სამეცნიერო ,,ყველაზე დიდი მსაჯული'' 2018, 19 იანვარი, 0:05 მთელ ფილოსოფიურ რეფლექსიას მიმართულებას აძლევს ის, თუ როგორაა დასმული და გადაჭრილი ადამიანის არსის პრობლემა. მრავალფეროვან ადამიანურ ფენომენებს იქეთ გამოსაკვლევია გარკვეული ზოგადი და უცვლელი ნიშნები, რომელნიც არა მარტო საერთო იქნებოდა სხვადასხვა ინდივიდებისა თუ ჯგუფებისათვის, თუ ყველა არსებისათვის, რომელთა გარკვეულობასაც გამოვხატავთ ტერმინით “ადამიანი’’, არამედ, ჩვენი გონებისთვის გასაგებს გახდიდა საერთოდ, და თავისი საზრისით გამსჭვალავდა არა მარტო ყველა ადამიანურ ფენომენს, არამედ ყველა იმ ცალკეულ ნიშანს, რომელიც ადამიანის არსებით ნიშნადაა მიჩნეული და სხვადსხვა მიმართულებით ახასიათებს პიროვნებას. [ტაბიძე, 1986: 36-37] ადამიანის არსი გულისხმობს გარკვეულ კანონს, წესრიგსა და სტრუქტურას. სხვადასხვა ფილოსოფიურ-ანროპოლოგიურ თეორიებს განსხვავებულად წარმოუდგენიათ ეს წესრიგი. ნიჰილისტური გაგებები კი საერთოდ უარყოფენ ამგვარ წესრიგის არსებობას, ასევე მას გარკვეული მიმართულებებით არ ცნობს სიცოცხლის ფილოსოფიის ზოგიერთი მიმართულება და ექსისტენციალიზმიც, მაგრამ ისინი უარყოფენ ადამიანის ნამდვილი ბუნების მეცნიერულ ენაზე გამოსახვის შესაძლებლობას და არა საერთოდ ამ ბუნების წვდომისა და თავისებური გამოსახვის შესაძლებლობას, რითაც ნიჰილისტური თეორიებისგან განსხვავდებიან. [ტაბიძე, 1986:37] ფილოსოფიური კონცეფციები, რომლებიც ადამიანის არსის მეცნიერული დადგენის შესაძლებლობასა და აუცილებლობას აღიარებს, სამ ჯგუფად შეიძლება წარმოვადგინოთ. ესაა თეორიები, რომლებიც ადამიანს განიხილავენ : 1.ან როგორც განვითარებით მასზე ქვევით მდგომი საფეხურისთვის დამახასიათებელი წესრიგის რეგიონალურ გამოვლინებად. (მექანიციზმნი, ბიოლოგიზმი, ფსიქოლოგიზმი) 2.როგორც თვითონ ადამიანებზე მაღლა მდგომი ინსტანციით განსაზღვრულს (რაციონალისტური თეორიები, რელიგიური და თეოლოგიური კონცეფციები) 3.ან როგორც თვითონ ადამიანის სპეციფიკური წესრიგის განხორციელებას. აქ საუბარია ადამიანის ფილოსოფიურ კონცეფციებზე, პიროვნების არსზე. ფიზიკური, ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური აღნაგობის თვალსაზრისით, ადამიანის შესწავლა დიდმნიშვნელოვანი ამოცანაა, რაც შესაძლებელია ცნობდეს სამივე ჯგუფის თეორიებს. [ტაბიძე, 1986:37] რელიგიური ანთროპოლოგია თავისი პრობლემატიკით ნეოპლატონიზმსა და თომიზმში მიუახლოვდა ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიურ პრობლემატიკას, როცა დასმულია მეცნიერებისა და რელიგიის თვალსაზრისთა შერწყმის ამოცანა.განსაკუთრებითი მნიშვნელობა ენიჭება ამ მხრივ ადამიანისა და ღმერთის კავშირს. ამ მიმართულებით განვითარებულა ორგვარი გადაჭრა საკითხისა: ერთი გამოიხატებოდა ადამიანის დეიფიკაციის -ღმერთადხდომის თუ ღმერთთან მიახლოების იდეაში, მეორე კი -ღმერთის გაადამიანების იდეაში.