x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
ილიას მარანი მაჭახელის ხეობაში
image


ორად გაყოფილი მაჭახელი (ზედა მაჭახელი ახლა თურქეთის შემადგენლობაშია) ტურისტებისათვის საოცნებო ადგილია. აქ არის ჩანჩქერები და თაღოვანი ხიდები, ძველი ციხესიმაგრეები და მუზეუმი, საოჯახო სასტუმროები. დაცული ტერიტორიები (ზედა მაჭახელში ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი, ქართულ მხარეს მაჭახელას ეროვნული პარკი.)


ხეობაზე გადიოდა სავაჭრო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა. ხეობა ცნობილი იყო საბრძოლო და საყოფაცხოვრებო იარაღის წარმოებით, მეფუტკრეობით, ღვინის წარმოებით. ამაზე მეტყველებს ქვიტკირის საწნახელები და მარნები, გურული ჭურები და ანატოლიური პითოსები. აჭარაში ორმოცზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ყურძენია შემონახული. ღვინის წარმოებას თავისი დაღი დაასვა ოსმალთა ბატონობამ და სარწმუნოების შეცვლამ.


ბოლო დროს მეღვინეობა საკმაოდ განვითარდა ქედის რაიონში, სადაც საოჯახო მარნებში სტუმრობისას საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოს დააგემოვნებთ. მეღვინეობის აღორძინება შესაძლებელია მაჭახელშიც, განსაკუთრებით ხეობის მზიან ფერდობებზე.




image



ამ საქმის პიონერი შეიძლება გახდეს ჩიქუნეთელი ამირან მალაყმაძე. რომლის ეზოში ძველი, სავარაუდოდ მეათე საუკუნის ტყუპი მარანია, რომელიც ძლიან ჰგავს სხალთის მონასტრის მარანს. ასეთი ძველი მარნები კახეთშიც კი არ არის, ალავერდის მონასტრის მარანი მეთერთმეტე საუკუნისაა.


მის ეზოში ახლაც არის მიწით ამოვსებული ქვევრები. „ ერთის ამოღება ვცადე, მაგრამ სამწუხაროდ დამემტვრა. სხვებს ჯერჯერობით ხელს არ ვკიდებ - გვიამბობს ამირანი -მამაჩემი ილია ცნობილი მეღვინე იყო, ყოველ წელს 2-3 ტონა ღვინოს აყენებდა, გაშენებული გვაქვს ჩხავერი, ცხენისძუძუ, საფერავი, ცოლიკოური. “


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და GEF მხარდაჭერით საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ დიდი დახმარება გაუწია მას ამ საქმეში. კეთილმოეწყო ეზო, გაკეთდა სადეგუსტაციო კუთხე. „დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი ნატალია ბახტაძე ენგლანდერისა (ეკოტურიზმის ასოციაცია) და ბატონი ირაკლი გორაძისა (UNDP / GEF აჭარის დაცული ტერიტორიების პროექტის მენეჯერი), ჩამოსული იყო ღვინის ექსპერტი გიორგი ბარისაშვილიც.


ჩაგვიტარდა ტრენინგები ბიზნესთან დაკავშირებით, ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით, მეღვინეობაზე. მინდა ქედაში რომელიმე საოჯახო მარანს ვეწვიო გამოცდილების მისაღებად. “



image

ტუროპერატორთა წარმომადგენლები სტუმრად ილიას მარანში


ამირანმა საოჯახო მარანს მამის საპატივცემულოდ ილიას მარანი დაარქვა, მის ვაჟსაც ილია ჰქვია.

ამირანი სტუმრებს ღვინის და ჭაჭის დეგუსტაციას სთავაზობს აჭარულ კერძებთან ერთად.


image


რთველი უკვე ჰქონდა. მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. გაზაფხულისთვის ბატონი ირაკლი ილიას მარანს ას ძირ საწურის (შავი აჭარული ყურძნის ჯიში) ნერგს გადასცემს.



image

წარმატებები ვუსურვოთ ბატონ ამირანს!

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0