შოუბიზნესი „ლამარია“ - ქართული ხელოვნების სამსახურში 2017, 11 დეკემბერი, 13:24 ქართველი ემიგრანტის ლიგია მუშკუდიანის მოღვაწეობა განსაკუთრებით ახლო და ნაცნობი ქართველი ემიგრანტებისთვისაა, უფრო კონკრეტულად კი, საბერძნეთში მცხოვრები დიასპორისთვის, რომლებმაც კარგად იციან ამ ქალბატონის მიერ მოწყობილი ღონისძიებების ნუსხაც, ხარისხიც და შედეგიც. ბევრი წლის მანძილზე ლიგია მუშკუდიანის მეოხებით და ორგანიზებით, რუსთაველმა ქალბატონმა უამრავი საკონცერტო ღონისძიება გამართა ათენში და ბევრ ქართველ ვარსკვლავს უმასპინძლა, რომელთა შორის იყვნენ ოთარ რამიშვილი, ნინი შერმადინი, ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო ჩხეიძე, თემო თათარაშვილი, ლაშა ღლონტი, „ოთხი გია“, თემურ წიკლაური და სხვანი.
ლიგია მუშკუდიანი ემიგრაციიდან საქართველოში ცოტახნის წინ დაბრუნდა, 1 დეკემბერს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-18 ცერემონიალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და 9 დეკემბერს კი, საკუთარ ქალაქში უმასპინძლა თავის სამეგობროს, შემოქმედებითი გაერთიანება „ლამარიას“ საპრეზენტაციო საღამოზე, რომელიც რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა და რომელსაც ქალაქის მთავრობის მესვეურნიც ესწრებოდნენ.
იყო უამრავი თბილი გამოსვლა, ბევრი ვიდეო არქივიდან და რაც მთავარია ქართული სიმღერები ქართველი ვარსკვლავებისგან, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ლაშა ღლონტი და ანსამბლი "ალილო", ანსამბლი "ოთხი გია", თემურ წიკლაური და სხვანი, რომლებიც ქ-ონ ლიგიასთან ურთიერთობას იხსენებდნენ და სცენიდან ეფერებოდნენ ხელოვან ქალბატონს. ყველაზე ამაღელვებელი კი, ლიგია მუშკუდიანის პატარა ქალიშვილის მიერ შესრულებული სიმღერა იყო, რომელიც მან ლეგენდარულ "ოთხ გიასთან" ერთად იმღერა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ქართულ რეალობაში დავიწყებული პერიოდული გამოცემის ანუ ჟურნალის, ბეჭდვითი გამოცემის ხილვა, რომელიც შ.პ.ს. „ლამარიას" მიერ დაფუძნდა და პერიოდული გამოცემის ფორმატი შეიძინა, პირველი ნომერი კი, სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ. ლიგია მუშკუდიანი: - მე დავბრუნდი ჩემს საქართველოში, მე დავბრუნდი ჩემს მშობლიურ რუსთავში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საკუთარ ქალაქში ახლიდან დავიმკვიდრო თავი და შემოქმედების ზეიმი ხშირად ვაჩუქო ხოლმე ჩემს ქართველებს, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ღონისძიების მთავარმა გმირმა. ორ საათიანი საპრეზენტაციო ღონისძიების შემდეგ კი, ტრადიციული ქართული სუფრა ერთ-ერთ რესტორანში გაიშალა, სადაც უკვე ვიწრო სამეგობრო წრეში სტუმარ-მასპინძელმა ახალი შემოქმედებითი გაერთიანება „ლამარია“ (რომელსაც უკვე დიდი ტრადიციები და გაკეთებული საქმეები უმაგრებს ზურგს) დალოცა და მომავლის წარმატებები უსურვა. ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ უერთდება ქართველი ვარსკვლავების სურვილებს და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს ორგანიზაციასაც და საკუთარ ხალხზე და ქართულ ხელოვნებაზე შეყვარებულ, შესანიშნავ ქალბატონს, შვილს, დედას და ხელოვანს ლიგია მუშკუდიანს. 108 3-ს მოსწონს
|