნებოდა. იგი, თავის მხრივ, შედგებოდა ორქესტრას დონიდან დაახლოებით ერთი მეტრით ამაღლებულ პროსკენიონისაგან, რომელიც ორქესტრას ერთი ან ორი საფეხურით უკავშრდებოდა. მის უკან აღმართული იყო სახლის ფასადის მქონე კედელი, რომელსაც სამი კარი ჰქონდა. როგორც წესი, ამ კარებიდან გამოდიოდნენ მსახიობები. თითოეული თეატრი რამდენიმე ათას მაყურებელს იტევდა. 5000 მაყურებელისთვის განკუთვნილი თეატრი მცირე ნაგებობად ითვლებოდა. საშალოდ ნორმალური თეატრი 10000-15000 მაყურებელს იტევდა. დიდი თეატრი კი დაახლოებით 40 000 მაყურებლისთვის იყო გათვალისწინებული. ძველ საბერძნეთში ყველაზე პოპულარული იყო აკროპოლისის ფერდობზე მდებარე დიონისეს თეატრი. 1341 8-ს მოსწონს
|