ბიოგრაფია ,,და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,, 2017, 17 ნოემბერი, 20:51 დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს, გარაიცვალა 1959 წლის 17 თებერვალს მეფე პოეტი, მეოცე საუკუნის და, საერთოდ, ყველა დროის ქართული მწერლობის ტიტანი - გალაკტიონ ტაბიძე. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გთავაზობთ უკანასკნელ დღიურს :
“კომუნისტი“-ს თანამშრომელმა მიამბო: შემხვდა სტალინის შვილის ამხანაგი, სემინარიელი. სტალინიო, სთქვა, ახალგაზრდობაშივე ისეთი იყო, როგორიც არის ეხლა. ის სრულიადაც, იოტის ოდნავად არ შეცვლილა. მე მშვენიერად ვიცოდი რუსული ენა და ვასწავლიდი მას, ერთი წლის შემდეგ კი ის მასწავლიდა. ბერძნული ენის მასწავლებელს ეშინოდა მისი, რადგან მასწავლებელზე უკეთესად შეისწავლა ბერძნული ენა. ხმა არ ჰქონდა, მაგრამ მოკლე ხანში მოსწავლეთა ხოროს საუკეთესო მომღერალი იყო. მე ბლაღოჩინის შვილი ვიყავი და თავი დიდათ მომქონდა, ის იყო უბრალო მეწაღის შვილი, მაგრამ სულ მალე ყველანი ვგრძნობდით მის უპირატესობას. არ შეიძლებოდა, რომ რამე კარგი დაენახა ვისიმე და არ შეხარბებოდა. ერთი მოწაფე ლექსებსა სწერდა, მან შეჯიბრებით დაიწყო ლექსების წერა და ისე გაასწრო ამხანაგს, რომ ლექსებს გაზეთებშიც ბეჭდავდა. მეორე მოწაფე ღონიერი იყო. სტალინმა დაიწყო გირებით ვარჯიშობა და გაუსწრო ამხანაგს. მესამე განთქმული იყო კრივით. სტალინი ამ ხელობაშიაც გავარჯიშდა და ერთ მშვენიერ დღეს კარგადაც მიბეგვა ის მოკრივე. რას ერჩოდა? რა თქმა უნდა, არაფერს! მას მხოლოდ სურდა დაემტკიცებია, რომ არავის უფლება არა აქვს მის წინ იყოყოჩოს. მოსკოვს რომ თეთრები იღებდენ, სტალინი დიქტატორის უფლებით შემოსეს. მან განაცხადა: „მე დავიცავ წითელ მოსკოვს, ოღონდ ეს პეტუშოკი“ (ტროცკი) მომაშორეთ. ჩემს საქმეებში ნუ ჩაერევაო. უსათუოთ დიდი კაცია სტალინი“, 1958 წლის მარტში წერდა: თბილისიდან გამოვედით 17 მარტს. გზაში - ავად გახდა გოგი. გადავიდა მატარებლიდან ადლერში, სოხუმში გასამგზავრებლად. გზაში მეწყერმა შეგვიშალა ხელი. გავჩერდით ერთი დღე. ჩამოვედით მოსკოვში 21 მარტს. მოვეწყვეთ სასტუმრო „მოსკვა“-ში. დღესვე იწყება დეკადა. მოსკოვში, სადგურზე, შეგვხვდენ ამხანაგები (ჭილაია, ქვლივიძე). მე მომიტანეს ყვავილები. რა მშვენიერი თაიგულია, - მეუბნებოდნენ სადგურზე. საუცხოვო თაიგულია, - მითხრეს სასტუმრო მოსკვაში. მოსამსახურემ იშოვა ვაზა და ეხლა ეს თაიგული ამშვენებს ჩემს ოთახს - სასტუმროში. დიდი სამსახური გამიწია სადგურზე ჩემოდანის გადმოტანაში: მძიმე ჩემოდანია. შიგ წიგნები აწყვია. სასტუმროში კი მეათე სართული შემხვდა (სასტუმრო გადატვირთულია), ლიფტით, მაშასადამე. 1957 წელს საკუტარ დღიურში წერდა : სამგლეს და საძაღლეს მწერალთა სასახლეს ვერასდროს დაღლილი ვერ მიეყუდები... აქ არს მოდებული გაბოროტებული, ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები. * * * [იქნება ზეგამდის იმედი დეკადის, ძაღლისა და კატის] ძაღლების და კატის იმედად დეკადის, ხვალამდის, ზეგამდის იძვრიან კუტები. სულაქოთებული ქანაობს კრებული ეგრედ წოდებული ბერიას კუდები. 