x
image
მაიკო ქავთარაძე
რატომ უნდა წავიკითხოთ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი"?
image

"დანაშაული და სასჯელი" დოსტოევსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. მასში ისმის სასტიკი პროტესტი კაპიტალისტური ცხოვრების წინააღმდეგ. რომანის გმირი, ღარიბი სტუდენტი როდიონ რასკოლნიკოვი ამ პროტესტის განსახიერებაა. იგი მებრძოლი ადამიანია და თავის დანაშაულებრივ საქციელს-საზოგადოების ექსპლოატატორი მევახშე ქალის მკვლელობას-თეორიულადაც ამართლებს; მაგრამ დოსტოევსკი ქრისტიანული ეთიკის პოზიციიდან აფასებს რასკოლნიკოვის ყველა ნაბიჯსა და ნააზრევს.

image ამ ღარიბ სტუდენტს გადაუწყვეტია გადალახოს მორალის საზოგადოდ ცნობილი ნორმები უღალატოს ქრისტიანული კაცთმოყვარეობის დევიზს "არა კაც ჰკლა", რადგან ფიქრობს, რომ კლავს პრინციპს და არა ადამიანს. მისი აზრით ისტორიული პროგრესის სათავე ძლიერ ადამიანთა მიერ ჩადენილ ამა თუ იმ აქტში უნდა ვეძიოთ. ნაპოლეონმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ უთუოდ ჰქონდა მას ამის უფლება, ისტორია გამარჯვებულთა მხარეზეა და ის მსხვერპლის სიმართლეს როდი დაგიდევთ. აი, რა სურს რასკოლნიკოვს-ითამაშოს ნაპოლეონის როლი, მისცეს საკუთარ თავს მკვლელობის უფლება, საზოგადოებას მოაშოროს წურბელა და ამით ერთი ნაბიჯი გადადგას ადამიანთა კეთილდღეობისაკენ... მკვლელობა-ეს საშინელებაა, ზოგადად ყველა პიროვნებისათვის და მითუმეტეს როდიონისათვის... დაიჯერებთ?-მას კეთილშობილური განზრახვა ჰქონდა, ფიქრობდა, ბედნიერთ გახდიდა მრავალს.

პირადი მოტივი თითქოს იმაში მდგომარეობს, რომ რასკოლნიკოვს ჰყავს ღარიბი დედა და საყვარელი და დუნეჩკა, რომელიც ძვირფასი ძმის დახმარების გამო მზადაა ცოლად გაჰყვეს უხამს ბურჟუა ლუჟინს (ანუ ლეგალიზებული პროსტიტუციის გზას დაადგეს). უსახსრობის გამო რასკოლნიკოვს სწავლის გაგრძელება არ შეუძლია, მას ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ გააჩნია, ირგვლივ სხვების საშინელი სიღატაკის სურათებსაც ხედავს... მევახშე ქალის მკვლელობას უწინარს ყოვლისა თეორიული მოსაზრების გამო სჩადის და არა ანგარების.


"მხოლოდ შექსპირის "მაკბეტის" ფურცლები თუ შეედრება ამ მკვლელობის აღწერას." (ციტ. აკაკი გაწერელია)

image

დოსტოევსკის რომანის ძლიერი მხარე მის მამხილებელ პათოსშია და არა დასკვნებში. ულმობელი რეალიზმითაა გაშიშვლებული ამ ნაწარმოებში პეტერბურგის პერიფერიული უბნების მცხოვრებთა სიღატაკე, შემაძრწუნებელია მარმელადოვას ოჯახის თავგადასავალი, კერძოდ, კეთილი სონიას გზა როსკიპობისაკენ, იმ სონია მარმელადოვასი, რომელიც შემდეგ რასკოლნიკოვის სულიერ მფარველად და დასაყრდენად იქცა.

image დოსტოევსკის მტკიცებით, რასკოლნიკოვის ტრაგედია მისივე თეორიულ გონებაშია:ის სულ ფიქრობს-აქვს თუ არა უფლება მოკლას! ამ საკითხის დასმა შეუძლია მხოლოდ გონებას, აზრს, რომელიც ქრისტიანული ეთიკის წიაღიდან არის გამოთიშული. სწორედ ეს გარემოება უადვილებს რასკოლნიკოვის სისხლიანი ნაბიჯის გადადგმას, ნაპოლეონად ქცევას, მაგრამ მისი დანაშაული შეიცავს სასჯელსაც-სინდისი მაჯლაჯუნასავით აწვება, სულს უღრღნის, უწამლავს... მის მიერ გადადგმულმა "კეთილშობილურმა", "პროგრესულმა" ნაბიჯმა მიწასთან გაასწორა, "ბებრუხანას" სიკვდილმა სიცოცხლის ძალა წაართვა...

image სონია მარმელადოვას ზეგავლენით და სინდისის ქენჯნის შედეგად, შეიგნებს, რომ არ ჰქონდა უფლება საზოგადოების თუნდაც უმახინჯესი წევრის მოკვლისა... თვითონვე უმჟღავნებს გამომძიებელს ჩადენილ დანაშაულს. იშვიათი ძალით გამოხატული სოციალური პროტესტი მთავრდება გმირის მონანიებით.რომანის ბოლოს რასკოლნიკოვს ჩვენ ვხედავთ ციმბირში-კატორღამისჯილსა და სახარებაზე თავდახრილს.

image ამ ნაწარმოებში მთელი სიცხადით გამოჩნდა დოსტოევსკის შეხედულება ყოველგვარი გონიერი აქტის უნაყოფობაზე. ძალდატანებითა და წინასწარ მოფიქრებული მოქმედების გზით სინამდვილის გარდაქმნის ცდა შინაგანად შეიცავს ამორალიზმს-გვეუბნება დოსტოევსკი. თეორია, გონება არაა სანდო, იგი ბოროტების წყაროა, ხსნა მხოლოდ რწმენაში, კეთილისა და ბოროტის შეგნებაშია. რასკოლნიკოვმაც მხოლოდ მაშინ გაიმარჯვა, როცა მასში გაღვიძებულმა ზნეობრივმა კანონმა მოჰკლა ეგოისტი-თეორეტიკოსი.

image

image

image

image

შეიძლება ვიფიქროთ თუ არა რომ დოსტოევსკი კვიეტიზმის წარმომადგენელია ამ რომანის მიხედვით?-ამაზე ვიმსჯელოთ შემდეგ სტატიაში.

1
2166
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2166
  
2018, 5 სექტემბერი, 18:35
მაიკო ეს თქვენ დაწერეთ?
0 1 1