სხვა საიდუმლო, რომელსაც ფარდა 75 წლის შემდეგ აეხადა 2017, 6 ნოემბერი, 13:58 შვეიცარიელი მონიკა დიუმულენი მშობლებს ბოლოს 1942 წლის 15 აგვისტოს ესაუბრა. მაშინ ის მხოლოდ 11 წლის იყო. მარსელი და ემილია შვილს დაემშვიდობნენ და ძროხების მოსაწველად, ზემო საძოვრებზე წავიდნენ. დედ-მამამ მას უთხრეს, რომ საღამოსთვის დაბრუნდებოდნენ. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ძალიან დაიღლებოდნენ, მეორე დღეს – დილით. თუმცა, იმ დღის შემდეგ, ისინი არავის უნახავს. 75 წლის მანძილზე, გამქრალი მშობლების საიდუმლო ტანჯავდა მონიკას და მის და ძმას!
40 წლის მარსელ დიუმულენი მეწაღე იყო. ხოლო მისი მეუღლე, 37 წლის ემილია სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. სოფელში ორივე უყვარდათ და პატივს სცემდნენ. მათი 7 შვილიდან, ყველაზე უფროსი მონიკა იყო და სწორედ მან ატეხა განგაში, როდესაც მიხვდა, რომ მშობლები აღარ დაბრუნდებოდნენ. ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარმა მაშინვე შეკრიბა ხალხი და თავად ჩაუდგა სათავეში სამძებრო სამუშაოებს. მის დასახმარებლად მთელი სოფელი გამოვიდა, მაგრამ დიუმულენების კვალს ვერ მიაგნეს. ისინი მხოლოდ 75 წლის შემდეგ იპოვეს… იმ სოფლის მახლობლად, სადაც დაკარგული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, პოლიციამ ორი გვამი აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, ათწლეულების მანძილზე, მიცვალებულები მთა ლე-დიაბლერეს მყინვარის სიღრმეში იწვნენ და ამ დროის მანძილზე, ნამდვილ მუმიებად იქცნენ.
მთის სიახლოვეს მდებარე სათხილამურო კურორტის თანამშრომლებმა, როდესაც ისინი ნახეს, თქვეს რომ, სავარაუდოდ, ძალიან დიდი ხნის წინ, მყინვარის ნაპრალში ჩაცვივდნენ. ხოლო, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დიუმულენების საიდუმლო გახსნილი იყო! პოლიციამ ამ აღმოჩენის შესახებ, მათ შვილებს შეატყობინეს. გვამების ამოცნობა არ გაჭირვებიათ, რადგან კარგად იყო შენახული როგორც სამოსი, ისე პირადი ნივთები. გარდა ამისა, მათ საბუთებიც ჰქონდათ და გენეტიკური ანალიზიც ჩაატარეს, როგორც ამას მსგავს შემთხვევებში აკეთებენ.
მონიკა და მისი უმცროსი და მარსელინა, ახალმა ამბავმა აატირა. უკვე მოხუცმა ქალბატონებმა განაცხადეს, რომ მათ გულზე მოეშვათ, რადგან ახლა ისინი მშობლების ღირსეულად დაკრძალვას შეძლებდნენ. მშობლების გაქრობის შემდეგ, პირველი 2-3 კვირის მანძილზე, ბავშვები სახლში ცხოვრობდნენ. მათზე მზრუნველობა საკუთარ თავზე მონიკამ აიღო. რაც 11 წლის ბავშვისთვის ადვილი ნამდვილად არ იყო!
შემდეგ — ყველაფერი უფრო გართულდა. როდესაც ცხადი გახდა, რომ მშობლები აღარ დაბრუნდებოდნენ, მათი სახლი დაკეტეს. ხოლო, ობლად დარჩენილი ბავშვები, სოფლის მღვდელმა სხვადასხვა ოჯახებში გადაანაწილა.
როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, მშობლების ძებნა გააგრძელეს. მაგრამ, ყოველი წლის 15 აგვისტოს მთაზე ადიოდნენ და მშობლებისთვის ლოცულობდნენ. დღეს კი, მონიკა და მარსელინა ამბობენ, რომ მათმა სულებმა როგორც იქნა დაისვენეს. დაკრძალვაზე, მოხუცმა ქალბატონებმა, შავების ნაცვლად, თეთრი კაბები ჩაიცვეს. როგორც თავად აღნიშნეს, ეს ფერი იმედის სიმბოლო არის, რომელიც მათ სულში, მთელი ამ წლების მანძილზე ცოცხლობდა და ერთადერთი იმაზე სწყდებათ გული, რომ ამ დღეს მათი ძმები ვერ მოესწრნენ ...
2845 14-ს მოსწონს
|