x
image
_K_
"სიყვარულის 40 წესი" - ციტატები
image


"სიყვარულის 40 წესი" თურქი მწერლის, ჟურნალისტის, აკადემიკოსის, ელიფ შაფაქის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანია. ორიგინალი 2009 წელს გამოიცა ამერიკაში, მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა. "სიყვარულის 40 წესი" დღემდე ინარჩუნებს ბესთსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში.

ელიფ შაფაქის ნაწარმოებებს მინიჭებული აქვს ეროვნული პრემიები, მწერალ ქალს კი 2007 წელს თურქეთის წიგნების გამომცემელთა კავშირმა სიტყვის თავისუფლების პრემია მიანიჭა.



image


❀პროლოგიდან: ბობოქარ მდინარეში ქვა ჩააგდეთ და დააკვირდით, რა მოხდება. ისეთი არაფერი... იმ ადგილას პატარა ჭავლი გაჩნდება, ქვის ყრუ დგაფუნს კი მდინარის ხმა ჩაახშობს. ეგ იქნება და ეგ.

აი, ქვას რომ ტბაში გადაუძახოთ, სულ სხვა ეფექტს მიიღებთ, თანაც უფრო ხანგრძლივს: ერთბაშად შეიძვრის ტბის მდორე წყალი. ქვის ჩავარდნის ადგილას ჯერ ერთი წრე გაჩნდება, მას კიდევ ერთი წრე მოჰყვება, მერე კიდევ ერთ... და სულ მალე, ტბის მოსარკულ ზედაპირს მთლიანად მოედება ეს მღელვარება, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩაცხრება, როცა ტალღები ნაპირს მიაწყდებიან.

მდინარე ისე მიიღებს თავის ისედაც მშფოთვარე წიაღში შემოჭრილ ქვას, როგორც მორიგ „ამრევს“. არ იუცხოებს, არ შეუდრკება. აი, ტბა კი ქვის ჩავარდნის შემდეგ ერთიანად შეიცვლება.
image
❀როცა კაცს კლავ, მისგან აუცილებლად მოგყვება რაღაც: ან კვნესა, ან სუნი, ან ხელის მოძრაობა. მე ამას „მსხვერპლის წყევლას“ ვეძახი. სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება, გულისკენ გაიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება მთელ ტანში.


❀გამოცდილებით ვიცოდი, რაც უფრო მკაცრად მალავდა მკვლელობის შემკვეთი ვინაობას, მით უფრო ახლობელი იყო თავისი მსხვერპლისთვის.

image

❀-მე არც არაფერს ვეძებ, ღმერთის გარდა...
-მაშინ მისამართი შეგშლია, - მიპასუხა მეფუნდუკემ და ანაზდად ხმა დაუბოხდა, - ღმერთმა, კარგა ხანია, მიგვატოვა და არ ვიცით,
როდის დაბრუნდება.

❀ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ.


❀ყოველთვის ასე იყო. როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი...

image

❀ჭეშმარიტებისკენ გზის გაკვლევა გულის საქმეა და არა გონებისა. უპირველეს მეგზურად სწორედ გული უნდა გაიხადო. მედგრად დაუდექ ნაფსს, შეერკინე და გულით აჯობე. როცა საკუთარ „მეს“ შეიცნობ, შეიცნობ ღმერთსაც!არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ. მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს, ალბათ, და ვინც გაიგებს, მათგან ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა, ძიების გზას დაადგნენ.


❀თმა კულულებად ჩამოჰყროდა შუბლსა და თვალებზე. ჩაჩიანი მოსასახამი, მატყლის ნაბადი და ცხვრის ტყავისგან შეკერილი წუღები ეცვა; ყელზე ათასნაირი ავგაროზი და თილისმა ეკიდა; ხელში ხის ჯამი ეჭირა, როგორსაც დავრიშები იმისთვის დაატარებენ, რომ მოწყალების თხოვნით თავი დაიმდაბლონ და თავიანთი პატივმოყვარეობა ამით დათრგუნონ.

image

❀ქალაქის საყრდენი სულიერებაა. ქალაქები ვეებერთელა სარკეებივით ირეკლავენ თავიანთი მცხოვრებლების გულებს. თუ ეს გულები ბნელმა მოიცვა და რწმენა გაუქრა, ქალაქები კარგავენ თავიანთ დიდებულებას. ეს ასე და მუდამ ასე იქნება.