1953 წლის ერთ-ერთ დღიურში ვკითხულობთ : “ამხანაგებო! მე მინდა გესაუბროთ იმ ძალზე დავიწყებულ საგანზე, რომელსაც სახელად ჰქვია ლიტერატურული სინდისი. თქვენ კარგად იცით, [მე მინდა] რომ ჩემმიერ [ამ 45 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულია] თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაწერილია არა ასი, არა ორასი, არა ათასი, არამედ ათი ათასი ლექსი. [45 წელი] ჩემ მიერ არჩეული გზა თავიდანვე მხარდაჭერას პოულობდა ისეთი ტიტანების [მხრი] სახით, როგორიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მთელი ძველი გვარდია ჩემს მხარეზე [იდგა] დადგა. მე მამხნევებდა მათი ლიტერატურული სინდისი. სუფთა სინდისი სისპეტაკე და სიმკვეთრეა, სინიდისისთვის ცა ლურჯია, თოვლი თეთრია, უხსენებლობას სურდა, ბნელში რომ ჩაეთრია ყველა მწერლები, რომლებიც კი ჩვენ შეგვხვედრია!“ არანაკლებ საინტერესოა 1951 წლის დღიურები, მაგალითად : „გალაქტიონი რას იქს?“
1. იმას, რომ 14 დეკემბერს (ძვ. სტილით პირველს) დაანება თავი თამბაქოს წევას. 2. იმას, რომ დაამთავრა და 22 დეკემბერს მზადა აქვს ახალი პოემა. 3. იმას, რომ მალე შედარებით ჯანმრთელი გაეწერება სახლში. 4. იმას, რომ შეძლებისდაგვარად ეხმარება ბავშებს და ყველას. * პირველი თოვლი მოვიდა კვირას, 16 დეკემბერს. საინტერესო სანახავია დილდილობით დათოვლილი ბაღი. მთლად რუსული პეიზაჟია ნაძვებით, ფიჭვებით. 26 დეკემბერს კიდევ ჰყრია ჩვენს ბაღში თოვლი, მოსული 16 დეკემბერს“ 1950 წელი : „ვიტამინი [C] კ“ - ასე უწოდებენ მტვერს, რომელიც ძალის ძალათ და შეუმჩნევლად, მაგრამ დაჟინებით შემოდის კარებისა და ფანჯრების ჭუჭრუტანებში, მაგრამ რომელიც ქარბუქივით შემოიჭრება, თუ ეს კარები ან ფანჯრები შემთხვევით ღია დაგრჩათ. ეს მტვერი ვარდება თვალებში და აცრემლიანებს მათ, ეს მტვერი [შხამავს] ედება პირში ჩასადებ ყოველ ლუკმას და [მაშასად.] იშხამება ადამიანის ორგანიზმი. ასეთნაირ მტვერს აქვს თავისი ინდივიდუალური თავისებურებანი: მტვერი ხან აიწევს მაღლა გუფთა-გუფთად, როგორც სქელი, შავი და ბნელი ღრუბელი, ხან ნელნელა იშლება, [როგორც] უფორმო ნისლის მსგავსად - და ეფინება ძირს ბილიკებს მთელ იფნის ბაღში, ხან მოვარდება, როგორც შავი ზღვის ტალღა. საიდან ჩნდება იგი?“ “ცოტა მოგვიანებით დარბაზში შემოვიდა გრიშაშვილი. საღამო უკვე დაწყებული იყო. მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა, აუდიტორია უსმენდა. გრიშაშვილი შემოვიდა, უკეთ რომ ვსთქვათ, თითქო შემოიპარა და როდესაც პრეზიდიუმში დამინახა - მგონი, გული გაუსკდა. თითქო ზაფრა მოუვიდაო, ისე ჩაჯდა სადღაცა, მეხუთე რიგში, უგდებდა თითქო ყურს მომხსენებელს, მაგრამ სახეზე ფერი აღარ ედო: მე ვიყავი პრეზიდიუმში, და ის კი არა. მოდი და მოითმინე. რაღას გააწყობს: კიდევ უფრო ჩაიკუნტა თავის სკამში. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო მისი ტრაგედიის“. გალაკტიონი არასდროს არ ყოფილა თავმდაბალი, იყო მომთხოვნი, ამბიციური, ყოვლისშემძლე კალამთან და უძლური, როცა კი კალამს განეშორებოდა. უამრავი დრამის, გაჭირვების, სულიერი და მატერიალური კრიზისის შემდეგ არავის გაჰკვირვებია, რომ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, მაგრამ დღემდე თავს ვიმტვრევთ რატომ? .. პასუხი არ არის, არც ყოფილა და არც იქნება, რადგან შეუძლებელია გამოვიცნოთ, რატომ გადაწყვიტა გენიამ დაასრულოს... ალბათ, ბევრი ადამიანი არ დადის საქართველოში, ვისაც, სულ ცოტა, არ ეცნობა სტრიქონები : “ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით, მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! 180 2-ს მოსწონს
|