x
image
Culture Express
ჯანსუღ ჩარკვიანის 5 საუკეთესო ლექსი
image 6 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმოყოფობის შედეგად 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ ჩარკვიანი.


ჯანსუღ ჩარკვიანი მრავალი არაჩვეულებრივი ლექსის ავტორია. გთავაზობთ მის მიერ დაწერილ 5 საუკეთესო ლექსს:


ლამაზი სიკვდილი


როცა დაიწყებს წყარო საუბარს,


მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,

შემოასკდება როცა ალუბალს

მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.



როცა კვირტები ატირდებიან,

როცა სიმღერას იტყვი სასურველს,

როცა ირმები დაფეთდებიან,

მზეს შეხედავენ, რქებზე ჩაწურვილს.



როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,

როცა მიწაზე მზე და დარი დგას,

ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს,

და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.



როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის,

საგვირილოდ და საენძელოდა,

ირემი ირემს ბალახს გაუწვდის,
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.



როცა ძეწნები ატირდებიან,

და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,

შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,

ავტირდები და ავხარხარდები.



მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები, გავსულდიდდები,

და ავენთები მამულს კელაპტრად.



დავდგები ცერზე, როგორც ავაზა.

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი.



საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი..

ირინოლა


ფაშიზმთან ომის დროს პოლონეთში დაღუპულ 15 წლის ირინე სხირტლაძეს.


მართლა მჯიღისხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე,

რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ ირინეს.


მიწა დასწვეს იმის ცოდვით, ზეცა გაახირიმეს,

ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.


გამოცხვება კვერი ობლის, გაუყუჩებს ტკივილებს,

ოღონდაც თქვით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.


მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გაოიცადა.

პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა,


აჯანყდა და მტერი ხოცა ბინად ჰქონდა სანგარი,

საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი...


პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩოთავთ გვირილებს,

ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე.


აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,

საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი.




ჰიმნი თავისუფლებას


მაგრად დაჰკარით, მაგრად დაჰკარით.

დადგეს ყიჟინის კორიანტელი.

რომ საქართველოს რწმენის აკვანი

კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.


მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი.

მტერ ავი თვალი დაენისლება,

ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა,

სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება.


თუ გამარკვება არის მიზანი

დაბადებული არ ვართ ლაჩრებად,

მამულისათვის, მამულისათვის

ძმებო სიკვდილი ან გამარჯვება!


მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის,

ტყვია მიზანში მოსახვედრია,

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია.


როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება,

თავისუფალი ხალხის ბუნება?!

თავისუფლება და აღტაცება

დაუცხრომლობით აღესრულება.


მამულისათვის, მამულისათვის,

ტყვია მიზანში მოსახვედრია,

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია.




განშორება


შენ ნუ გგონია

რამეს ვდარდობ,

რამეს მივტირი,

ნურც იმას ფიქრობ,

უზენაესს რამეს შევუთქვამ, -

მე მიჭირს

შენთან განშორება,

თორემ სიკვდილი?

სიკვდილი რაა -

სულის გაყრა

ცოდვილ სხეულთან.




ერთის პირობით


მწყურვალისათვის

მიმატანინე წყალი.

მევალისათვის

მიმატანინე ვალი.

გზააბნეულისთვის

მასწავლებინე გზები.

შეუწამლავი

შემაწამვლინე ზვრები.

მომაძებნინე

სხვაგან დამარხული ძმები.

ამ ჩემს მამულში

დამამარხვინე ძვლები.

მათქმევინე:

ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,

მერე წამოვალ,

წამოვალ საცა გინდა.




0
4773
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
4773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0