x
image
2ნანო ჯაიანი
მაიმასკო-ჩემი ფანჯრებიდან
imageდედაჩემი ავადაა.

ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს. სამედიცინო ტერმინებს ვერ ვიმახსოვრებ და რა

ჰქვია ზუსტად ვერ გეტყვი, ცოტა უცნაური და გრძელი სახელი აქვს, შენი სახელისგან განსხვავებით ჰარი.

სიცხეს შუბლზე ტუჩებით ვუზომავ . როცა ვხვდები, რომ მხოლოდ ასეთ დროს ვკოცნი დედაჩემს, ყელში ბურთი მეჩხირება და ქუჩაში გავრბივარ.


დედაჩემს არ მოსწონს, როცა ვტირი ...

ბოლო დროს ვსუნთქავ ღრმად. უფრო გახშირებული სუნთქვით, უფრო ხმამაღლა, ვიდრე შენ.

მიკეთია აირწინაღი, იმიტომ არა, რომ ეს ჩემი მეორე მსოფლიო ომიდან

მოყოლებული ძველი ჩვევაა...

დღეს მე გაზით არავინ მგუდავს, უბრალოდ ჰაერში ზოგიერთი ადამიანის ამონასუნთქის ჩემს ფილტვებში ჩაშვების პერსპექტივა არ მხიბლავს.

ვიწამლები. ვიწამლები შეშინებულებით, მოტყუებულებით და ტვინგამორეცხილებით.

პოტენციური მეძავეებით და უპოტენციო მამრებით.

სულელი ფემინისტებით და ფანატიკოსი თვითმკვლელებით ... ვიწამლები კეთილსინდისიერებით უსინდისობაში...

ჩემი სახლის ყვითელ კედლებში სარკის წინ შიშველი ვდგავარ, როგორც აუქციონზე გაყიდული იაფფასიანი ხელოვნების ნიმუში და ვხვდები, რომ საკუთარმა სხეულმაც ბევრჯერ მიღალატა .

იმიტომ, რომ თავი მარტო არ მეგრძნო გამოვიგონე სექსუალური უშუალობა და შენც გაიძულე გერწმუნა მისი აუცილებლობა. გერწმუნა, რომ არაფერია

აკრძალული, რაც კანონში არ წერია და შენც დაიჯერე ...

მე ბიოლოგიური ტერორისტი ვარ ჰარი. ვყლაპავ ჰალუცინატორებს და ვიღებ ბილეთს ერთი მიმართულებით ...

მე და შენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ჩემი ფანჯრებიდან შენი ფანჯრები ჩანს და ასე ყოველდღე

გიყურებ და პირში ორი თითის ჩაყოფა არ მჭირდება, გულს ვირევ სიმეტრიული ცხოვრების მქონე მეზობლის, სიმეტრიულად გაფენილ სარეცხზე...

ჩემს და შენს ყოველდღიურობაზე. მერე ვჯდები და ვწერ ...

"ჩემო ძვირფასო ჰარი " ვიწყებ ასე, მერე სიტყვებს დიდი მნიშნელობა არ აქვს ... ვწერ ერთსა და იმავეს სხვადასხა დროს.

ვწერ ნამდვილ ადამიანებზე, ანუ მათ ენაზე, ლუოლავეტრანებზე, რომლებსაც ხანდახან ვხვდები აბის მიღების მერე, როცა შენს ფანჯარაში სინათლე არ ჩანს და ჩემი ფანჯრიდან დაზეპირებული ხედის ყურებას ალიასკის დათოვლილი პეიზაჟის ყურება მირჩევნია .

იქ სადაც დედამიწა მთავრდება მე სხვა ესკიმოსებთან ერთად ვცხოვრობ და სახელად ტალუს მეძახიან, მიყვარს ესკიმოსი ბიჭი, კანუ, რომელიც არასდროს მინახავს და ჭრელ ქუდებს ვუქსოვ, ვოცნებობ მყავდეს ბევრი შვილი და არქტიკის სუსხიან ზაფხულში სანადიროდ წასულ ჩემ ქმარს, სახლში ველოდებოდე.