ორივე შემთხვევაში იგრძნობა, რომ ადამიანს მაინც აქვს საკუთარი არსი და ღვთიური ადამიანური ბუნება რაიმეგვარ გაერთიანებას მოითხოვს. თუმცა ღმერთი ადამიანის გასაგებად საკმარისი არაა, ამის შედეგი იყო ადამიანისა და ღმერთს შორის გარდამავალი იერარქიული საფეხურის დაშვება. რაციონალისტური თეორიები გონების პრინციპს იღებენ გამოსავლად.დეკარტის კონცეფციის მიხედვით, ადამიანის სპეციფიკას მისი ცნობიერება, აზროვნება შეადგენს.თუ არისტოტელე არაორგანულ ბუნებას უპირისპირებდა სიცოცხლეს, რომელიც ფსიქოლოგიურად წარმოედგინა და ლაპარაკობდა არა მარტო გონიერი და ცხოველური სულის, არამედ თვით მცენარეული სულის შესახებ, რადგანაც მიაჩნდა არისტოტელეს, რომ სიცოცხლეს ფორმას აძლევს ფსიქოვიტალისტური თეორია დეკარტი კი საუბრობს ფსიქიკისაგან დამოუკიდებელ სიცოცხლეზე და მას უპირისპირებს ადამიანს, რომელსაც ახასიათებს აზროვნება, სული. ეს იყო დეკარტის ცნობილი დუალიზმი: სამყაროს საფუძველი ორი სუბსტანციაა ფიზიკური, რომლის ატრიბუტიცაა განფენილობა და სულიერი, რომლის ამოსავალი არის გონიერება, ცნობიერება, აზროვნება. [ტაბიძე, 1986:41] ღირებულებათა რეალიზმი და პიროვნების პრობლემა ადამიანის რაობის ფილოსოფიური ამოცანა ადამიანის პირადყოფნისა და პიროვნებადყოფნის საფუძვლებისა და შესაძლებლობების საკითხია: ადამიანი იმდენადაა სპეციფიკური ფილოსოფიური პრობლემა, რამდენადაც იგი პირი და პიროვნებაა. პიროვნება კი მხოლოდ იმ არსებულს ეწოდება, რომელიც ცნობიერი, მიზანდასახული, თავისუფალი ქმედების უნარის მქონეა და ამიტომ პასუხისმგებელი არსებაა.თავისუფლებაში დაფუძნებული პირადი პასუხისმგებლობა გულისხმობს თავისუფალ თვითშექმნასა და თვითგანხორციელებას. წარმართულს იმ “ნიმუშით’’ და “ნიმუშისკენ’’, რომელიც ადამიანს აწმყოში აქვს მოცემული, როგორც თავისი მომავალი. როგორ აქვს ადამიანს მოცემული ეს ნიმუში და რატომ მნიშვნელობს პიროვნებისთვის? რატომ არის ისეთი ფასეულობისა რომ უპირობოდ ღირებულია? ასე დადგა ფილოსოფიაში ღირებულებათა პრობლემა, რომლის მნიშვნელობასთან კავშირი იმთავითვე იყო ხაზგასმული ღირებულების ფილოსოფიის დამამკვიდრებლის ლოტცეს მიერ. [“განწირულობის ფილოსოფია'', 1979:133] ერთი რამ ცხადია: პიროვნება არსებობს მხოლოდ ღირებულებებთან მიმართებასა და განხორციელებაში;მაგრამ ამავე დროს, თვითონ ღირებულება იმდენად არის, რამდენადაც არსებობს პიროვნება, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი მნიშვნელობს. შეიძლება თუ არა ღირებულებათა და პიროვნებათა სამეფოების თანაბარარსებობა, რომელიც მათი თავისთავადი არსებობის დაფუძნებაც იქნება? პასუხი საძიებელია პიროვნებისა და ღირებულების თანაარსებობაში, რადგან ღირებულის აღიარება ნიშნავს პიროვნების არსებობას, ადამიანი ღირებულის აღიარებით ამტკიცებს თავის პიროვნულობას, ხოლო მისი უარყოფით უარყოფს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას. [“განწირულობის ფილოსოფია'', 1979:134] როგორც ღირებულებათა ფილოსოფიის ერთ-ერთი მკვლევარი რინტელენი აღნიშნავს, ექსისტენცი არის