x
image
ალექსანდრე ლექსო
უჩვეულო გამნაღმველები
გამნაღმველი ორჯერ ცდება, პირველად მაშინ, როცა პროფესიას ირჩევს – ეს გამოთქმა ძალიან რთული და სარისკო პროფესიის ადამიანებზე ყველას გვსმენია. თანამედროვე მსოფლიოში მათ საქმეც არ ელევათ. ვიცით, რომ ხშირად დამხმარედ ძაღლებს იყენებენ, მაგრამ საზიზღარი ვირთხები თუ ამ საქმეში გამოდგებოდნენ არ მეგონა, მაგრამ ჭკვიანი კაცი რას არ მოიფიქრებს. გთავაზობთ ნახოთ თუ როგორ შეძლეს ამის გაკეთება.



image


ვირთხების გამოყენება ნაღმების მოსაძებნად 1998 წელს დაარსებულ ბელგიურ–ტანზანიურ კვლევით ორგანიზაციაში მოიფიქრეს.

გამბიური ჩანთოსანი ვირთხა – ღამის ცხოველია, ის ცუდად ხედავს, მაგრამ საუცხოო სმენა და ყნოსვა აქვს. სწორედ ამას ეფუძნება წვრთნები.




image


5 კვირის ასაკიდან იწყება ვარჯიში, რომელიც გრძელდება რვა თვიდან 1 წლამდე. ამის შემდეგ ვირთხა განაღმვის სერთიფიცირებული სპეციალისტი ხდება. მას შეუძლია 1 მეტრის მანძილზე იყნოსოს ნაღმი, როგორც მეტალის, ისე პლასტმასის, აგრეთვე ყუმბარაც და უბრალო მასრაც.



image



მთავარი საწვრთნელი ბაზა ტანზანიშია, მაგრამ ძირითადი სამუშაოები მეზობელ მოზამბიკაშია, სადაც თექვსმეტწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ 500 ათასიდან მილიონამდე ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვია. (ნამდვილი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია)



image



ქალაქელი ვირთხებისაგან განსხვავებით, რომლებიც 2–3 წელიწადს ცოცხლობენ, აფრიკული ვირთხა 8 წლამდე ცოცხლობს. აქედან ექვსი–შვიდი წელი პატარა გამნაღმველი წარმატებულად მუშაობს. ამაში მას მცირე წონა (ერთიდან ერთნახევარ კილომდე) და საოცარი ყნოსვა ეხმარება.


უკვე გაწვრთნილ ვირთხას, რათა არ დაკარგოს ფორმა, მუდმივი ვარჯიში სჭირდება. მოზამბიკის სოფელ ჩამანში საწვრთნელი პოლიგონია. ერთი ჰექტარი მიწა დაყოფილია 10×10 მეტრი კვადრატებად. თითოეულ კვადრატში 2–3 ნაღმია ჩამარხული.



image



რეალურ პირობებში ადამიან– გამნაღმველს ასეთი ფართობის ნაღმებისაგან გასაწმენდად სამი დღე სჭირდება, როცა ვირთხისა და ორი მწვრთნელისგან შემდგარ გუნდს ნახევარი საათი.

მწვრთნელები ნაკვეთის თავზე ტროსს სჭიმავენ, რომელზეც ვირთხას აბამენ და იგი წინ გარბის და იწყებს ნახევარმეტრიანი ზოლის ყნოსვას. თუ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა იგი ბოლოში ჩადის და მას უკან, შემდეგი ზოლის დასაზვერვად აგზავნიან. თუ ვირთხა ნერვიულობს, ერთ ადგილზე ტრიალებს, მიწას თხრის – ეს სიგნალია, რომ ნაღმი იმ ადგილზეა. ვარჯიშზე ცნობილია ნაღმის ადგილსამყოფელი და თუ ვირთხამ სწორად ამოიცნო, მას ჯილდო ხვდება – არაქისი ან ბანანის ნაჭერი.

ნამდვილი მუშაობის დროს მათ არ აჯილდოებენ. ნაღმის ადგილსამყოფელი უცნობია და ერთხელაც თუ ვირთხამ შეცდომის შემდეგ მიიღო ჯილდო, შემდეგ ის ყალთაბანდობს და ცრუ სიგნალებს იძლევა ნუგბარის მოლოდინში.



image



სამუშაოდ დღეში ორჯერ გადიან: 6.30 –ზე და 16.00, რათა ვირთხები სიცხემ არ შეაწუხოს. ხუთდღიანი სამუშაო კვირა აქვთ. დღეში დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას ამოწმებენ. «ვინც არ მუშაობს არ ჭამს» — ეს აქ კანონია! საჭმელი მხოლოდ სავარჯიშო მოედანზე ნაპოვნი ნაღმის შემდეგ ეძლევათ, ვარჯიშისას მოედნები მუდმივად იცვლება, რათა ზარმაცმა ვირთხებმა ნაღმების ადგილმდებარეობა არ დაიმახსოვრონ.


მხოლოდ უამინდობისას და გამოსასვლელ დღეებში ასვენებენ და აძლევენ ნიგოზს, სტაფილოს, სიმინდს, თევზს და მწერებს. წარმატებული მუშაობის შემდეგ კი აძლევენ დელიკატესს – ვაშლს ან ავოკადოს.


