x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ფეხბურთში კახეთის თასი დედოფლისწყარომ მოიგო
image

კახეთის ჩემპიონატში ფეხბურთში დედოფლისწყაროს გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. კახეთის თასი გუნდის კაპიტანს კახეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა როსტომაშვილმა გადასცა. კახეთის ჩემპიონატი 2004-05 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის გაიმართა და მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალს წინ უძღვოდა რამდენიმე რაიონში გამართული თამაშების ციკლი.


როგორც კახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, ეს წარმატება დედოფლისწყაროელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.


„რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდი განაწილდა 2 ჯგუფად. დედოფლისწყაროს გუნდმა დაიკავა 1 ადგილი. გიორგი ბურდულის სახელობის ტურნირი იყო და სწორედ ვეტერანი ფეხბურთელის გიორგი ბურდულის სახელობის თასი გადაეცა დედოფლისწყაროს გუნდს. პირველი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა თითოეული დედოფლისწყაროელი ფეხბურთელი. დაჯილდოვებას ბურდულის ვაჟი, დავით ბურდულიც ესწრებოდა. მე ვფიქრობ, ეს უდიდესი წარმატებაა. მათი კარიერა კახეთიდან იწყება და თუ იმუშავებენ, უფრო წინ წავლენ და გაცილებით მეტი წარმატება ექნებათ. კახეთის ფედერაციის სახელით რა თქმა უნდა ჩვენ წარმატებებს და დიდ ასპარეზს ვუსურვებთ მათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, პირველი შედეგები აქვთ და ეს უნდა გახდეს დიდი წარმატებების დასაბამი. ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახდენენ და ასეთი რეგიონული ტურნირები ხელს უწყობს, ბევრისთვის სტიმულისა და მაგალითის მიმცემი ხდება. ამიტომ, გაცილებით ხშირად უნდა ტარდებოდეს ასეთი ჩემპიონატები, რომ შედეგი გაუმჯობესდეს, “ - აღნიშნავს გოჩა როსტომაშვილი.



ზურაბ ჩალაბაშვილი (დედოფლისწყაროს გუნდის მწვრთნელი): „ასეთი მიღწევები ხელს უწყობს ჩამოყალიბდნენ ნამდვილ ფეხბურთელებად და ამ ასაკიდანვე იგრძნონ გამარჯვების გემო, აითვისონ ფეხბურთელის უნარ-ჩვევები. ეს გამარჯვება მათ სტიმულს მისცემს საიმისოდ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მონდომებით. რეგიონული ჩემპიონატის მოგება ერთი საფეხურია, რომ შემდეგში გუნდი სხვა საფეხურზე გადავიდეს და სხვა მასშტაბებზე ითამაშოს. ნელნელა ბავშვები იზრდებიან, ტაქტიკას ხვეწენ, გამოცდილებას აგროვებენ, ამიტომ თუ ხელშეწყობა გვექნება, შეგვიძლია უფრო წინ წავიწიოთ. ამჟამად გვაქვს ხელშეწყობა, თუმცა პრობლემებიც არსებობს. გამოგვეყო ტრანსპორტი, კვება. ვახერხებთ სხვა ქალაქებში გამართულ ტურნირებში მონაწილეობასაც და ამ კუთხით შეფერხებები აღარ გვაქვს. ამჟამად პრობლემად რჩება ფორმების საკითხი და გვპირდებიან, რომ ესეც მალე გადაიჭრება. ამჟამად ძველი ფორმებით ვთამაშობთ. დაახლოებით 20 წელია აღარ შეგვიძენია და ძველი ფორმის ჩაცმა უხდებათ. იგეგმება, რომ შეგვიძინონ. ჩვენც თავდადება არ გვაკლია, ხშირად ვვარჯიშობთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. შრომა უმთავრესია ყველაფერში. მეორე წრეზე ექვსი გუნდი დავამარცხეთ და ერთთან ფრე ვითამაშეთ“.


image
მალხაზ ჯაგაშვილი (გუნდის კაპიტანი): „დიდი ხანია რეგიონული თასის მოსაგებად ვიბრძვით, მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდით. ბოლო ხანს გუნდის წევრები დავსხედით და სერიოზულად დავიწყეთ იმ ნაკლოვანებების გააზრება, რაც ხელს გვიშლიდა გამარჯვებაში. ღიად ვისაუბრეთ, რისი გამოსწორება იყო საჭირო, თითოეულ ჩვენგანს რა უნდა გაეკეთებინა და რა ტაქტიკა აგვერჩია. მოვუმატეთ ვარჯიშს, დავიწყეთ ნაკლის გამოსწორება. თავს მართლა არ ვზოგავდით, სულ უფრო და უფრო მეტს ვშრომობდით და ვვარჯიშობდით. სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ წელს ოცნება აგვიხდა და მიზანს მივაღწიეთ. ძალიან დიდი სიხარულია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ პრეტენზია გაგვიჩნდა სხვა ტურნირებზეც ვიფიქროთ და ამჯერად დედაქალაქშიც მივიღოთ მონაწილეობა. ხელშეწყობა ნამდვილად გვაქვს, ერთადერთი გუნდს ფორმების პრობლემა აქვს. პირველი საჯარო სკოლის სტადიონზე ვვარჯიშობთ, მაგრამ ხელისშემშლელია ის, რომ ცუდ ამინდებში ვარჯიშს ვერ ვახერხებთ და გუნდის ყველა წევრს უნდა, რაიმე დარბაზი გამოინახოს, რომ უამინდობაშიც შევძლოთ მომზადება. შეიძლება ითქვას, დარბაზი ჩვენი ოცნებაა“.


0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0