ის, რაც ისე უნდა გავიგოთ, როგორც “ადამიანური შემობრუნება’’ იმისკენ, რასაც მისი ამაღლება შეუძლია, შესაბამისად რინტელენი ექსისტენცში ხედავს ჩვენი “ღირებულებითი პერსონის უშინაგანეს ბირთვს’’, რომლის შესაძლებლობებიც განხორციელდება ჩვენ სრული მხარდაჭერით. საკუთარი თვითყოფნის აღიარება არის გარეგანი გაუცხოებისაგან განთავისუფლება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ თვითონი, როგორც ჩვენდამი ნაჩუქარი და მასში მიუხედავად ნაკლისა, შესაძლებლობის გახდომას შევუწყოთ ხელი. [“განწირულობის ფილოსოფია'', 1979: 151] მიმაჩნია, რომ პიროვნების ღირებულებათა სათავეშია ადამიანის შინაგანი ხმა, სინდისი, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს, ესმის და აცოცხლებს თავის არში. მახსენდება ვაჟა-ფშაველას “სინდისი’’, სადაც სიმართლის ხმა ადამიანში გაქცევას ცდილობს ცოდვიანი დედამიწიდან, რადგან იმდენად მძიმეა, ბოროტია, დაუნდობელია სამყარო, რომ არ უნდა აქ გაჩერება ნათელ, ციურ ფერებში ილტვის. “ჯერ ისევ სველი- ძმის სისხლით-ხელი ჰქონდა ძმის მკვლელსა, ცოდვისა მქმნელსა’’ [ვაჟა-ფშაველა, ტ-IV, 1964:225] შურით სავსე კაენის გულმა მოკლა აბელი, საკუთარი ძმა, რასაც ცაცა და ვარსკვლავებიც კი დასტიროდნენ სიკვდილის შემზარავმა ხმამ ყველა შეაშფოთა, აბელის სისხლი იქცა დიდ ტბად, რომელიც ცაში აიზიდა და იქიდაან მოედო მთელს ქვეყანას, როგორც ნისლი. “ხმელეთი სრულად ზღვაა სისხლისა და არ იწყნარებს სჯაბნის ვინც ვისა ‘’ [ვაჟ-ფშაველა, ტ -IV, 1964: 227] და ამ წუთიდან იწყება შინაგანი ხმის ამოქმედება, რომელიც დამნაშავეს, ძმის მკვლელს სულს უწრიალებს, მოსვნების საშუალებას არ აძლევს, სიმშვიდეს უნგრევს, რადგან ეს არის სიმართლის ხმა, რომელიც ცდილობდა და ეურჩებოდა კაენს არ ჩაედინა ეს სასიკვდილო ცოდვა, კაენი თავმომწონედ აღნიშნავს, რომ მას შესწევს ძალა დაამარცხოს გულისთქმა, რომელიც აიძულებს სინანულს. შეუბრალებელია კაცის გული. კაენს ისეთი სიცოცხლე სწადია, რომელიც ნამდვილს ჰგავს, არ სურს დარდის ბუდედ ყოფნა, მწარე ფიქრები და გლოვა, იმდენად მძიმეა დედამიწა, რომ ეს შინაგანი სულიერი ხმა, რომელიც, ვფიქრობ, საძირკველია პიროვნებად ყოფნისა და ადამიანობის ფენომენის შენარჩუნებისა “თმა-გაწეწილი“ და “ნაცემ-ნაგვემია’’, უფალს ევედრება წაიყვანოს სისპეტაკესა და სისუფთავეში, ცაში ააფრინოს, რადგანაც სისხლმოწყურებულ ხალხთან მან ვერაფერი გააწყო. “მუხლ-მოდრეკილი ვდგევარ შენს წინა ქვეყნად ცხოვრება მძულს, მომეწყინა’’ [ვაჟა-ფშაველა, ტIV, 1964 :236] მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხალხი გაჩნდა ქვეყანაზე, სხვა ზნეობა და კვდება სინდისი, რადგან მაცოცხლებელ ძალას, თვისებებსა და გრძნობებს ვეღარ პოულობს უფალი ღმერთი ყოვლისა მქმნელი, რომელიც არის ზეციდან წამოსული ხმა არ აძლევს დანებების უფლებას, რადგან სინდისის სიკვდილი კაცობრიობის სიკვდილს უდრის. “რამ დაგალაჩრა რისთვისა ჰკრთები?’’ [238] ამ შინაგანმა ხმამ არ უნდა მისცეს უფლება ბოროტებას რომ გაიმარჯვოს, სინდისი, მიმაჩნია, რომ ეს ადამიანის სულია, იმ ადამიანისა, რომელიც პირველხატია უფლისა, ეს უკანასკნელი ხომ, შემოქმედმა გამოარჩია, უბოძა თავისუფალი ნება, აზროვნების უნარი, ღირსება და ღირებულებათა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ძალა, ჩვენ, ადამინები, მაშინ დავშორდით უფალს, როცა ადამმა მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინა აქ იდება ზღვარი, რომელიც უნდა გავაპოთ, გავარღვიოთ, ეს კი, ჩემი აზრით, მაშინ მოხდება, როცა პიროვნება უფლის გზისკენ წავა და ღმერთმიმსგავსებულობისკენ მიილტვის. კაენმა ჩაიდინა სასიკვდილო ცოდვა და მოკლა საკუთარი ძმა აბელი, რითაც არა მარტო თვითონ გაერია სისხლში, არამედ მთელი კაცობრიობა, დედამიწა ჩააფლო ამ ტკივილში, სისხლისფერ ტრაგედიაში. ყველაზე წმინდად წოდებული სინდისი კი გაუსაძლის მგომარებაშია, გაქცევა სწადია! მისი გაქცევა კი ქვეყნიერების დასასრულის წინაპირობაა ამიტომაც, ყოვლადმაღალი და ძლიერი ღმერთი მხნეობისა და სიძლიერისკენ მოუწოდებს ამ უკანასკნელს. “გიბრძანებ კვალად განასპეტაკო ქვეყანა ძალად დაადეგ თავზე ამოწვდილ ხმალად’’! [ვაჟა-ფშაველა, ტ IV, 1964:238] მე ვიზიარებ ვლადიმირ სოლოვიოვის მოსაზრებას, რომელიც აღნიშნავს, რომ სინდისის წინაპირობა სირცხვილის გრძობაა, რომელზეც უნდა ამოიზარდოს ეს ადამიანის სულის ხმა. სინდისი და სირცხვილი სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ, მაგრამ მათ სათქმელი საერთო აქვთ განარჩიონ კეთილი და ბოროტი საქმე, უღისრობა კი ღირსეულობისგან. რა არის სინდისი და რამდენად ხედავს მას ადამიანი? ჩემი აზრით, სინდისი ეს ღმერთია, ადამიანი რაც უფრო მეტად შორდება უფალს მით მეტად აძინებს ღირსების, სიმართლის ხმას სულში და უახლოვდება ბოროტებას, რაც იმდენად აუცხოებს კაცსა და ღმერთს რომ მათ შორის არსებულ იმ მცირე ძაფებსაც კი თანდათან წყვეტს, აქრობს და ადამიანი ბოროტებაში აგრძელებს ცხოვრებას, უუცხოვდება ღმერთსაც, მოყვასსაც და საკუთარ თავსაც. საინტერესესო მოძღვარ აბბა დოროთეს მოსაზრება სინდისთან დაკავშირებით რა არის სინდისი? როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, ჩადო მასში წმინდა, მხურვალე, განათლებული და ნაკვერჩხლის მსგავსი გულისთქმა, რომელიც გონებას განანათლებს და ბოროტს კეთილისაგან განარჩევს. ადამიანებმა ცოდვათა ჩადენით დათრგუნეს იგი. როცა გვამხელს სინდისი და გვეტყვის – ეს გააკეთე, მაგრამ არ მოვუსმენთ, და ისევ გვეტყვის და უგულებელსვყოფთ მის რჩევას, დავთრგუნავთ მას და ვეღარ შეძლებს ჩვენს მხილებას. არ არის ადამიანი, ვისშიც არ იყოს სინდისი; წმინდაა იგი და ყოველთვის სიკეთეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ჩვენი უგრძნობელობის გამო არ გვესმის მისი და ვახშობთ მას. http://sibrdzne.ge/6881 2018წ. როგორ უნდა დავინახოთ ეს უხილავი ძალა? როგორც დეკანოზი სერაფიმე დანელია აღნიშნავს, მას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და ისიც ყველას ისე ეჩვენება, როგორც უნდა რომ ნახონ. ყველას თავისუფლებას აძლევს, ისე იფიქრონ მასზე, როგორც მათ უნდათ.