პოეზია ნოვალისის „ცისფერი ყვავილი“ 2017, 7 ოქტომბერი, 21:02 „მენატრება ცისფერი ყვავილი“ ნოვალისი ნოვალისი გერმანული რომანტიზმის ყველაზე ელვარე ვარსკვლავია, რომლის ცხოვრება და შემოქმედება, როგორც განუყოფელი მთლიანობა, მთელი რომანტიზმის სიმბოლოდ გვევლინება. ნოვალისისთვის „რომანტიკული პოეზიის მიზანთა-მიზანია ადამიანის ამაღლება საკუთარ თავზე“. ეს „ადამიანად ქცევის“ ხელოვნებაა. ამ მხრივ საყურადღებოა მისი რომანი „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი“, სადაც პიროვნების სულიერი ევოლუციაა გადმოცემული. რომანის ცენტრალური სიმბოლოა „ცისფერი ყვავილი“. რომანის მთელი განვითარება გულისხმობს ჰაინრიხის სვლას ცისფერი ყვავილისაკენ, ეს გახლავთ საფეხურებრივი განვითარება ყოფიერების უდიდეს საიდუმლოსთან, რაც თანხვდება ჰაინრიხის ჩამოყალიბებას პოეტად. პირველი საფეხური, რომელიც ჰაინრიხს ცისფერი ყვავილის საუფლოსთან აახლოვებს არის სოვდაგრებთან შეხვედრა. მათი წყალობით იგი პირველად ეცნობა უძველეს თქმულება-გადმოცემებს პოეზიის საიდუმლო ძალის შესახებ. ცისფერი ყვავილის კიდევ ერთი მაცნეა აღმოსავლელი ქალი ზულიმა, რომელმაც ჰაინრიხი უნდა აზიაროს აღმოსავლეთის საიდუმლოს, პოეზიის სულს, გამოაღვიძოს მასში არა ომის, არამედ სამართლიანობის წყურვილი. ცისფერი ყვავილის მაცნეა განძის მაძიებელი-მაღაროს მთხრელი, იგი ბუნების (კერძოდ, დედამიწის დაფარული სიმდიდრის) საიდუმლოსთან აზიარებს ჰაინრიხს. ჰაინრიხის სულიერ ზრდას აგვირგვინებს განდეგილთან შეხვედრა, რომელიც დაფარულ სიბრძნესთან არის ნაზიარები. მან იცის ისტორიის საიდუმლო, ისტორიის პოეტური აზრი. ეს შეხვედრა არის უკანასკნელი საფეხური, რომელიც ამზადებს ჰაინრიხს, სიყვარულთან (მატილდე) და საკუთრივ პოეზიასთან (კლინგზორთან) შესახვედრად. ჰაინრიხი მატილდესთან და კლინგზორთან შეხვედრამ გრძნობადად აზიარა ჭეშმარიტებას. კლინგზორი ამბობს: “პოეზია რომ აუცილებელია კაცობრიობის არსებობისთვის ეს ყველაზე თვალნათლივ სიყვარულში მჟღავნდება. თავად სიყვარული უტყვია და მხოლოდ პოეზიას ძალუძს მის ენაზე ლაპარაკი. ისიც შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული სხვა არაფერია თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია”. ნოვალისის „ცისფერი ყვავილი“ უმაღლესი პოეზიის მარადიული სიმბოლოა, რომელსაც სურს დაგვანახოს ტრანსცენდენტურის იმანენცია ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ღვთაებრივის არსებობა მიწიერში. პოეზია არის აბსოლუტური რეალობა, აღნიშნავს ნოვალისი. „რაც უფრო მეტია პოეზია მით უფრო ახლოს ვართ სინამდვილესთან. პოეზია არის ყოველივე და ყველაფერი“. ნოვალისი მოითხოვს პოეზიისათვის უნივერსალური ხასიათის მიცემას. დადგება მშვენიერი დრო და ადამიანები, იმისათვის რომ ეზიარონ უმაღლეს პოეზიას, სხვას არაფერს წაიკითხავენ, თუ არა მშვენიერ ნაწარმოებებს, მხატვრული ლიტერატურის ქმნილებებს, რადგან პოეზიის სიკვდილი ადამიანური ყოფიერების სრულ გაველურებას, ადამიანის ოცნების დასამარებას ნიშნავს, ამის დაშვება კი არ შეუძლია პოეტის სულსა და გონებას. ამასვე ამბობს ავსტრიელი ლირიკოსი გეორგ თრაქლი ლექსში „ნოვალისს“:
მისი სიმღერა ისევ ხარობს ცისფერ ყვავილად, დედამიწაზე ტკივილების ღამეულ სახლში.
828 2-ს მოსწონს
|