საზოგადოება მოზარდების თვითმკვლელობის მიზეზები– სამი რეალური ისტორია 2017, 26 სექტემბერი, 9:09 მოზარდების თვითმკვლელობის მრავლობითი შემთხვევა ახსოვს ისტორიას. ბავშვის ფსიქიკის განვითარება–ფორმირების ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი ოჯახის გავლენა და გაზრდის გარემოა. ხშირად, სწორედ რომ მშობლებს მიჰყავთ შვილები გაუცნობიერებელი მიდგომა– აკრძალვებით ამ უსაშინლეს გადაწყვეტილებამდე. დღევანდელ სტატიაში სწორედ სუიციდის გამომწვევ ძირითად ფაქტორებზე მინდა გესაუბროთ, კონსულტაციას კი ოჯახური ძალადობის პედაგოგიკის სპეციალისტი გვიწევს.
"ამ სფეროში ჩემი მუშაობა 36 წლიან გამოცდილებას მოიცავს, მუშაობას კი 1980–იან წლებში შევუდექი და ბევრი რამის თქმა შემიძლია ყოფილ–უკვე ზრდასრულ, არასრულწლოვან თუ მომავალ მოზარდებზე. შორეულ, 80–იან წლებში მოზარდებთან ვითამაშე პიესა "რთული ბავშვობა", სადაც სცენარს თვითონ ბავშვები წერდნენ. ისინი მიზეზებად ასახელებდნენ სკოლას, ოჯახს, წარუმატებელ სიყვარულს, მოკლედ, ყველაფერს, რასაც კი შეეძლო მათი ბავშვობა გაერთულებინა. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს ყველაფერი ისევ ისეა, უბრალოდ სოციალური ქსელი დაემატა. მოზარდების მიერ დატოვებული პიესის ფურცლებიდან ირკვევა, რომ არც ერთ მათგანს არ სურდა ამ ქვეყნის რეალურად დატოვება. ისინი სუიციდის სცენას დეტალურად აღწერდნენ და გვინმარტავდნენ, რომ სწორედ დროის იმ მონაკვეთში ცდილობდნენ თავის მოკვლის სცენის გათამაშებას, როდესაც მშობლების სამსახურიდან დაბრუნება წუთი–წუთზე უნდა მომხდარიყო (18:00; 19:00 საათი). მათ უბრალოდ სურდათ, რომ მშობლებს ისინი უფრო მეტად, ან უბრალოდ ჰყვარებოდათ. პიესა კი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა– "არასაკმარისია თქვენი სიყვარული, გვინდა, რომ ცოცხლები გიყვარდეთ", სიტყვები, რომლებიც დღემდე კარგად მახსოვს. დღემდე არაფერი შეცვლილა, სრულიად არაფერი. უკვე მიმდინარე დროში, როდესაც მუშაობა დავიწყე ჟურნალისტიკის სფეროში, სემინარზე წამოვჭერი თემა, რა თქმა უნდა, სუიციდზე. ჩატარდა გამოკითხვა და შვიდი ბავშვიდან შვიდივემ, დასმულ კითხვაზე, თუ ვისთან გაატარებდნენ თავისუფალ დროს, მშობლები დაასახელეს. ზოგს სურდა მშობლებთან ერთად სკვერში გასეირნება; ზოგს წიგნის კითხვა და გარჩევა; ზოგს მათი მომზადებული კერძები ენატრებოდა; ზოგს კი ისტორიის მოსმენა, თუ როგორ გაიცნო დედამ მამა (და პირიქით); ზოგმაც კი მშობლებთან ერთად მუსიკის მოსმენა და საუბარი. რამდენიმე რეალური ისტორია ● ჩემს პრაქტიკაში არსებობდა მოსწავლე, რომელსაც მიღებული ნიშნების გამო სცემდნენ (ოთხის გამო. დღევანდელ ცხრას უდრის). გოგონა, რომელიც ნამდვილად კარგი მოსწავლე იყო, ხშირად უცემიათ მიღებული ოთხიანის გამო. ერთხელ კი სისწრაფეში, სკოლაში წასვლის დროს სახლში დარჩა ტელეფონი და გასაღები, რის გამოც ერთი თვით დაისაჯა, ოთახიდან გადიოდა მხოლოდ სამ შემთხვევაში: სკოლაში, საპირფარეშოში და სამზარეულოში. ჩამოერთვა