ამის გამო ზოგისთვის ის მშვენიერია, ზოგისთვის სასტიკი, სხვისთვის ამაოება, მავანთათვის კი სიამოვნების ობიქტი. ზოგი ფიქრობს, რომ მას სულ არ აინტერებს ადამიანი და გულგრილია მისი განცდების მიმართ, ცოტანი პოულობენ მას ისეთს, როგორიც სინამდვილეშია და პოულობენ მხოლოდ ისინი, რომლებიც არ კმაყოფილდებიან შემოთავაზებული მზამზარეული გულისთქმებით, არამედ მთელი არსებით დაეძებენ არსებობის ჭეშმარიტ საზრისს, ცხოვრების მიზნად დაუსახავთ მისი მოპოვება და შეუწირავთ მისთვის ყველაფერი. მხოლოდ ასეთ ადამიანებს გამოუჩენს ხოლმე თავის ნამდვილ სახეს და სულის სანატრელი მშვიდობითა და სიხარულით ავსევს მათ. [დეკანოზი სერაფიმე დანელია, 2017:6-7]. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელინი არიან სწორედ ღმერთის გზისკენ მავალნი და მაძიებელნი სიცოცხლის არსისა, რაც მათ უღვივებთ სინდის საკუთარ “მე’’-ში და სულიერად, ზნეობრივად ამაღლებულობისკენ მოუწოდებს, ამ გზას ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან, მაგრამ მთავარია რომ ეს სწორი, ჭეშმარიტი, სიმართლისა და სამართლიანობის გზაა, სადაც ცოცხლობს სინდისი. ჩემი აზრით, ადამიანმა საკუთარ სულში სინდისის ხმა რომ იპოვოს, ამისთვის ზემოთჩამოთვლილ მოვლენებთან ერთად, აუცილებელი ფიქრი და შეცნობა პირველ რიგში საკუთარი თავისა და მერე სამყაროსი. როგორც ვაჟა-ფშაველა აღნიშნავს, ფიქრი უსაზღვროა, ვითა სამყარო, და უკეთუ ადამიანი მიჰყვა ფიქრს ვინ იცის სადამდის მიიყვანს; შეიძლება კლდეზედაც გადასჩეხოს. ხოლო ისიც შესაძლებელია, - სამოთხეში ამოაყოფინოს თავი; შეიძლება ისეც გავაფაქიზოთ ფიქრი, პურსაც ვეღარა ვსჭამდეთ და სწყალსაც ვეღარა ვსვამდეთ-ცოდვააო, ვამბობდეთ; ვეღარ ვაბიჯებდეთ ფეხს დედამიწას -შეურაცხყოფას ვაყენებთო და სხვა ამდაგვარი, მაგრამ არის ისეთი ფიქრები, რომლითაც თუ კარგად გავიმსჭვალებით, ღრმად ჩავიჭდიეთ გონებაში, ყველა ხეირსა ვნახავთ: უფროს-უმცროსნი, ერი და მღვდელი. ადამიანის ფიქრისა ერთი საქებარი თვისება- მოვლენათა მიზეზის ძიებაა.როცა ადამიანის ფიქრი კითხულობს:“რადა? რისთვის? საიდან ან როგორ? ! ეს ნიშანია ადამიანის კეთილგონიერებისა.სწორედ ამისთანა ფიქრების ბრალია კაცობრიობის წინსვლა: თუ ადამიანი თავის ცხოვრების ავკარგის მიზეზს არ ეძებს, საკეთილოს არ ახეირებს და მავნებელს არ სპობს, ცაკლე ადამიანი, ერთი ღერი კაციც კი ვერ წარმართავს თავის ცხოვრებას კეთილად, განაღამც ერმა შესძლოს უამისოდ. [ვაჟა-ფშაველა, ტომი-IX, 1964:207-208] ამდენად, ფიქრმა ადამიანი ზნეობრივად უნდა გაზარდოს და ჩამოაყალიბოს ის პიროვნებად, ჩააღრმავოს ადამიანობის არსზე. რისი თქმა სურდა ვაჟას პოემა “სინდისით''? ბერნემ სთქვა:თუ გინდა ორიგინალური, თავისებური მწერალი დაგიძახონ, სწერე ის, რასაც ჰფიქრობ, ისე, როგორც ფიქრობდე, როგორც შენს გულსა და სულს უნდოდეს და მოსწონდესო. ვაჟას სიტყვით, მწერალს სული და გული უნდა გააჩნდეს, დააცქერდეს მას და შემდგომ თქვას ის, რაც სწადია. