ბრინჯი — საუკეთესო გარნირი არის, ფაქტიურად ყველა სახის ბოსტნეულის კერძისთვის. ის 80 % რთული ნახშირწყლების და მინიმალური რაოდენობის მარილებისგან შედგება. მთავარი კი ის არის, რომ საერთოდ არ შეიცავს გლუტენს (ცილა-ალერგენი), რაც მას პოპულარულ პროდუქტად ხდის ბავშვებისთვის, გულის და თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და ყველასთვის, ვისაც სამკურნალო დიეტა აქვს დანიშნული.
ბრინჯის სხვადასხვა სახეობა არსებობს (გრძელმარცვლიანი, მრგვალი, საშუალომარცვლოვანი). დამუშავების ტექნოლოგიის მიხედვით — ველური, გაპრიალებული, ორთქლში გატარებული. ყველაზე სასარგებლო ველური ანუ გაუპრიალებელი ბრინჯი არის. თერმული დამუშავების შემდეგ, გაუპრიალებელი ბრინჯი ფორმასაც ინარჩუნებს და გარნირიც უფრო ფანტია გამოდის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ბრინჯი, რამდენჯერმე უფრო ძვირიც ღირს.
თუ გინდათ, რომ ნამდვილად გემრიელი გარნირი მოამზადოთ, ქვემოთ მოცემული რეცეპტი გამოიყენეთ:
ინგრედიენტები:
- * ბრინჯი – 1 ჭიქა
- * წყალი – 400 მლ.
- * კარაქი – 40 გრ.
- * მარილი – 1 ჩ. კ.
მომზადება:
- კარგად გარეცხეთ ბრინჯი: ღრმა თასში ჩაყარეთ და დაასხით დიდი რაოდენობით წყალი > ხელით მოურიეთ, წყალი რომ გათეთრდება, გადაწურეთ > ეს პროცესი მანამდე გაიმეორეთ, ვიდრე წყალი ფერს აღარ შეიცვლის და სრულიად გამჭვირვალე არ იქნება.
- დაასხით ბრინჯს ცივი წყალი > გადააფარეთ თასს ქაღალდის პირსახოცი და გააჩერეთ ასე მინიმუმ 2 საათი. შეგიძლიათ ბრინჯი ღამე ჩაალბოთ და მეორე დილით მოხარშოთ ან თუ ვახშმისთვის გინდათ გარნირად, დილით ჩაალბოთ და საღამოს მოხარშოთ.
- წყალი, რომელშიც ბრინჯი იყო დამბალი, გადაღვარეთ და ბრინჯი კიდევ ერთხელ გარეცხეთ > გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით რეცეპტში მითითებული რაოდენობის წყალი.
- მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და მაღალ ცეცხლზე ხარშეთ 3 წუთის მანძილზე > ამავე ეტაპზე, დაამატეთ მარილი და კარაქი > დაახურეთ ქვაბს სახურავი, გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 30 წუთი და ბრინჯი მზად იქნება.
ამ მეთოდით მოხარშული ბრინჯი შეგიძლიათ როგორც გარნირად, ისე რძიანი ფლავის საფუძვლად გამოიყენოთ.