ფილოსოფია ანარქიზმი და სახელმწიფო 2012, 5 აპრილი, 2:31 პოლიტიკა ეს არის სახელმწიფოს ძალის გამომჟღავნება ან მცდელობა მისი განხორციელების. ხელისუფლება წარმოადგენს ინდივიდების ჯგუფს, რომელსაც აქვს და ანხორციელებს უმაღლეს ძალაუფლებას მოცემულ ტერიტორიაზე ან განსაზღვრულ მოსახლეობაზე. ზოგადად სიტყვა ”ანარქია” ნიშნავს ”წესის გარეშე” პრაქტიკულად, მოცემულ ტერმინს დღესაც ხშირად იყენებენ დამაკნინებელი მნიშვნელობით. ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საუბარში, ”ანარქიას” ქაოსსა და უწესრიგობას უკავშირებენ და არცთუ იშვიათად საზოგადოებრივ წარმოდგენაში ანარქისტები ”ბომბის მატარებელი” ტერორისტები არიან. ბუნებრივია, თავად ანარქისტები ამგვარ შეფასებას კატეგორიულად უარყოფენ. ანარქისტები ქადაგებენ კანონისა და სამთავრობო ინსტიტუტების გაუქმებას და მიიჩნევენ, რომ ”საზოგადოება წესრიგს ანარქიაში ეძებს”. ანარქიზმის ძალადობასთან უშუალო დაკავშირება აგრეთვე შეიძლება მცდარი მიდგომა იყოს. ზოგჯერ ანარქისტები სრულიად ღიად და სიამაყის გრძნობით უჭერდნენ მხარს დაბომბვებსა და ტერორიზმს, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ანარქისტების უმრავლესობა ძალადობას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და თვლის, რომ მას მხოლოდ საწინააღმდეგო შედეგების მოტანა შეუძლია. აქედან გამომდინარე, ანარქიზმის მრავალი მიმდევარი ნებისმიერი სახის ძალადობას მორალურად მიუღებლად თვლის. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველობის მიმართ, სკეპტიკური ხედვაა უამრავი პოლიტოლოგისა თუ ანალიტიკოსის მხრიდან. თუმცა წარსულში, ისტორია გვაუწყებს, რომ დიქტატორული მმართველობა საკმაოდ პოპულარული იყო, მიუხედავად იმ ტირანული ელემენტებისა, რომელიც ამ სისტემას თან ახლდა. (მაგ: ლუი XIV აცხადებდა: “სახელმწიფო ეს მე ვარ”) სახელმწიფოს მთავარი ჩონჩხი ანუ ორგანო არის უზენაესი ხელისუფლება, რასაც პოლიტიკის ფილოსოფოსები სუვერენს უწოდებენ. ძალაუფლებას, რომელსაც ხელისუფლება ფლობს ნიშნავს - ბრძანების უფლება და თანაფარდობითად დამორჩილების უფლება. ეს რა თქმა უნდა განსხვავდება იმ ძალისაგან, რომელსაც აქვს უნარი აიძულო ინდივიდი თანხმობაზე, ან გამოიყენო მუქარის ძალა. მაგ: მე ვაძლევ ჩემს საფულეს ქურდს, ვინაიდან მას იარაღი აქვს მობჯენილი და ამას ვაკეთებ მარტო იმიტომ, რომ ის სიტუაცია რომელშიც მე მემუქრებიან არის უარესი ვიდრე ფულის დაკარგვა. მაშინაც კი როცა მე მივეცი საფულე, რადგან მან გამოიყენა ძალა ჩემზე, მე არასოდეს მეგონება რომ მას ამის უფლება გააჩნდა. მთავრობა როცა მაძლევს გადასახადების ქვითარს, მე ვიხდი მას, ჩემი ნეგატიური სურვილის მიუხედავად. თუმცა ხანდახან მე ვატყუებ მთავრობას ანუ ვთაღლითობ, მაგრამ მაშინაც კი ვაცნობიერებ მის ძალაუფლებას, ვინაიდან ის ერთადერთი ძალაა, რომელიც დამიცავს ზემოთხსენებული მაგალითის შემთხვევაში. სახელმწიფოს განსაზღვრული ნიშანი არის ხელისუფლება, რომელსაც აქვს მართვის უფლება. ინდივიდის ძირითადი ვალდებულება არის