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ სული და გული ყველას აქვს, მაგრამ ეს ასე არაა! ყველა ცოცხალი ადამიანი სუნთქავს, ფეხზე დაიარება, თუმცა ყველას არ გააჩნია არც სული და არც გული. მწერლის სული და გული იქიდანა სჩანს, აქვს რამე იდეალი, უყვარს რამ ამ ქვეყანაში, უნდა ქვეყნისათვის, ცხოვრებისათვის სიკეთე, თუ არა. თავი და თავი არსებობისა ვაჟას ხედვით, ცხოვრება უნდა იყოს თავის სიავ-სიკეთითა. მწერალი კიდევ, როგორც გამომხატველი ამ სიცოცხლისა, უსათუოდ ამ წრეში უნდა ტრიალებდეს, მისი გრძნობა იმას უნდა დაჰფოფინებდეს, თვით ცხოვრებიდანვე გამომდინარი და თვით ცხოვრებისაგან შობილი. უამისოდ მწერალი უაზრო ხმაა, გაურჩეველი, გაურკვეველი და ყველასთვის გაუგებარი. [ ვაჟა-ფშაველა, ტ-IX 1964:134-137] ვაჟამ ნათლად აჩვენა, რომ ბოროტების სისხლშიდატბორილ სამყაროში არსებობა არ სურს სინდისს, და მისგან განშორება სწადია, რადგან ის თავისი უხილავი არსით, ადამიანისგან დანაშაულის დროს სინანულს ითხოვს, ღირსეულობა მისი ფასეულობაა, სულის სამკაული და მაცოცხლებელი ძალაა, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ვაჟას, სურდა ისეთი ქვეყანა და საზოგადოება ყოფილიყო, რომელიც თავისი ქმედებით გაიწმინდებოდა ამ სისხლისგან, რომელიც პოემის მიხედვით კაენმა ჩაიდინა და მთელს ქვეყნიერებას მოედო, სწორედ ეს იმედია რომ არ აძლევს ბოროტებას გამარჯვების უფლებას და სინდისს კი ამ წუთისოფლის დატოვების ნებას, მოუწოდებს მხნეობისკენ, ბრძოლისა და გამარჯვებისკენ, რადგან მისი არსებობა არის წინაპირობა რომ გადარჩეს ადამიანობის არსი-ზნეობა, პიროვნულობა და ღირსეულობა. კაენის გული უსიყვარულო უდაბნოთაა ქცეული, და ამიტომაც ჩაიდინა მომაკვდინებელი ცოდვა, საკუთარი ძმის სისხლში გარია ხელი და სული შეიღება მეწამულისფრად, დაიღუპა თავი და სამუდამო სატანჯველისთვის გასწირა. ამდენად, კაენში არ არის სიყვარული, რაც საძირკველს აცლის პიროვნულობის არსს და ადამიანს უსაგნო ბოროტ არსებად აქცევს, რომელიც დასაღუპადაა განწირული, რადგან უსიყვარულობა უღმერთობას ნიშნავს, ეს კი უკვე სიკვდილს! ესპანელი მწერალი მიგელ დე უნამუნო ამბობს: “რა არის საჭირო სიყვარულისთვის?! დანახვა. დანახვა სიყვარულის ინტუიციაა, დანახვა ბურუსში’’. ალბათ უამრავ ნიჭთან ერთად, დანახვაც ღვთის გამორჩეული ნიჭია, რომელიც ჯერ საკუთარ მანკიერებას, მერე სხვის დაფარულ სიკეთეებს დაგვანახვებს. “ყურ ასხენ და არ ესმით, თვალ ასხენ და ვერ ხედავენ’’, -გვმოძღვრავს იესო. ადამიანები ცოცხალი წიგნებია, მუდამ გადაშლილი და დაუმთავრებელი.