კახეთი თელავის საკრებულოს ლეიბორისტ ვარდოშვილისთვის 22 975 ლარის გადახდა დაეკისრა 2017, 21 დეკემბერი, 14:10 თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქალაქ თელავის ყოფილი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ნიკოლოზ ვარდოშვილის სარჩელი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისთვის 22 975 ლარის გადახდა დააკისრა. ლეიბორისტული პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი იმ სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც 2014 -2016 წლებში, ფრაქციის დარეგისტრირებაზე უარის გამო ვერ მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ვარდოშვილის ინტერესებს ადვოკატი, კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი სიბაშვილი იცავდა.
ნიკოლოზ ვარდოშვილი 2014 წელს ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გახდა. იმავე წლის სექტემბერში მან საკრებულოს კიდევ ორ წევრთან, ბაადურ რევაზიშვილთან და ლევან არჯევანიძესთან ერთად, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ შექმნა გადაწყვიტა, რაზედაც საკრებულოს ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო.
ნიკოლოზ ვარდოშვილმა საკრებულოს გადაწყვეტილება თელავის სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაცია დაავალა. თელავის საკრებულომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საკრებულომ უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომელმაც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.
ორწლიანი დავის შემდეგ საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ნაცმოძრაობასთან გაერთიანების გზით ფრაქციის რეგისტრაცია შეძლეს. ნიკოლოზ ვარდოშვილი ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებას 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ახორციელებდა. ამავე პერიოდში მან საკრებულოსგან იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარედ მუშაობის შედეგად უნდა მიეღო. თელავის სასამართლოს მოსამართლე ნინო კორძაძემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნიკოლოზ ვარდოშვილის სასარგებლოდ, იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა.
23 1-ს მოსწონს
|