ტელეფონი, კომპიუტერი და კლასგარეშე საკითხავი წიგნები. მშობლებს მიაჩნდათ, რომ არსებული ყველა რესურსი სწავლისთვის უნდა გამოეყენებინა. ● მყავს კიდევ ერთი მოსწავლე, რომელმაც დაგროვილს ვეღარ გაუძლო და ერთ–ერთი ტრენინგის დროს ჩემს კალთაში ატირდა. ის წუხდა, რომ ღამით, როდესაც ვერ იძინებს შემოჩვეული უძილობის გამო, დედა აიგნორებს და მიდის თავის ახალ შეყვარებულთან ერთად ბილიარდის სათამაშოდ. მალე კი გათხოვდებოდა მასზე და გადაიყვანდა ახალ კოტეჯში საცხოვრებლად, სადაც წასვლა არ სურდა. ვერ ვიტან მის შეყვარებულს, ცინიკოსია და სულ დამცინის, დედა კი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს და იმით ამართლებს, რომ ცხოვრებაში გამომადგება– ამბობს გოგონა. (მე და ჩემი ჯგუფი გავესაუბრეთ გოგონას დედას, თუ რატომ აიგნორებს ბავშვს ღამით, როდესაც მას მშობლის დახმარება სჭირდება, მისი პასუხი კი ასეთი იყო: "ღამე ბავშვს უნდა ეძინოს!") ● მყავს ბიჭი მოსწავლეც, რომელმაც თავს გადახდენილი ნამდვილი ტრაგედია მხოლოდ გასულ წელს გაუზიარა მეგობრებს. ის თითქმის ყოველ დღე, საკმაოდ ხმამაღლა ჩხუბობდა მშობლებთან, დედა თვეობითაც კი მიდიოდა სახლიდან. აპრილის ერთ დღესაც რეკავს დედა პედაგოგთან და ეუბნება, რომ მისი ბიჭი სკოლაში აღარ ივლის, მიზეზი კი გეომეტრიაში მიღებული სამიანი იყო. ვეღარ მოვითმინე და ჩავერიე, მას უნდოდა ვაჟისთვის წაერთმია ის ერთადერთი ადგილი, სადაც ის თავს ყველაზე კარგად გრძნობდა, ადგილი, სადაც მას უსმენდნენ. რაც შეეხება გეომეტრიას, ის არც თუ ისე ადვილი საგანია და ბევრს არ შეუძლია მისი სწავლა, ამაში კი საგანგაშო და სკოლის მისატოვებელი არაფერია. მადლობა ღმერთს, დედამ დაგვიჯერა. კიდევ რამდენი ისტორიის გახსენება შემიძლია, თუმცა მიზეზებად ესეც კმარა. დედებს არ გყოფნით დრო ბავშვებისთვის, თუმცა გაქვთ დრო სოციალური ქსელებისთვის, თაყვანისმცემლებისთვის თუ შეყვარებულებისთვის. ამ დროს კი ვანგრევთ მათ ფსიქიკას, ვუგდებთ სხვებს კლანჭებში; არ ვუსმენთ, როდესაც მრავალი პრობლემა აქვთ სკოლაში თანატოლებთან; აკლიათ ჩვენი სითბო და სიყვარული; ჩვენთან კომუნიკაცია; მხოლოდ კარგ ქცევას და დადებით ნიშნებს ვითხოვთ, რომლებიც საერთოდ არაფერს ნიშნავს ცხოვრებაში. 14 წლის და კიდევ უფრო პატარა ასაკის გოგონები კი წვებიან მამაკაცებთან იმ მოტივით, რომ ფიქრობენ სიყვარული ამ ფორმით აკლიათ, შესაბამისად კი ინგრევენ ცხოვრებას და ამ, და უკვე ხსენებული ფაქტორების გამო ხშირად ხვდებიან სუიციდის კლანჭებში, რომლის მსხვერპლადაც სწორედ ჩვენ თვითონ ვაქცევთ მათ, გამოფხიზლდით!" P.S. მოუსმინეთ; მოეფერეთ; ნუ მოსთხოვთ–სთხოვეთ; გიყვარდეთ და დაუთმეთ დრო, რომელიც მათი ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და არ გადაიქცევიან თვითმკვლელებად. იხილეთ აგრეთვე: ● ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ ● იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ... ● ეს საშინელება მასწავლებელმა 9 წლის მოსწავლეს სხეულზე შენიშნა 290 21-ს მოსწონს
|