თვითმმართველობა (ანარქიის ქვაკუთხედით) ანუ უარის თქმა რომ იყოს მართული. ერთი შეხედვით არ არის კონფლიქტი ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, თუმცა როცა პიროვნება ასრულებს თავის მოვალეობას, (ანარქიზმიდან გამომდინარე) რომ გახადოს თავისი თავი, თავისი გადაწყვეტილებების ავტორად _ ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მოთხოვნებს ჰქონდეს ძალაუფლება მასზედ. ინდივიდი უარს ამბობს იმ მოვალეობაზე, რომ დაემორჩილოს სახელმწიფო კანონებს, ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი არ არიან კანონები და მმართველი ხელისუფლება მისთვის არალეგიტიმურია, ვინაიდან მას არ აურჩევია ხელისუფლება. აქედან გამომდინარე ანარქია არის ერთადერთი პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ყველაზე ახლოსაა თვითმმართველი ინდივიდის ღირსებასთან. ანარქისტმა შეიძლება დაინახოს კანონის დამორჩილების საჭიროებები განსაზღვრული ვითარების გამო. ის შეიძლება ეჭვობდეს კიდეც, რომ არსებობდეს გზა სახელმწიფოს თავიდან მოშორებისა, როგორც ადამიანის ინსტიტუტისა, მაგრამ ის არასოდეს აღიარებს ხელისუფლების ბრძანებებს ლეგიტიმურად, როგორც მაკავშირებელს მორალურ ძალად. ამ გაგებით ანარქისტი ადამიანია, რომელსაც არ აქვს ქვეყანა, მიუხედავად იმ გზებისა რომელიც მას აკავშირებდა მის ბავშვობასთან. ეს ინდივიდი დგას ზუსტად იგივე მორალურ მიმართებაში თავის ეროვნულ მთავრობასთან, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელშიც ის დროდადრო გაჩერდება. მაგ:“მე, როცა წავალ დიდ ბრიტანეთში ვემორჩილები მის კანონებს, გონებრივი ინტერესებისა და მორალური მიზეზების გამო. ჩემი უკან დაბრუნების დროს აშშ-ში, მე მიჩნდება გრძნობა რომ შევდივარ ჩემს ქვეყანაში. ვაცნობიერებ, რომ მე შევდივარ ჩემს ქვეყანაში, რომლის კანონები ბევრად უფრო ახლოსაა ჩემთან, ვინაიდან ისინი ჩემი მთავრობის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული და მაქვს განსაკუთრებული ვალდებულება, რომ დავემორჩილო მათ. ანარქისტი მეუბნება, რომ ეს გრძნობა მხოლოდ და მხოლოდ სენტიმენტალურია და არანაირი მიზანი მორალური საფუძვლებისა არ გააჩნია. ყველა ხელისუფლება თანაბრად არალეგიტიმურია, მიუხედავად ამისა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველანი თანაბრად არიან ღირსეულნი ან უღირსნი მხარდასაჭერად. ჩემი შეხედულება ამერიკულ კანონებზე თუ მინდა რომ ვიყო მორალურად დამოუკიდებელი უნდა გაგრძელდეს იგივე განხილვებით, როგორც მე ვიქცეოდი უცხოეთში. აი, ეს დილემა, რომელიც Robert Paul Wolf-მა (ამერიკელი ფილოსოფოსი პოლიტიკურ საკითხებში) წამოჭრა მოკლედ გამოხატავს სახელმწიფოს დეიურეს ცნებას. თუ ყველა ადამიანს ექნება მუდმივი ვალდებულება, რომ მიაღწიოს თვითმმართველობის მაღალ ხარისხს, მაშინ ხელისუფლების როლი შეიზღუდება, რომლის მიზნებსაც ექნებოდა ვალდებულება, რომ დავმორჩილებოდით მის ბრძანებებს. აქედან გამომდინარე ცნება დეიურე ლეგიტიმური სახელმწიფო, გამოჩნდება, როგორც ვაკუუმი და ფილოსოფიური