x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მეც მეხებოდნენ და ძალადობდნენ"-პოეტი ლიკა ლიქოკელი მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდა


image

პოეტი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიას #მეც #METOO-ს ეხმაურება, რომელიც ქალების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას შეეხება და საკუთარ რამდენიმე ისტორიას ჰყვება სოციალური ქსელით, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იწყება:


მგონი ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ვიტყვი, რომ #მეც #METOO ძალიან ვრცლად გამომივიდა, და შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, მთავარია, რომ მეც აქ ვარ, მეც ქალი ვარ, და მეც მეხებოდნენ და ძალადობდნენ, და ეს საერთოდ არ არის სასაცილო.

გვიანი შემოდგომაა, მზიანი დღის ბოლო სკოლაში. მარტო ვარ კლასში, და ორი ჩემი კლასელი ბიჭი შემოდის და ოთახის კარს კეტავენ შიგნიდან. მიკვირს. რაღაც სხვანაირად შემოვიდნენ, კარი ჩაკეტეს და თავზე დამადგნენ. ერთი ამბობს: "კურტკები მაინც გავიხადოთ, სხვას თუ არაფერს იხდით". და იხდის ქურთუკს. რაღაც ხდება, ასე რატომ მელაპარაკებიან. ვზივარ. ადექი, მეუბნებიან. არ ავდგები, ვამბობ მე. ძალიან მიახლოვდებიან, ძალიან. ვზივარ. მეორემ მუხლები გამაწევინა, დავიძაგრე, მთელი ძალით შევეწინააღმდეგე, მაგრამ მომერია, ძალით გამაშლევინა ფეხები და მუხლებსშორის ჩამიდგა. ძალიან ახლოს, ძალიან. მეხებიან. და მელაპარაკებიან. ცუდად. ღმერთო, რა ცუდად. არ მახსოვს, რა სიტყვებით, ჩემმა ტვინმა არ დაიმახსოვრა. უბრალოდ, საზიზღრობებს მელაპარაკებიან და მეხებიან. მე ვიმეორებ: კარი გააღეთ. კარი გააღეთ. კართან ბავშვები მოგროვდნენ და ღრიჭოდან იჭვრიტებიან. ჯერ მრცხვენოდა, ახლა უკვე მეშინია. გარეთ მინდა გასვლა. იქნებ ვინმემ კარი გააღოს. მეტი არაფერი არ მინდა. ხმას არ ამოვიღებ.
კარი გააღეს. ბოლოსდაბოლოს რომელიღაც მასწავლებელი მოადგა და იძულებულები გახდნენ, გაეღოთ. რა მოხდა? კითხულობენ. არაფერი, ვამბობ მე. არაფერი, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
და მე ამაზე არასოდეს ვილაპარაკებ. არც სახლში, არც ბავშვებთან. მე ამას ვივიწყებ. უბრალოდ, მეზიზღება, და - მეზიზღება ჩემი თავი ამ ამბავში - ეს მნიშვნელოვანია, ამიტომაც უნდა დავივიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამავიწყდება. და ჩვეულებრივად ვაგრძელებ მათთან ერთად ცხოვრებას. სკოლაში სიარულს. სიცილს. ისინიც ასე, ვითომ არაფერი მომხდარა.
ჰო, მგონი ეს იყო პირველი. იყო სხვებიც იქვე, და მერე - უკვე ქალაქში - ვინ მოთვლის. პირველი აქაურიც მახსოვს: ჯერ კიდევ ბავშვს, დაბალი, შუახნის მელოტი კაცი მომყვება მეტროდან, გვიან საღამოს, და ცდილობს სადღაც წამათრიოს. იმიტომ რომ გავუღიმე. მეტროში, ვაგონში, შემთხვევით (?) რომ დავეჯახეთ ერთმანეთს და მოვუბოდიშე და გავუღიმე. მე ჯერ არ ვიცი, რომ არასოდეს, არასოდეს არ უნდა გავუღიმო ასე კაცებს, და არ შევხედო თვალებში. ამის შემდეგ მეცოდინება. ახლა გავიქცევი. თავქუდმოგლეჯილი. და ამის შემდეგ აღარავის შევხედავ.


