მუსიკა გივი თუშიშვილი - ვირტუოზი გიტარისტის ცხოვრებისა და შემოქმედების გზები 2017, 1 ნოემბერი, 12:30 გივი თუშიშვილი ვირტუოზი გიტარისტი გახლდათ. მან ძალიან ბევრი გააკეთა ქართული გიტარის პოპულარიზაციისთვის. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც გამოსცა წიგნი გიტარის ისტორიაზე, არის მრავალი გიტარის სახელმძღვანელოს ავტორი, როგორც ამბობენ ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაინტერესდა გიტარით და თანაც ისე, რომ ძალიან მალე თავისი დროის ერთ-ერთი პირველი კლასიკოსი გიტარისტი გახდა.. როგორც იტყვიან, ის მრავალი მუზის მსახური იყო, მეცნიერი, ორი აკადემიის ნამდვილი წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გამომგონებელი, პუბლიცისტი პოეტი და რაღა თქმა უნდა უპირველესად მუსიკოსი. ყველა ამ ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმეს დიდი სიყვარულითა და გულისხმიერებით აკეთებდა. მის უსაყვარლესს გიტარას გივი თუშიშვილმა ლექსიც კი მიუძღვნა: გულში ისარი ვინ გაგიტარა, საოცრად თბილო, დაფნისგან ქმნილო, სათუთად თლილო ჩემო გიტარა! ვინ მოგაპკურა ცრემლი ურიცხვი, ტრფობის ისარი ვინ გაგიტარა, ქართული სუფლის დასამშვენებლად, მუდამ გემღეროს, ჩემო გიტარა. გივი თუშიშვილი რომანსების გამუნეორებელ შემსრულებელთან, ცინუკი დადიანთან ერთად, რომელსაც აკომპანიმენტს ხშირად უწევდა. გივი თუშიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც, მას აღზრდილი ჰყავს არაერთი ცნობილი გიტარისტი, როგორც ამბობენ საოცარი იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა და როდესაც სავიზიტო ბარათი დაიმზადა, როგორც გიტარის პედაგოგის, ზედ ეს მხიარული ლექსი დაიწერა, ორიათასიან წლებში, როდესაც სწორედ ასე ცხოვრობდა მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. თმა - შევერცხლილი, ჯიბე - შეკვეცილი, ბიუჯეტ-სეკვესტრილი, ხელფას-გაყინული, დაჩა-გაყიდული, ანაბარ-დაყაჩაღებული, რაც დარჩა - გაპარტახებული, გიტარიკოს - ღვინიკოსი, ხინკლიკოს - პივიკოსი, ლირიკოს - კრიტიკოსი. სატირიკოს - შაყიორიკოსი. საქართველოს ეროვნულ და განათლების მეცნიერებათა აკადემიების უკაპეიკო და უსკამეიკო აკადემიკოსი. გივი თუშიშვილი აკომპანიმენტს უწევდა თამარ იშხნელს, მოგვიანებით მან წიგნიც კი დაწერა იშხნელებზე " მთვარის ჩრდილში". არსებობს ასეთი საინტერესო ისტორიაც, როდესაც გივი თუშიშვილი მასალის მოზამზადებლად პირველად მისულა თამარ იშხნელთან, მასპინძელს იგი სუფრასთან მოუწვევია, დროგამოშვებით ღიღინებდა კიდეც, გიტარაზე გივი თუშიშვილს სხვადასხვა ვარიაციები შეუსრულებია, თამარ იშხნელს უთქვამს სიმღერაში ამყევიო, ბატონ გივის კი უთქვამს: "ქალბატონო თამარ, რას ამბობთ, თქვენთან ერთად როგორ ვიმღერებო? თამარ იშნხნელს კი მიუგია: " როგორ გენაცვალე, ჩემთან ვანო სარაჯიშვილი არ თაკილობდა სიმღერას და შენ არ კადრულობო? " ეს ისტორია მოგვიყვა გივი თუშიშვილის დამ, ქალბატონმა დალი თუშიშვილმა. ფოტოზე გივი თუშიშვილი და თამარ იშხნელი: ფოტოზე გივი თუშიშვილი დასთან, დალი თუშიშვილთან ერთად: დღეს გივი თუშიშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული გიტარის პოპულარიზაციისთვის, კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ის ტრაგიკულად გარდაიცვალა.. მაშინაც კი მას ხელში კალამი ეკავა და ლექსს სწერდა, მან მხოლოდ 3 სტროფის დაწერა მოასწრო. 123 1-ს მოსწონს
|