ანარქიზმი ერთადერთი გონივრული, პოლიტიკური რწმენა განათლებული ადამიანისთვის. ანარქიზმის მთავარ განსამზღვრელ თვისებას წარმოადგენს მისი ოპოზიციური დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი თანმხლები სამთავრობო თუ სამართლებრივი ინსტიტუტების მიმართ. ანარქისტები უპირატესობას ანიჭებენ საზოგადოებას სახელმწიფოს გარეშე, რომელშიც თავისუფალი ინდივიდები საკუთარ ბედს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მართავენ, რაიმე ძალდატანებისა თუ ძალადობის გარეშე. ანარქიზმი ძირითადად ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი მაღალზნეობრივი არსებაა, რომელსაც დაბადებიდან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ინსტიქტი დაჰყვება და უმეტესწილად ანარქიზმს განმარტავს, როგორც ”ხელისუფლების პრინციპის უარყოფას”. ანარქისტების ამგვარი მიდგომა ხელისუფლებისადმი ნათელი და ადვილად ასახსნელია: ხელისუფლება თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების ხელყოფაა, ანარქიზმი უნიკალურია იმ გაგებით, რომ ეყრდნობა აბსოლიტური თავისუფლებისა და შეუზღუდავი პოლიტიკური თანასწორობის პრინციპებს. ამ გაგებით, ხელისუფლება, რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკურ უთანასწორობასა და ერთi პიროვნების საყოველთაოდ აღიარებულ ძალაუფლებაზე, გავლენას ახდენს სხვათა ქცევაზე, იმონებს, ჩაგრავს და ზღუდავს ადამიანის სიცოცხლეს. ხელისუფლება ყრვნის იმათ, ვინც ექვემდებარება ძალაუფლებას და იმათაც, ვინც ხელისუფლების სათავეშია. ვინაიდან ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქმნილებაა, მის მიმართ ძალაუფლების გამოვლენა მის დაკნინებას, მისი თანდაყოლილი ბუნების იგნორირებასა და დამაჩლუნგებელი დადგენილი წესრიგისადმი მის იძულებით დამორჩილებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე ხელისუფლების ფენომენი ბადებს ”ძალაუფლების ფსიქოლოგიას”, რომელიც დაფუძნებულია ”ბატონობისა და მორჩილების” პრინციპზე. იქმნება საზოგადოება, რომელშიც, ”მრავალნი არიან შეუბრალებელნი, უმეტესობა კი შიშში ცხოვრობს”. ყველა სხვა პოლიტიკური იდეოლოგია ემხრობა იმ აზრს, რომ სახელმწიფო საზოგადოებაში ამა თუ იმ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. მაგალითად: ლიბერალები სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა დამცველად თვლიან;კონსერვატორები ეთაყვანებიან სახელმწიფოს, რადგან მათი აზრით, იგი საზოგადოებრივი წესრიგისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლოა. სოციალისტებს სახელმწიფო რეფორმების ეფექტურ საშუალებად და სოციალური სამართლიანობის წყაროდ მიაჩნიათ. ანარქისტებს კი, ამის საწინააღმდეგოდ, მიაჩნიათ, რომ ამგვარი შეხედულებები პოლიტიკური ხელისუფლებისა და სახელმწიფოს შესახებ მცდარია, თუნდაც იმის გამო, რომ მათში არ არის გათვალისწინებული ის უარყოფითი და დამანგრეველი ფაქტორები, რომლებიც საკანონმდებლო და სამთავრობო დაწესებულებების განუყოფელი ნიშანთვისებებია. მათ მიაჩნიათ, რომ იყო