თუმცა მაინც მეხებოდნენ ტრანსპორტშიც და მაინც მომყვებოდნენ ქუჩაში, თუ შემომიღამდებოდა. მახსოვს, როგორ შევვარდი გზად აფთიაქში და უნებურად პირდაპირ დახლს მიღმა გადავძვერი სრულიად გონდაკარგული და იქ ქალებმა დამამშვიდებლები დამალევინეს მას შემდეგ, რაც ორმა ბიჭმა დამიჭირა ქუჩაში და გაბორკილი მათრია ნახევარი ქუჩა. თან მკოცნიდნენ. მლოშნიდნენ - მაშინ ვიგრძენი ეს სიტყვა. როგორღაც დავუსხლტი, აღარ მახსოვს, და ის აფთიაქი იყო იქვე.
ისიც მახსოვს, უკვე გვიან, გაზრდილს და აღარ მშიშარას, როგორ მისრისა ძუძუები ერთმა კვლავაც შუახნის, აყუდებულმა კაცმა, ფრიად სოლიდურად რომ გამოიყურებოდა, დამიჭირა ქუჩაში, ხალხმრავლობაში, ვიწრო გასასვლელში მიმიმწყვდია და მიზელდა მკერდს მშვიდად, და მე ხმა ვერ ამოვიღე, და მარტო იმას ვფიქრობდი, რომ ლიფი არ მაცვია და ალბათ ამ ჯემპრის მიღმაც ჩანს რომ არ მაცვია და ეს გამომწვევია და უნდა ჩამეცვა ლიფი, ჩემი ბრალია, ამიტომაც მოიქცა ასე.
ღმერთო, რამდენჯერ მიფიქრია, რომ ჩემი ბრალია.
და არა მხოლოდ ასეთ ამბებში, ყოველთვის, უკვე მერე, სხვა კაცებთან, ჩემს კაცებთან, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალია, თუ რამე ისე არ არის. მე ვიწვევ. მე ვარ ცუდი, საზიზღარი, ნაკლული, და მოსახმარი - მე ამას ვიმსახურებ.

