კახეთი კახეთში მუნიციპალური ნაგავსაყრელები დაიხურება და რეგიონული პოლიგონი მოეწყობა 2017, 1 დეკემბერი, 15:07 2019 წლისთვის კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. როგორც კომპანიის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, ანზორ სანდროშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ნაგავსაყრელზე რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შეიტანენ. მისივე თქმით, ნაგავსაყრელის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. ახალი ნაგავსაყრელების პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ანზორ სანდროშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული დანარჩენი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში ნაგავსაყრელების დახურვის შემდეგ გადამტვირთი სადგურები იმოქმედებს, რომლებიც ნარჩენებს რეგიონულ ცენტრში გადაიტანს. „გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება, მათი დახმარებით ახალ რეგიონულ ნაგავსაყრელს მოვაწყობთ, რის შემდეგაც დაიხურება რაიონული ნაგავსაყრელები, მათ შორის ახლადგახსნილი და კეთილმოწყობილი პოლიგონებიც. იმოქმედებს გადამტვირთი სადგურები, რითიც მუნიციპალური ნაგავსაყრელები ცენტრალურს დაუკავშირდება და ყველა მუნიციპალიტეტიდან შემოსული ნარჩენები ერთ სივრცეში მოიყრის თავს“, - აღნიშნა გიორგი შუხოშვილმა. “გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ტერიტორიაზე მოეწყობა დახურული მუნიციპალური ნაგავსაყრელი, სადაც კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ნარჩენების შეტანა შესაძლებელია. იქ ასევე ნარჩენების გადაამუშავებენ. პირველ ეტაპზე დავაკვირდებით საბოლოო ჯამში რა რაოდენობის ნაგავს მივიღებთ და შემდეგ სათანადო ინფრასტრუქტურაც აშენდება“, – განაცხადა ანზორ სანდროშვილმა. პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (SWMCG), ხოლო მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის მხრივ ვითარების გაუმჯობესებაში ეხმარება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაზე და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის ამ პრობლემის მნიშვნელობაზე საუბრობს „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. „დედოფლისწყაროს გააჩნდა ნაგავსაყრელი, თუმცა წლების მანძილზე იყო ქაოსური ვითარება. ამასთან, ბოლო წლებშიც არ ხდებოდა ნაგვის გატანა ერთდროულად ყველა სოფლიდან. სოფლებში ამ მომსახურების შეთავაზება ეტაპობრივად მოხდა. ასევე სოფლებში კონტეინერების სიმცირის პრობლემა დავაფიქსირეთ. გარდა ამისა, დედოფლისწყაროში არის ცხვრის გადასარეკი ბილიკები, სადაც ასევე მრავალი წლის მანძილზე იყო სტიქიური ნაგავსაყრელები, რის გამოც ცხვრის დაცემის შემთხვევები ფიქსირდებოდა. მაგრამ, როცა ისეთ ადგილებში გვხვდება ნაგავი, როგორიც „არწივის ხეობაა“, უკვე რთულია შეფასებაზე საუბარი. ამ უნიკალურ ადგილას წყალს მთელი სოფლის ნაგავი შემოაქვს. მაშინ როცა დაცულ ტერიტორიაზე დღესაც ეს სურათია, ძნელია აუთვისებელი ტერიტორიების სისუფთავეზე ვიმსჯელოთ. მთლიანი მოსახლეობის ჩართულობაა აუცილებელი, ერთობლივად უნდა მოხდეს ამ პრობლემის დაძლევა და ვითარების გაუმჯობესება, “ - ამბობს ექსპერტი, ნინო ჩხობაძე. დედოფლისწყაროელებს კარგად ახსოვთ, მრავალი წლის მანძილზე, გაზიფიკაციის შენობას რომ გასცდებოდი, ე.წ. „ლეტნიკის“ ტყისკენ მიმავალ გზაზე, სატელევიზიო ანძამდე ნაგვის გორები იდგა. რამდენჯერმე ამოქმედდა საჯარიმო სანქციებიც, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩებოდა, მოსახლეობას ისევ ეზარებოდა ნაგვის ზემოთ ატანა და გზაშივე ყრიდა. დედოფლისწყაროში ნაგვის ცივილური ფორმებით შეგროვება და დაკონსერვება 2013 წლიდან დაიწყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ კუთხით აქტიურად იმუშავა დედოფლისწყაროს იმჟამინდელმა გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა. სწორედ მაშინ მოხდა სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიის და იქ მისასვლელი გზის მთელი პერიმეტრის დასუფთავება. სულ მალე ხელისუფლებამ სპეციალური კომპანია დააფუძნა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა დაევალა. შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია, ერთიანი მიდგომა და განისაზღვრა სამიზნე მუნიციპალიტეტები. პირველი ნაბიჯების გადადგმა კი იმ რაიონებიდან დაიწყო, სადაც ნარჩენების მართვის კუთხით ყველაზე ქაოსური ვითარება იყო. ხელახლა, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დედოფლისწყაროს ნაგავსაყრელიც. მისი კეთილმოწყობა 2015 წლის მარტში დასრულდა. ნაგავსაყრელი, რომელიც 60986.19 მ² ფართობს მოიცავს 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად პოლიგონის ტერიტორიაზე 80 მ³ ნარჩენი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ დედოფლისწყაროს პოლიგონი 2013 წლიდან გადაეცა. სპეციალისტების შეფასებით, იმ დროისთვის დედოფლისწყაროს ნაგავსაყრელი პოლიგონი სტანდარტების შეუსაბამოდ ოპერირებდა. ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად. ასევე, ნაგავსაყრელზე არ ხორციელდებოდა კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა, ტერიტორია არ იყო შემოღობილი და ხდებოდა როგორც მოქალაქეების, ისე ცხოველების გადაადგილება. ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. ამას გარდა, პოლიგონის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. ვითარებას ის გარემოებაც ართულებდა, რომ დედოფლისწყაროში კლიმატის ცვლილების ყველაზე მეტი პარამეტრი შეინიშნება, ქაოსური ნაგავსაყრელები კი ამ პროცესს ხელს მნიშვნელოვნად უწყობს. 2015 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, დედოფლისწყაროში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვა განახორციელა, მოაწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციისთვის. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით. განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრა ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის ღირებულებამ 230 000 ლარი შეადგინა, დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ლავა“. ამას გარდა, მაწანწალა ძაღლების თავშესაფარიც გურჯაანში აშენდება და მთელ რეგიონს მოემსახურება. მშენებლობა მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი და ამაში მონაწილეობას წინასწარი ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს. გურჯაანის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით 100 000 ლარი უკვე გაითვალისწინეს. საკითხზე მუშაობენ სხვა თვითმმართველოებიც. სამუშაო ვერსიით, კახეთის მასშტაბით დაჭერილ უპატრონო ძაღლებს გურჯაანში გადაიყვანენ და თავშესაფარში მოათავსებენ. რეგიონში მაწანწალა ძაღლების პრობლემა წლებია არსებობს და მოსახლეობამ საკითხის მოგვარება არაერთხელ მოითხოვა. 53 1-ს მოსწონს
|