მართული ნიშნავს გითვალთვალებდნენ, გამოწმებდნენ, გჯაშუშობდნენ, გმართავდნენ, კანონებს გიწესებდნენ, სამხედრო სამსახურში გაგზავნიდნენ, გზღუდავდნენ, თავს გახვევდნენ იდეებს, ქადაგებას გიკითხავდნენ, გაკონტროლებდნენ, შემფასებლის თვალით გიცქერდნენ, ცენზურაში გატარებდნენ, გმბრძანებლობდნენ; და ამას ყველაფერს აკეთებდნენ არსებები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ამის უფლება, არც ძალა და არც სიბრძნე. სახელმწიფო მოძალადეა, რამეთუ მისი წეს-კანონების დაცვა ყველასათვის სავალდებულოა იმის გამო, რომ არსებობს სასჯელის საშიშროება. მთავრობის სიმბოლოს წარმოადგენს ”ხელკეტი, თოფი, ხელბორკილი, ან ციხე”. სახელმწიფო უფლებამოსილია, ინდივიდებს წაართვას ქონება, თავისუფლება და უმაღლესი სასჯელის მეშვეობით სიცოცხლეც კი. სახელმწიფო ექსპლუატატორია იმ გაგებით, რომ იგი ძარცვავს ინდივიდებს საგადასახადო სისტემის საშუალებით, რასაც კვლავ მხარს უჭერს კანონის ძალა და დასჯის მუქარა. ანარქისტები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ”თანამშრომლობს” მდიდარ და პრივილეგირებულ ფენასთან და აქედან გამომდინარე, მბრძანებლობს სუსტსა და ღარიბზე. დასკვნისთვის სახელმწიფო დამანგრეველი ძალაა. ”სახელმწიფოს ჯანმრთელობა ომია”. ინდივიდები იძულებულნი არიან იბრძოლონ, მოკლან და დაიხოცონ ომში, რომელიც გაჩაღებულია ერთი რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული გაფართოების, ნადავლის და ეროვნული დიდების მოპოვების მიზნით სხვათა ხარჯზე. მიუხედავად ყოველივე ძემოთთქმულისა, სახელმწიფოს თაობაზე ანარქისტულ თეორიასაც ხშირად აკრიტიკებენ. გარდა ადამიანის ბუნების შესახებ წამოყენებული მოსაზრებებისა, რომლებსაც ანარქიზმი ეყრდნობა, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოებრივი ჩაგვრა ინდივიდების უზნეობის ნიადაგზე კონკრეტულ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში წარმოიშობა, ჩაკეტილ წრეს ქმნის, ვინაიდან ანარქიზმი ვერ იძლევა იმის ახსნას, თუ როგორ დაიკავა პოლიტიკურმა ძალაუფლებამ წამყვანი ადგილი. სახელმწიფოს არსებობიs ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამართლებას ჰობსისა და ლოკის მიერ წამოყენებული არგუმენტები გულისხმობს, რომ საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე, ანუ საზოგადოების ”ბუნებრივი მდგომარეობა” ექვივალენტურია საზოგადოების თითოეული წევრის მიერ სამოქალაქო ომის გაჩაღებისა ყველა დანარჩენის წინააღმდეგ, რაც შეუძლებელს ხდის სტაბილურ და წესრიგს დაქვემდებარებულ ცხოვრებას. ასეთი ”ბუნებრივი მდგომარეობისკენ” სწრაფვა ადამიანური ბუნების თვისებაა, ხოლო ადამიანი თავისი ბუნებით, ჰობსისა და ლოკის აზრით, ეგოისტი ძუნწი და პოტენციურად აგრესიულია. მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოს ძალუძს იმ იმპულსების შეკავება და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება. წესრიგის დამყარება კანონის გარეშე შეუძლებელია. ამის საწინააღმდეგოდ, ანარქისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანი