სამოქალაქო ზემო ქედის #1 სკოლასა და ყოფილ მოსწავლეს შორის სასამართლო დავა დასრულდა 2017, 9 ნოემბერი, 13:09 სიღნაღის სასამართლომ დაასრულა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლასა და მოქალაქე ვასილ სუხაშვილს შორის დავის განხილვა. გაზეთ „შირაქის“ ინფორმაციით, სუხაშვილი სკოლისგან ატესტატის ხელახლა გაცემას და საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარებას მოითხოვდა. საქმე მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა განიხილა. მოპასუხე მხარედ სხდომაზე სკოლის ადმინისტრაცია იყო წარმოდგენილი. სასამართლო ზემო ქედის #1 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ნიკოლოზ წიკლაურს სთხოვდა წარმოედგინა ბრძანება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მითითებულ წელს სუხაშვილმა აღნიშნული სკოლა ნამდვილად დაამთავრა და მასზე საშუალო განათლების ატესტატი გაიცა. სკოლის იმჟამინდელმა დირექტორმა ნიკოლოზ წიკლაურმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მაშინ მოქმედი წესების თანახმად, თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალური ბრძანების გამოცემის აუცილებლობა არ არსებობდა, შესაბამისად ასეთი დოკუმენტი არქივში დაცული არ არის. თუმცა, დირექტორმა სასამართლოს წარუდგინა ატესტატის გაცემის ჟურნალი, სადაც მოსარჩელე პირის გვარი-სახელი და მისივე ხელმოწერაც ფიქსირდება და ის სწორედ 1985 წლითაა დათარიღებული. მოწმის სახით სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დაკითხა, მათ შორის მოსარჩელეს თანაკლასელები. ასევე დაიკითხა იმჟამინდელი სასწავლო ნაწილის გამგე, რომელთაც ასევე დაადასტურეს, რომ მითითებულ წლებში ამ სკოლაში სუხაშვილი ნამდვილად სწავლობდა და სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად ატესტატი მასაც გადაეცა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს სსიპ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლა წარმოადგენდა. სკოლის მოქმედი დირექტორი დავით სეთური გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოსარჩელე სუხაშვილი მისი თანაკლასელია, ამიტომ არქივში დაცული დოკუმენტების გარეშეც სასამართლოს წინაშე დასმული საკითხი მისთვის სადაო არ ყოფილა. „10 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ, ასეთი შემთხვევა ადრეც გვქონდა, როცა ატესტატის ხელახლა გაცემის მოთხოვნით სასამართლო განხილვა გაიმართა. ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ მოპასუხე მხარეს წარმოვადგენდი და მტკიცების ვალდებულება გვქონდა, მოსარჩელეს ბავშვობიდან კარგად ვიცნობ, რადგან ის ჩემი კლასელია. სკოლა ერთად დავამთავრეთ, ამდენად, პირდაპირი მოწმე ვარ იმ გარემოებებისა, რის აღიარებასაც სუხაშვილი სასამართლოს სთხოვდა. მართალია დაბრკოლება შეგვექმნა იმაში, რომ მაშინდელი დირექტორის ბრძანება ვერ წარვადგინეთ, რადგან მაშინ ასეთი ბრძანებები არ გამოიცემოდა, მაგრამ ყოფილი დირექტორი ცოცხალია, რომელიც ასევე მოწმედ იყო გამოძახებული. ამას გარდა, წარვადგინეთ იმ პერიოდის საკლასო ჟურნალები, რაც ადასტურებს მისი მოთხოვნის რეალურობას. ამას გარდა, ისევ არსებობს საკლასო ჟურნალები და ატესტატის გაცემის წიგნი, წარვადგინეთ სხვა მოწმეებიც და სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები, “ - აღნიშნავს დავით სეთური. როგორც „შირაქმა“ გაარკვია, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, სუხაშვილს ახალი ატესტატი კვლავაც არ მიუღია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემო ქედის საჯარო სკოლა მხოლოდ ცნობას გასცემს, ატესტატი კი სამინისტრომ უნდა გასცეს. მოსარჩელე მხარისთვის ატესტატის გაცემის გაჭიანურება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სიღნაღის სასამართლოდან პირველ ჯერზე გამოგზავნილ ინფორმაციაში უზუსტობა იქნა დაშვებული და პირის იდენტიფიცირება არასწორად მოხდა. ამჯერად სასამართლოს ეცნობა, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩასწორებული ინფორმაცია უკვე გაეგზავნა. მოსარჩელე სუხაშვილი ბოლო ხანს რუსთავში ცხოვრობს და სამხედრო სამსახურში მსახურობს. როგორც სოფელში ამბობენ, მან ამერიკის „მწვანე ბარათის“ გათამაშება მოიგო და დოკუმენტების შეგროვებისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ატესტატი დაკარგული ჰქონდა. 243 1-ს მოსწონს
|