ბიოგრაფია უდაბნოს ლტოლვილი ყვავილი 2017, 2 ოქტომბერი, 0:00 ვარის დირიე - სომალელი ლამაზმანი, რომელიც 13 წლის ასაკში აუჯანყდა სომალში გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურას და მწვალებლურ რელიგიურ ტრადიციებს, რომლის მსხვერპლიც სამყაროში ათასობით მცირეწლოვანი გოგონა გახდა.
გოგონას გაქცევის მიზეზი მამის მხრიდან ოთხი აქლემის სანაცვლოდ მორიგება გახდა ასაკოვან მამაკაცთან, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს ცამეტი წლის ვარისი მეოთხე ცოლად უნდა შეერთო.
ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში : “უდაბნოს ყვავილი“ ვარის დირიე იმ ენითაუწერელი ტანჯვის, შევიწროების და დისკრიმინაციის შესახებ გვიყვება, რომელსაც სომალიში და აფრიკის სხვა ბევრ სახელმწიფოში ქალები სქესობრივი იდენტობის გამო განიცდიდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი აღებ-მიცემობის და მატერიალური გაცვლა-გამოცვლის საგნებად იყვნენ ქცეულნი, მათ უტარებდნენ გენიტალიურ მუტილაციას, რაც ქალის სექსუალურად სამუდამო დაინვალიდებას და მისი ფისქიკის დამახინჯებას ნიშნავს.
ავტობიოგრაფიული ხასაითის წიგნში დირიე მძიმედ აღწერს სომალელი ქალების ცხოვრებას. უკიდურეს გაჭირვებას ქალების რელიგიის სახელით წამება ერთვის. პატრიარქალურ კულტურაში რელიგიას იყენებენ, რათა ქალისგან შექმნან ნივთი, სათამაშო, სექსუალობისგან დაცლილი სულიერი ქმნილება, ყოვლად გულგრილი არსება, რაც, სინამდვილეში, ღალატის პრევენციის მიზნით ხდებოდა. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამას ღმერთის სახელით ჩადიოდნენ და ჩადიან დღემდე, მაშინ, როცა “ყურანში“ მსგავსი არაფერი წერია. ვარისმა თავს ლონდონში გაქცევით უშველა. თავდაპირველად ბიძის ოჯახში აღმოჩნდა. ბიძამისი სომალის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში. მომავალ მოდელს თავი ბიძის ოჯახში კარგად არასდროს უგრძვნია. ის არამხოლოდ უცხოობას უჩიოდა, არამედ საკმაოდ მონურ პირობებში უწევდა მუშაობა, გარესამყაროსგან სრულად იზოლირებულს. მონობა იმით დასრულდა, რომ სომალის საელჩო დაიხურა, ბიძა კი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქალი, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა დარჩა. მან შემთხვევით გაიცნო მარილინი, რომელმაც სიბრალულით შეიფარა, ვიდრე სამსახურს იშოვიდა. საბოლოოდ მარილინის დახმარებითვე პატარა სამსახურიც იშოვა სწრაფი კვების ობიექტში, სადაც ფოტოგრაფმა, - ტერი დონალდსონმა აღმოაჩინა. ამ დღიდან მისი სამოდელო კარიერაც დაიწყო. გამორჩეული გარეგნობის წყალობით მალე ტოპმოდელი გახდა. დირიე საუბრობს არაჰიგიენურ პირობებზე, გაუტკივარების გარეშე, ბარბაროსულ პირობებში ჩატარებული მუტილაციის ფაქტებზე, რომლის მსხვერპლიც ბევრი გოგონა გახდა, ზოგიერთი მათაგანი სისხლისგანაც კი დაიცალა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმ ბრმა რწმენის გამო, რომ ქალის გენიტალიები უსუფთაო და უწმინდურია, ის ქალი კი, რომელსაც წინდაცვეთა არ აქვს ჩატარებული, მეძავთანაა გათანაბრებული და გათხოვების ყოველგავარი უფლება ჩამორთმეული აქვს. დირიემ თავისი წარმატებით ისარგებლა და გადაწყვიტა, რომ ალაპარაკებულიყო ქალების მიმართ მუსლიმურ სამყაროში გამეფებულ ვანდალურ ტრადიციებზე. მან, ბიბისის“ ემოციური ინტერვიუ მისცა, ღიად ისაუბრა იმაზეც, თუ რა გადაიტანა თვითონ და რამდენი ქალი განიცდის იმავეს აფრიკულ სახელმწიფოებში, სადაც უცოდინარი, მედიცინის სფეროში ჩაუხედავი ადამიანები ადათების სახელით აწამებენ გოგონებს. მისი წყალობით, ფაქტმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, აქტიურად ჩაერთო გენიტალიების მუტილაციის წინააღმდეგ კამპანიაში. გაეროს სხდომაზე მან განაცხადა: “მე გადავრჩი. მაგრამ ჩემი ორი და – ვერა. სოფი სისხსლისგან დაიცალა მას მერე, რაც მას წინადაცვეთა ჩაუტარეს. ამინა კი მშობიარობისას ბავშვით მუცელში დაიღუპა. რამდენჯერ უფრო ძლიერი გახდებოდა ჩვენი კონტინენტი, ეს უაზრო რიტუალი რომ გაეუქმებინათ“. გარდა იმისა, რომ ეს რიტუალი ხშირად იწვევს ქალის ფსიქიკის ნგრევას, სხვა უამრავ რისკთანაცაა დაკავშირებული. უკიდურესად ვანდალურ, ანტისანიტარიულ გარემოში ჩატარებული აქტი ხშირად ხდება სეფსისის, ჰეპატიტის, აივ ინფექციის დასხვა სისხლისმიერი გზით გადამდები დაავადებების მიზეზი. დირიე ხაზს ხშირად უსვამდა, რომ არაფერი მსგავსი, არსად, არცერთ მონაკვეთში “ყურანში“არ ეწერა და ეს ყველაფერი მოგონილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქალის სექსუალურად დაინვალიდების მიზნით, რადგან ასეთი ქალი ადვილად არ “გასხლტებოდა ხელიდან“. “უდაბნოს ყვავილის მიხედვით გადაღებულია ემოციური ფილმიც, ასეთივე ტიტრით. მთავარ როლს მოდელი - ლია კაბედე ასრულებს, რეჟისორი კი შერი ჰორმანია. 721 7-ს მოსწონს
|