რაციონალური აზროვნებით დაჯილდოვებული არსებაა, რომელსაც მიღებული განათლება და აზროვნების უნარი ყველა წინაპირობას უქმნის საიმისოდ, რომ სიმართლით იცხოვროს და საყოველთაო მაღალზნეობრივ კანონებს დაემორჩილოს. ამგვარად, მათ სწამთ, რომ ადამიანი ისწრაფვის და ამასთან, უნარიც შესწევს, დამოუკიდებლად უზრუნველყოს საკუთარი ჰარმონიული და მშვიდობიანი ცხოვრების წესი. პრაქტიკულად სწორედ მთავრობისა და არაბუნებრივი კანონების გამყრვნელი ზემოქმედება და არა ადამიანის მიერ ”პირველ ცოდვაა” უსამართლობის სიხარბისა და აგრესიის საფუძველი, ანუ, სამთავრობო ინსტიტუტის არსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების საშუალებად, იგი პირიქით, პრობლემატურს ხდის მას. ანარქისტები საკმაოდ კეთილგანწყობილნი არიან ჟან-ჟაკ რუსოს ცნობილი მოსაზრებისადმი, რომელსაც იგი თავისი თხზულების სოციალური კონტრაქტის დასაწყისში გვაწვდის: ”ადამიანი დაბადებიდან თავისუფალია და მაინც მას ყველგან (მთელs მსოფლიოში) ბორკილი ადევს”. ანარქიზმის საფუძველი დაუფარავი უტოპიურობაა, რწმენა კაცობრიობის ბუნებრივი კეთილშობილებისა, უკიდურეს შემთვევაში პოტენციური კეთილშობილებისა. თუ მოვლენებს ამ კუთხით განვიხილავთ, სოციალური წესრიგი უნდ დამყარდეს ბუნებრივად და სპონტანურად. იგი არ საჭიროებს ”კანონისა და წესრიგის რაიმე მექანიზმს”. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ანარქისტულ იდეოლოგიას ყოველთვის მხოლოდ ის პოლიტიკური მოაზროვნეები ემხრობოდნენ, რომლებიც ოპტიმისტურად იყვნენ გამსჭვალულნი ადამიანური ბუნებისადმი და ამგვარად, სწამდათ ბუნებრივი წესრიგისა და სპონტანური ჰარმონიის არსებობისა. უნდა აღინიშნოს, რომ ანარქიზმი უბრალოდ ადამიანის ”სიკარგეზე” დაფუძნებული მიმდინარეობა არ არის. ისინი აღიარებდნენ, რომ ადამიანებს ისევე ძალუძთ იყვნენ მეგობრულნი და კეთილგანწყობილნი, როგორც ეგოისტები და მოქიშპენი. ანარქისტები ადამიანურ ბუნებას ”ელასტიურად” მიიჩნევენ იმ გაგებით, რომ იგი ფორმირდება სწორედ იმ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოცვით, რომელშიც მას არსებობა უწევს. სწორედ ამიტომ სტაბილური, მშვიდობიანი, მაგრამ სახელმწიფოსგან თავისუფალი საზოგადოების შექმნის შესაძლებლობის რწმენა ანარქისტული თეორიის ყველაზე სუსტ და სადავო ასპექტადაა მიჩნეული. ანარქიზმის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროგრესიული და სრულყოფილია სოციალური ინსტიტუტი, თუ ვაღიარებთ, რომ ეგოისტური ან სხვა ნეგატიური იმპულსები ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილია და არა გარეშე მიზეზების ზემოქმედებით გახრწნის შედეგი, მაშინ ბუნებრივი წესრიგის დამყარების პერსპექტივა სხვა არაფერია, თუ არა უტოპიური ოცნება. გამოყენებული ლიტერატურა: Wolff: The Conflict Between Authority and Autonomy; http://orangeanarchist.wordpress.com/2007/11/20/wolff-the-conflict-between-authority-and-autonomy/ THE ANARCHISM OF ROBERT PAUL WOLFF; 698 4-ს მოსწონს
|