ამჟამად ბაზაზე 35 ლიცენზირაბული ვირთხა და 50 თანამშრომელია. ნაღმების პოვნის დასაჩქარებლად აპირებენ ახალი მეთოდის დანერგვას: ერთი კაცი – ერთი ვირთხა.



image


ვირთხას სახელად ფიბი, მუშაობა ეზარება. იგი ჩერდება, ცდილობს დაიჭიროს ხოჭო ან საერთოდ მოუსვას მოედნიდან. ეს იმიტომ, რომ დღეს ორშაბათია – ამბობს მისი მწვრთნელი ჯარედ მკუმბო.


ორშაბათი ვირთხებისთვისაც მძიმე დღე ყოფილა. სტატისტიკით 10 ვირთხიდან 7 წარმატებით გადის გამოცდას, 3 კი ძალიან ნელია, უჭირთ კონცენტრირება. მათ გამრავლებისთვის იყენებენ. პროფესიონალებს გამრავლებისთვის არ სცალიათ – მათ უნდა იმუშაონ. როგორც ადამიანებთანაა: ან კარიერა ან პირადი ცხოვრება.

როგორც წესი ვირთხებს არ ღლის ერთფეროვანი სამუშაო, ამით ისინი ძაღლებს სჯობიან.

ძაღლი ზედმეტი სიხარულით ხვდება ნაღმის აღმოჩენას და რამოდენიმე ხანი მუშაობის ხალისს კარგავს. ვირთხა კი სამუშაოზეა ფოკუსირებული, მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი ნიგოზი და ბანანი მიიღოს.



image


ვირთხების კიდევ ერთი უპირატესობა — ისინი ერთ პატრონზე არ არიან მიჯაჭვულნი და შეუძლიათ სხვადასხვა მწვრთელთან იმუშაონ.

ბაზაზე ვირთხები კომფორტულად ცხოვრობენ. მათ ცალკე გალიები აქვთ. ეზოში მათთვის სათამაშო მოედანია მოწყობილი, სადაც ისინი სამუშაოს შემდეგ ერთობიან.

მოზამბიკაში ვირთხები 2004 წლიდან მუშაობენ. მათ მუშაობისას ბრონირებული ექსკავატორი ეხმარება, რომელიც შესამოწმებელ ნაკვეთს ზედმეტი მცენარეებისგან წმენდს. შემდეგ კი საქმეში ვირთხები ერთვებიან. ყოველ ნაკვეთს ორჯერ ამოწმებენ: ერთი ვირთხის შემდეგ მეორეს ამუშავებენ. საეჭვო ადგილებს დღის ბოლოს უკვე ადამიანი გამნაღმველი გადაამოწმებს და ნაპოვნი ნაღმებსაც აფეთქებენ.



image



ბოლო დროს გაიზარდა დაინტერესება. ვირთხებს უკვე მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ სამუშაოდ. სპეციალისტები კი განაგრძობენ კვლევებსა. მათი ვირთხებს უკვე შეუძლიათ ნერწყვის შემოწმებით გამოავლინონ სერიოზული ინფექციური დაავადებები, მაგალითად ტუბერკულოზი.

აგრეთვე მათ ასწავლიან მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში დაზარალებულების პოვნას.

მოხერხებულმა ბელგიელებმა დაფინანსების ორიგინალურ ხერხს მიაგნეს: ნებისმიერს შეუძლია შევიდეს მათ ინტერნეტსაიტზე და "იშვილოს" რომელიმე ვირთხა– დააფინანსოს მათი ჭამა და სწავლება. სამაგიეროდ მათ რეგულარულად აცნობებენ თუ როგორი წარმატებები აქვთ სწავლაში. ამის გარდა ორგანიზაციამ მილიონიანი გრანტი მოიპოვა პერსპექტიული სამუშაოს ჩასატარებლად.



image



ორგანიზაცია 1998 წელს დაარსა ბერტ უიტჯენსმა (Bart Weetjens), მან აფრიკაში მუშაობა ადრე პროტეზების ჩატანით დაიწყო. და მაშინ ნახა თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო ნაღმებთან დაკავშირებით. აქ მას გაახსენდა ვირთხების შესაძლებლობები. ბავშვობაში მას სახლში ჰყავდა მოშინაურებული ვირთხები და ძალიან შეიყვარა ისინი. ვირთხები ძალიან მოხერხებულებია, კარგი ყნოსვა აქვთ და მათი მოშენებაც ძვირი არ დაჯდებოდა.

იგი სამეცნიერო ნაშრომემის თვალიერებისას წააწყდა 1970 – იანი წლების ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენას, რომ ვირთხებს შეეძლოთ ასაფეთქებელი ნივთიერებების ყნოსვით ამოცნობა. ამას რამე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. და ბარტმა გადაწყვიტა თავისი კვლევები ჩაეტარებინა. მას დიდად ეხმარებოდნენ ბიოლოგები ანტვერპენის უნივერსიტეტიდან. საბოლოოდ შეარჩიეს გამბიური ვირთხები (Cricetomys gambianus).



image



პირველი ბელგიური ექსპერიმენტების შემდეგ პროექტმა 2000 წელს ტანზანიაში გადმოინაცვლა, აქური აგროსამრეწველო უნივერსიტეტის მფარველობის ქვეშ. (Sokoine University of Agriculture). აქ გაიხსნა "ვირთხების სკოლა"

ვირთხებით ნაღმების პოვნის მეთოდი ყველაზე სწრაფი და იაფი აღმოჩნდა. ვირთხები პატარა ზომისანი არიან მათი კვება და ტრანსპორტირება უფრო ადვილია, ვიდრე ძაღლების.

ვირთხების სკოლამ უკვე გაითქვა სახელი და სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება მათი გამოყენებით როგორც სამხედრო ისე სამედიცინო სფეროში.




0
47
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0