"ტალუმ თბილლად ჩაიცვა და გარეთ გავიდა . სახლის წინ დაყრილ, გაფშეკილ ციგებს თოვლი გადააცალა, საცურაო ზოლებს ყინული გადააფხიკა და დედაბერის ძაღლები ციგაში შეაბა ...

მიქროდა ტალუ და გათოშლი ხელებით ციგას მაგრად ჩაბღაუჭებოდა.

მიქროდა და ტიროდა ტალუ .

ასე მთავრდებოდა იუპიკური ზღაპარი, რომელსაც მამა მიყვებოდა ძლის წინ და მეც ტალუსთან ერთად ვტიროდი . ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი ვნახავდი მარადიულ ალიასკას ...

ფსიქოპატკა !!!

ჩემი მეზობელი კარებზე მიკაკუნებს და დაჭრილივით ღრიალებს, ეს ის მეზობელია, სიმეტრიული ცხოვრებით რომ ცხოვრობს, სარეცხსაც რომ სიმეტრიულად ფენს, ოთხ წელიწადში რომ არჩევნებზე, ორ თვეში ერთხელ ლიფტის ფულზე და ყოველდღე, რომ ჩემთან დადის.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს სანატრელო პაციენტო, გაგასახლებ ! საჩვარს დავწერ, ყველა მეზობელს ხელს მოვაწერიენ და იქ ამოგალპობ - ღრიალი არ ჩერდება ერთი მეზობლის ხმას მეორე მოყვება, მეორეს მესამე და სადარბაზოში აქცია ეწყობა ჩემი გულზიდვის წინააღმდეგ . კარს მშვიდი სახით ვაღებ და მეზობლის აყროლებული სარეცხი პირდაპირ სახეში მხვდება .

სიტუაციას გვერდულად ვუყურებ და ისტერიული სიცილი მივარდება.

ჩემს მეზობელს ჩემ შემხედვარე გაოცებისაგან თვალები ღილებივით უხდება და დღესაც ისე ვეცოდები, რგორც გუშინ.

მეც თავისებურად მეცოდება ის, როცა მისი გასიებული და აყროლებული ქმარი მახსენდება და ვფიქრობ, რამდენი ჰალუცინატორი უნდა დამელია.

ჩემს თავს ამ ფიქრზე რომ ვიჭერ, სიცილისაგან მუცელი მტკივდება, გულღებინება მეწყება და მეზობელს, რომელსაც 5 წუთის წინ დაჭრილი ლომივით ღრიალებდა ახლა კი ჩემს სიცილს თახვის გამომეტყველებით უყურებს, ცხვირწინ კარებს ვუჯახუნებ და ფანჯარასთან მივდივარ...

იქნებ დაგინახო ...

გელოდები და ვიწყებ ჩემ ქუჩაზე გავლილი მანქანების და შენს სახლამდე ნაბიჯების თვლას .ასე დრო მალე გადის ...

შენს სიჩუმეს ყოველთვიის აქვს გამართლება .

იცი შენს სახლამდე 63 ნაბიჯია

სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა დღეს . გიგზავნი ფოტოს, სადაც აირწინაღი მიკეთია . უკან ყოველგვარი მინაწერის გარეშე (ამ ქალაქში ისედაც ბევრი რამ არის ზედმეტი )

ჩემო ძვირფასო ჰარი გავიქცეთ იქ სადაც დედამიწა მთავრდება, სადაც ცა ყველაზე ახლოსაა და აირწინაღები არასდროს დაგვჭირდება.

იქ, სადაც ბევრ, ალიასკის მარადიული თოვლივით თეთრ შვილს გაგიჩენ და ყველას "ნამდვილ ადამიანს " დავარქმევთ .

მე მოვქსოვ თბილ ქუდებს და შენ, ნადრობიდან დაბრუნებული, მოუყვები მათ იუპუკურ ზღაპარს ესკიმოს გოგონა ტალუზე .

იყო ქარიანი დღე მე არ მეხურა ქუდი და დავეხეტებოდი ქვეყნად ... ტიუნ, ტიუნ ... და როცა სიტყვებს შორის პაუზები გაიზრდება ... ჩაგვეძნება .

გავიქცეთ აქედან ჰარი, როცა დედა გამოჯამრთელდება.

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:2ნანო ჯაიანი
2ნანო ჯაიანი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0