ერთმა კაცმა მითხრა წინაზე, რომ სექსისტი ვარ. და რომ "მუჟიკები" მომწონს, უხეში მაჩოები, ასეთები მიზიდავენ, და რომ ეს არასწორია. თქვა ისიც, რომ ასე შეუძლებელია კომუნიკაცია კაცებსა და ქალებს შორის. არაფერი მითქვამს. გავიცინე. და გავიფიქრე, რომ ეს არის საშინელი ცინიზმი, ჩემთვის ამის თქმა, ამ კულტურაში ქალისთვის ამის თქმა. ეს არის ცინიზმი და გაუგონარი სისასტიკე. გვიან მომაფიქრდა პასუხი, მაგრამ ეს პასუხი არ არის ადვილი. ჰო, მე "მესმის" მოძალადე კაცების. იმიტომ, რომ მგონი მარტო ასეთები მინახავს. მე არ ვყოფილვარ თანასწორი. მე ვიცი, როგორია იყო ნივთი. მე ვიცი, როგორ ვიყო ჩუმად. ეს მასწავლეს მე. მე ვიცი, როგორ მეშინოდეს. და ვიცი, რომ შეუძლებელია კომუნიკაცია მოძალადესთან. იქნებ ამიტომაც ვირჩევ ასეთებს - ჩემთვის გასაგებია ურთიერთობა ურთიერთობის გარეშე. კომუნიკაციის გარეშე. მაინც ვერაფერს გავაგებინებ. ისინი ყოველთვის იტყვიან: "რა გინდა? რას მოითხოვ? აბა სად დაიჩაგრე? აბა რაში შეგეშალა ხელი?" არაფერში. უბრალოდ, დავმახინჯდი. ავადმყოფი ვარ. და როცა ასეთ ამბებს მოვყვებით, მაშინაც არ დაიზარებენ: "რავიცი, მე ძალიანაც მომეწონება ვინმე ნაშა მეხახუნოს მეტროში და ძუძუები მიზილოს". ამიტომაც მინდა ხოლმე, თავი დამანებონ. მაინც ვერ გავაგებინებ. იყოს ისე, როგორც უნდათ, ბოლოსდაბოლოს, ხომ მოსწყინდებათ, ხომ გამიშვებენ ხელს, ხომ გააღებენ იმ კარს, ხომ გავლენ ჩემიდან, და ხომ დავრჩები ისევ ამ ჩემს უსახურ მზეში, ზამთრისპირზე რომ იცის, ისეთ მზეში.
ასე ინგრევა ყველაფრი, ასე ხდება ცუდად ყოფნა და ბედნიერების ვერშეგრძნება ნორმალური ცხოვრებაში. მერე ისევ ჩვენ გვადანაშაულებენ - რატომ ხართ მახინჯები, რატომ ხართ ავადმყოფები. ძალადობა კლავს და ამახინჯებს, როგორ უნდა გადარჩეს მშვენიერება იქ, სადაც ერთადერთი ენა მოძალადისა და მსხვერპლის ენაა. როგორ უნდა შევძლო ნამდვილი ლაპარაკი, თუ არავინ მომისმენს და ვერავის გავაგებინებ.
და თუ ვინმეს მოყოლილი ისტორიები საკმარისად მძაფრი არ ეჩვენება, თუ სასაცილო ეჩვენება, შემიძლია, დაწვრილებით მოვუყვე მთელ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ არა იმიტომ, რომ გული ავუჩუყო - ჩვენ, აი აქ, ამ დროში და ამ სივრცეში მყოფ ქალებს, ეს არაფერში გვჭრდება. უბრალოდ, გვინდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ბოლოსდაბოლოს, განვიკურნოთ, გამოვჯანმრთელდეთ ყველანი - თითო ადამიანი და მთელი ადამიანობა, კაცობრიობა.

image


2
221
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
2017, 21 ოქტომბერი, 21:06
კი ვნახე ნინო......ორიოდე დღის წინ..კი მაგრამ ცოტა გამაღეზიანებლად წერს თუ დააკვირდი..და ეტყობა ვიღაცეები აგრესია იმიტომ გამოიწვია(თუმცა გეთანხმები,რომ სხვა იგივე თემაზე მინახია საკმაოდ გულისტკივილით დაწერილი ამბავი ..იქაც ცინიზმი და დაცინვაააა..,,საზიზღარი გულისმარევი,მაგრამ მე ახლა ლიქოკელზე მაქვს საუბარი კონკრეტულად.....აბა ერთ მონაკვეთს მოგიყვან:"ისიც მახსოვს, უკვე გვიან, გაზრდილს და აღარ მშიშარას, როგორ მისრისა ძუძუები ერთმა კვლავაც შუახნის, აყუდებულმა კაცმა, ფრიად სოლიდურად რომ გამოიყურებოდა, დამიჭირა ქუჩაში, ხალხმრავლობაში, ვიწრო გასასვლელში მიმიმწყვდია და მიზელდა მკერდს მშვიდად, და მე ხმა ვერ ამოვიღე, და მარტო იმას ვფიქრობდი, რომ ლიფი არ მაცვია და ალბათ ამ ჯემპრის მიღმაც ჩანს რომ არ მაცვია და ეს გამომწვევია და უნდა ჩამეცვა ლიფი, ჩემი ბრალია, ამიტომაც მოიქცა ასე.
ღმერთო, რამდენჯერ მიფიქრია, რომ ჩემი ბრალია. ".......რა კომენტარს გააკეთებდი ამის წაკითხივ შემდეგ? და რა შთაბეჭდილება დაგრჩება?
2017, 21 ოქტომბერი, 18:20
ნახე, კომენტარები, ფბ-ზე ,ბაქარ, ისევ ქალია ყველაფერი ისევ ამას ამტყუნებენ , ისევ მუწდებენ , გაჩუმდეს
0 1 2