საქართველო არჩევნები 2017,ანუ, ,, იყო და არა იყო რა" 2017, 19 ოქტომბერი, 13:56 საქართველოში ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის ვნებათაღელვის საგანი ხდება. ამ დროს თავს თითოეული ამომრჩეველი სამოთხეში იგრძნობდა ისეთი კეთილი, მზრუნველი, მშრომელი, შეუპოვარი, ხალხისათვის თავგადადებული კანდიდატები გვევლინებიან საარჩევნო სიებში.შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ზღაპრის გმირები გადმოვიდნენ რეალურ ცხოვრებაში.რომ არა წინა წლების მწარე გამოცდილება, ხალხი საგონებელში ჩავარდებოდა, რომელი ავირჩიო, ყველა კარგია და კარგზე კარგი რომელიაო?! ახლა კი რა რეალობა გვაქვს?– ამომრჩეველთა უმრავლესობა უიმედოდ უყურებს ნებისმიერ არჩევნებს და აღარც კი აქვს მათში მონაწილეობის მიღების სურვილი, იმას კი არ ფიქრობს, “კარგზე კარგი რომელია", არამედ იმას, რომ ცუდებს შორის უარესი არ ავირჩიოო.საფიქრალი ის კი აღარაა, ვინ რას გააკეთებს სასიკეთოს, არამედ ის, თუ რომელი უფრო ნაკლებად დაგვაზარალებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქვეყანა ორადაა გაყოფილი: პირველი, ვისაც უიმედობის გამო საერთოდ აღარ აინტერესებს პოლიტიკა და მეორე, ვინც თავადაა პოლიტიკაში.უკანასკნელთა რიცხვი კი იმდენად მომრავლდა, რომ, ვფიქრობ, თითქმის გათანაბრებულია უპარტიო ამომრჩეველთან. რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს: თითქმის ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამა შეიცავს ზღაპრის ელემენტებს, გვპირდებიან იმას, რაც მათი არჩევის შემთხვევაში საერთოდ არ შევა მათ პრეროგატივაში.პირდებიან სხვადასხვა სოციალურ ფენას ისეთი რაოდენობის ფიანანსურ დახმარება-მატებას, რაც რეალურად განუხორციელებელია, თუ შესაბამისი ფინანსები სათანადო პროექტებით არ იქნა მოძიებული, რაზედაც სულაც არაა საუბარი. ამჟამად სახეზე გვაქვს ახალი ზღაპარი სახელად “არჩევნები 2017" და როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს მას, უბრალო ამომრჩევლისათვის შედეგი ერთია: ლხინი იქა, ჭირი აქა, ფქვილი იქა, ქატო აქა. 14 3-ს მოსწონს
|