წამკითხველი იშვითად გამოჩნდება სხვაში საკუთარიც რომ ამოიცნოს და მიხვდეს, რა არის მისი დანიშნულება, იგრძნოს, როგორ უნდა გახდეს პირველსახესავით სრულქმნილი აღნიშნავს, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია [დანელია:2017: 3] ამდენად ბოროტების სათავე უსიყვარულობა, სიკეთის ნაკლებობა, ზნეობრივად დაცემულობა და ღირსების დაკარგვაა. ის ფუნდამენტური თვისებებია, რაც სჭირდება ადამიანს რომ ის სახე შეინარჩუნოს რაც უბოძა ღმერთმა, მან ხომ თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი, ამისთვის კი სულის შენარჩუნებაა საჭირო, რაც პიროვნებაში სინდისის აღმოჩენიდან იწყება. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი სინდისი სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა - ფაქიზი, ნათელი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების. ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი იბრძვის. სინდისი ბუნებრივი კანონია (აბა დოროთე, მე-3 სწავლა). დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და ღმრთის სათნო ცხოვრებისათვის. ქრისტეს სწავლება, წმ. ნათლისღებით დაბეჭდილი, კურნავს სინდისს მზაკვრობისაგან, რომელიც მას ცოდვამ გადასდო; ხოლო განკურნებული სინდისი ქრისტეს მოძღვრების ერთგული რჩება. სინდისის სიმრთელისა და მისი სწორი მოქმედების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რამეთუ ყოველი მცდარი აზრი, ადამიანის მიერ მიღებული, გავლენას ახდენს სინდისზე: განდრეკს მას სწორი გზისაგან. ნებსითი ცოდვები აბნელებენ, აბლაგვებენ, ახშობენ, აძინებენ სინდისს. ყოველი ცოდვა, აღსარებით აღუხოცელი, მძიმედ აისახება სინდისზე. სახარებით განათლებული და დახვეწილი სინდისი მკაფიოდ და დაწვრილებით უჩვენებს კაცს მის ცოდვებს - თუნდაც სულ მცირეს. ნუ იხმარ ძალას სინდისზე, თორემ სულის მშვიდობას დაკარგავ: ცოდვა დაგატყვევებს და ხუნდებს დაგადებს. წინასწარმეტყველი ასე გლოვობს მათ, ვინც სინდისი დათრგუნა და მტრად ექცა საკუთარ თავს: „ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სლვად უკანა ამაოთასა“ (ოსე, 5, 11). სინდისის მახვილი მეტისმეტად ფაქიზია, იგი დიდი სიფრთხილით უნდა დავიცვათ. ასეთი დაცვა კი შესაძლებელია მხოლოდ სინდისის ყველა მოთხოვნის შესრულებით, ხოლო თუ კაცი, რომელიმე ამ მოთხოვნას უძლურებისა ან რაიმე გატაცების გამო უგულებელყოფს, სინანულის ცრემლით უნდა აღხოცოს ცოდვა. საყვარელო ძმაო! ყოველი დაცვით დაიცავი სინდისი. წიგნიდან: „სიტყვა ნუგეშინისცემისა“, თბილისი, 2007 http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brianchaninovi/sindisi.htm 2018წ. ანრი ბერგსონი სულის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი პრობლემის სესახებ. ბერგსონს მუდმივად აინტერესებდა სულის ფილოსოფიის სულისა და სხეულის მიმართების, სულიერი ენერგიის პრობლემები, რაც ყოველთვის იყო ფილოსოფოსთა კვლევისა და განსჯის საგანი. სულის არსის დასადგენად არისტოტელემ, წინამორბედთა შეხედულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ “სული არის ის, რითაც უპირველესად, ჩვენ ვცოცხლობთ, სული არის ცოცხალი არსების სხეულის მიზეზი და საწყისი’’. ბერგსონის აზრით, სულიერ ცხოვრებაში მისაწვდომად