x
სად ჩამოყალიბდა დრამა და როგორი იყო იგი თავდაპირველად?

image


სიტყვა, მუსიკა და პლასტიკა ერთად-ეს არის დრამა.ზუსტად ვერავინ იტყვის სად და როდის ჩაისახა პირველად თეატრის იდეა, სავარაუდოა, რომ დრამა თავდაპირველი სახით ელადაში ჩამოყალიბდა.მეცნიერთა უმეტოსობა ფიქრობს, რომ ტრაგედიის და კომედიის წარმოშობა ელინურ სამყაროს, კერძოდ ძვ.წ.VI საუკუნეს უკავშირდება.

დიდი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს აზრით, ტრაგედიაც და კომედიაც დიონისეს(ღვინის, გართობის, პოეზიის ღმერთი) საკულტო დღესასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული.არისტოტელე ტრაგედიის ორ საწყისს გვთავაზობს-დითირამბს და სატირულ დრამას.

დითირამბები იყო დიონისესადმი მიძღვნილი დასატირებელი სიმღერები, რომლითაც მოკვდავნი დიონისეს ტანჯვის ამსახველ ამბებს იხსენებდნენ, აქედან უნდა წარმოშობილიყო სწორედ ტრაგედია.ტრაგედია ძველად გააზრებული იყო, როგორც "თხის სიმღერა", რა შუაშია თხა დრამის ამ სახეობასთან?საქმე ისაა, რომ თხაში დიონისეს გუნდის კოსტიუმირებული წევრი იგულისხმება.ტრაგედიაში კონცენტრირებული იყო სერიოზული, ცრემლის მომგვრელი ინფორმაცია, ხოლო კომედიაში-არასერიოზული, სიცილის გამომწვევი.კლასიკური ტრაგედია ისეთ უბედურებას უნდა ყვებოდეს, რომელიც შემზარავი და წარმოუდგენელია, უჩვეულო. მაგ, ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ არა ტრაგედია, რადგან ის არ არღვევს სამყაროში არსებულ წესრიგს.ტრაგედიად ითვლება უფრო შემზარავი მოვლენა, მაგ:მშობლები კლავენ შვილებს ან პირიქით.ეს უკვე გადის ჩვეულებრიობის ფარგლებიდან და მაყურებლის ძრწოლას იწვევს.

ტრაგედიაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კათარზისის ცნებას, არისტოტელეს თქმით ტრაგედიის ყურება აღძრავს ერთდროულად რამდენიმე გრძნობას ადამიანში:სიბრალულს, თანადგომას, შიშს.ის ძლიერად ზემოქმედებს ჩვენზე, დატრიალებულ ტრაგედიას აღვიქვამთ არა მარტო ერთი გმირის, არამედ ადამიანთა მოდგმის ტრაგედიად და უბედურებად.მოქმედ გმირში თითოეულმა ჩვენგანმა შესაძლოა საკუთარი თავი დავინახოთ და გავითავისოთ მომხდარი ტრაგიკული ამბავი.ეს ყველაფერი საბოლოოდ იწვევს კათარზისს, რაც ნიშნავს განწმენდას, გასუფთავებას, დაცლას ყველა სხვა ემოციისგან და ბოლოს ტრაგედიის ყურებას სულ სხვა ნოტაზე ასრულებ.

ტრაგედიის მოქმედება უნდა იყოს თანმიმდევრული, ლოგიკური.გმირი უნდა იყოს ნეიტრალური, არც ძალიან კარგი და არც ცუდი.ხშირ შემთხვევაში მისი ტრაგედიის მიზეზი უცოდინრობაა და მაყურებლის სიბრალულსაც ეს იწვევს ხოლმე.ანტიკურ და თანამედროვე ტრაგედიას შორის ის განსხვავებაა, რომ ძველად ქალებს სცენაზე გამოსვლა ეკრძალებოდათ და მათ როლსაც კაცები ასრულებდნენ.

მოქმედება დიალოგებით გადმოიცემა და ტრაგედიის სტრუქტურა ასეთია:1)პროლოგი-შესავალი, გმირი საქის ვითარებას აცნობდა მაყურებელს;2)პაროდოსი-გუნდის პირველი სიმღერა;3)ეპისოდიონები-იგივე ეპიზოდები;4)სტასიმონი-გუნდის სიმღერა ერთ ადგილას, სრულდება ეპისოდიონებს შორის;5)ექსოდოსი-ფინალური ნაწილი.

რაც შეეხება კომედიას, ისიც დიონისურ დღესასწაულებთანაა დაკავშირებული.ტერმინ კომედიაში პირველი ნაწილი აშკარად “კომოსი'' უნდა ყოფილიყო.კომოსი იყო ერთ-ერთი დიონისესადმი მიძღვნილი ღვინით შეზარხოსებულთა სამხიარულო პროცესია.თუ ტრაგედიაში გადმოცემულია სეროზული, სევდიანი ამბავი, კომედიაში პირიქით არის. პირადად მე ძალიან მომწონს არისტოტელეს სიტყვები:“კომედია არის მანკიერების ისეთი დაცინვა, რომელიც არ იწვევს ტკივილს".

კომედიაში სიცილის საფუძველი ხშირად არის ის, რომ აქ სერიოზული მიზანი გადაწყვეტილია არასერიოზული საშუალებით ან პირიქით, არასერიოზული მიზანი-სერიოზული საშუალებით.კათარზისი აქაც არსებობს, ოღონდ კომიკური, ანუ განწმენდა სიცილის საშუალებით.

რამდენადმე განსხვავდება კომედიის სტრუქტურა ტრაგედიისაგან, აქ გვაქვს აგონი და პარაბასა და არ გვაქვს სტასიმონი:1)პროლოგი;2)პაროდოსი;3)აგონი-არ გვაქვს ტრაგედიაში, ეს არის პიესის ორ მხარეს შორის კამათი;4)პარაბასა-გუნდი მაყურებელს მიმართავდა პოეტის სახელით, ეს ნაწილი საშუალებას იძლეოდა დრამატურგს საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა;5)ეპისოდიონები; 6)ექსოდოსი.კომედიის პერსონაჟები ხშირად პოლიტიკოსები იყვნენ.კომედიოგრაფოსებმა თავიანთი ოსტატობით შეძლეს მძაფრი პოლიტიკური და სერიოზული საკითხები სასაცილოდ და გადაკვრით წარმოედგინათ.

არქაულ ეპოქაში მრავალი დრამატურგი მოღვაწეობდა, მათ შორის გამოირჩევა სამი დიდი ტრაგიკოსი-ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, ხოლო კომედიაში-არისტოფანე.მათ ყველამ თავიანთი ახალი ელემენტი შეიტანეს ამ დიდი ხელოვნების განვითარებაში.

დრამამ მართლაც რომ ახალი სიტყვა თქვა ანტიკურ კულტურაში, თუ მანამდე ნაწარმოებები სიმღერით ან დეკლამაციით სრულდებოდა, დრამამ შემოგვთავაზა პიესის მოქმედებებით გადმოცემა, თამაში.ამის შემდეგ მაყურებლის წინაშე არა გუნდი ან პოეტი, არამედ თვით აგამემნონი, აქილევსი და სხა ცნობილი სახეები გამოდიოდნენ და ეს მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა, მეტად საინტერესო და სახალისო იყო.

მოკლედ, ასეთი გზა განვლო ხელოვნების იმ ჯანრმა, რომელიც დღესაც ასე პოპულარულია ჩვენში და რომლის ყურებაც დიდი სულიერი საზრდოთი გვამარაგებს.

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0