საჭიროა, რომ ჩვენი ცნობიერება დაემთხვეს ამა თუ იმ საგნის არსს და ინტუიციის საშუალებით შეაღწიოს თვით საგნის ქმნადობაში. [შერვაშიძე, 2009 : 44-45] ბერგსონი ბედნიერად მიიიჩნევს ადამიანთათვის ცოდნის კიდევ ერთ წყაროს ინტუიციის არსებობას, რომელიც წარმატებით წყვეტს გონებისათვის მიუწვდომელ ამოცანას. ინტუიცია ერთგვარი ინტელექტუალური სიმპათიაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვწვდებით “საგნის შინაგან არსს’’, რათა შევერწყათ მის ინდივიდუალურ ბუნებას და რაც მთავარია “არსებობს ერთი რეალობა მაინც, რომელსაც ჩვენ ვწვდებით შიგნიდან, ინტუიციის მეშვეობით და არა მარტოოდენ ანალიზის წყალობით’’ ეს ჩვენი საკუთარი პიროვნება გახლავთ მისი შემოქმედებითი ცვალებადობის პროცესში. ამდენად, ბერგსონის აზრით, ინტუიცია არაჩვეულებრივი საშუალებაა ჩვენი პიროვნების იდუმალ სიღრმეებში შესაღწევად.სწორედ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი სულის ფილოსოფიის ის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრა, რაც გონებისათვის მარადიულ გამოცანად რჩება. [შერვაშიძე, 2009: 46] ამრიგად, სინდისითან მიმართებით კიდევ უნდა აღინიშნოს შემდეგი, შეიძლება პიროვნებას გონება დაუბინდოს ბოროტმა ძალებმა, მაგრამ მასში მაინც უნდა არსებობდეს რაღაც ხაზი, შინაგანი ინტუიციის, მორალისა და ადამიანობის რამაც უნდა გადაარჩინოს დაღუპვასა და სულის წარწყმედას. როგორც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ანდერძად, არც ერთ საქმეში უპატიოსნობა და უზნეობა არ უნდა გავურით, მისი ფიქრით, ჩვენ, ადამიანებს უნდა გვახსოვდეს რომ ქვეყანაზედ ქალაღლდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზეც იწერება პირობა იმ სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის მას. წმინდა ილია მართალი ბრძენი იყო, და მან გვიანდერძა სწორედ ის, რომ არ შეიძლება რაიმე საქმის უზნეობაზე დაფუძნება, რადგან უშედეგო, უნაყოფო იქნება, იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება ზნეობრივ პრინციპებს. ილიას სიტყვით, ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა, ეს უკანასკნელი კი-ზნეობის საფუძველზე ყალიბდება. ზნე ხასიათის წრთვნაა, შინაგანი ზრდა კაცისა, მისი სულიერი ვინაობა და ბუნება, მაშასადამე, ზნეობა გარკვევაა ადამიანის სულიერი ვინაობისა და ბუნების ე.ი. მისი კაცობისა და პიროვნულობისა, ამბობს წმინდა ილია მართალი. როგორც ოთარ ჭილაძე აღნიშნავს, რწმენადაკარგული ადამიანი ყველაზე დიდი მტერია საკუთარი თავისა - იმავე წამს იწყებს იმ ტოტის ჭრას რომელზეც ჯერ კიდევ მისი პაპის პაპა მჯდარა და მისი შვილიშვილიც დაჯდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო . მისივე სიტყვით, ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ კი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი’’. გამოყენებული ლიტერატურა 1.ოთარ ტაბიძე - “ადამიანი -სინამდვილე და ოცნება’’ თბ, 1986წ
318 1-ს მოსწონს
|