❀წმინდა ყურანის მკითხველი წაკითხულს სხვადასხვა დონეზე აღიქვამს: პირველი შრე მკითხველს მხოლოდ ყურანის ზედაპირულ მნიშვნელობას აცნობს. ეს არის ის, რითაც ადამიანთა უმრავლესობა კმაყოფილდება. მეორე არის ბატინი, ანუ შიდა შრე. მესამე გახლავთ შიდას შიდა შრე. მეოთხე შრე კი ისე ღრმაა, რომ მისი აღწერა შეუძლებელია.

image

❀აი, რა გვიამბო მან: ერთ დღეს მოსე მთებში დახეტიალობდა. შორიდან მწყემსს მოჰკრა თვალი. მწყემსი მუხლებზე დამხობილიყო, ხელები ცისკენ აღეპყრო და ლოცულობდა. მოსეს გულზე მოეფონა, მაგრამ როცა მიუახლოვდა, მლოცველის სიტყვებმა შეზარა:
-ო, ჩემო საყვარელო ღმერთო, არც კი იცი, როგორ მიყვარხარ. ოღონდ ერთი სიტყვა მითხარი და რას არ გავაკეთებ შენთვის! მზად ვარ, შენს სახელზე მსუქან ცხვარს ახლავე გამოვჭრა ყელი და შეგიბრაწო. მისი დუმა ფლავს გაგიგემრიელებს და პირს ჩაგიტკბარუნებს...
მოსე მწყემსს მიუახლოვდა და ყური მიუგდო:
-ფეხებსაც სიამოვნებით დაგბანდი, ღმერთო, ყურებს გაგიწმენდდი და მკბენარს ამოგიხილავდი. აი, როგორ მიყვარხარ!
მოსეს მეტის მოსმენა აღარ შეეძლო, მწყემსს თავზე დაადგა და ლოცვა გააწყვეტინა:
-შეჩერდი, უმეცარო! რას სჩადიხარ?! შენ რა, გგონია, ღმერთი ბრინჯს ჭამს ან დასაბანად ფეხებს მოგიშვერს? ეს ხომ ლოცვა არ არის! ეს წმინდა წყლის მკრეხელობაა!
შეჩქვიფებულმა და დარცხვენილმა მწყემსმა ბოდიში მოუხადა მოსეს და შეჰპირდა, ამიერიდან წესიერად ვილოცებო. მოსემ რამდენიმე ლოცვა ასწავლა და კმაყოფილი გაუდგა გზას, მაგრამ იმ ღამით ხმა ჩაესმა.
უფლის ხმა იყო:
-ეს რა ქენი, მოსე? საბრალო მწყემსი დატუქსე, იმას კი ვერ მიხვდი, რა ძვირფასია იგი ჩემთვის. შეიძლება, სათქმელს რიგიანად ვერ გამოთქვამდა, მაგრამ ის ხომ გულწრფელი იყო! მისი გული სუფთაა და ზრახვები - კეთილი. მე მან მასიამოვნა, მისი სიტყვები, შესაძლოა, შენ მოგეჩვენა წმინდა წყლის მკრეხელობად, მაგრამ ჩემთვის ეს საამო მკრეხელობა იყო!
მოსე მიხვდა თავის შეცდომას. დილაადრიან აუყვა მთებს და მწყემსი მოინახულა. მწყემსი კვლავ ღმერთს მიმართავდა. ამჟამად სწორედ ისე ლოცულობდა, როგორც ასწავვლეს, მაგრამ მის ლოცვას უწინდებური გზნება აკლდა, რადგან საბრალო მხოლოდ იმაზე იყო გამეცადინებული, როგორმე სწორად ელოცა და ამის გამო ვაგლახად ბორძიკობდა.
ინანა მოსემ თავისი საქციელი. მწყემსს მხარზე ხელი შეახო და უთხრა:
-შევცდი, მეგობარო. მაპატიე. ილოცე ისე, როგორც შენს გულს გაუხარდება. ღვთისთვის ეგ უფრო ძვირფასია.
მწყემსი სახტად დარჩა, მაგრამ თან გულზე მოეშვა. თუმცა, აღარც უწინდებურად ისურვა ლოცვა და აღარც მოსესთვის მიუბაძავს. ღმერთთან ურთიერთობის სრულიად ახალი გზა გამოძებნა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისადმი თავისი გულუბრყვილო ერთგულებით კმაყოფილი იყო, მან გადალახო ეს ეტაპი - საამო მკრეხელობა...
ასე რომ, ნუ განსჯი ადამიანებს იმისთვის, თუ ვინ როგორ ამყარებს კავშირს უფალთან. ყველა თავისებურად ლოცულობს. ღმერთი ჩვენს სიტყვებს კი არ უკირკიტებს, ის ჩვენი გულის სიღრმეში იხედება. მთავარი რიტუალი კი არ არის, არამედ ის, სუფთაა თუ არა ჩვენი გული.

image

❀სიყვარული სიცოცხლის წყალია. პირადად მე ძალიან დამეხმარა ის, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა საქმეებში ჩარევა შევწყვიტე. აღარ ვწუხდი და აღარ ვშფოთავდი იმის გამო, რომ ამ ხალხის გადასხვაფერება არ შემეძლო. ამიტომ ზედმეტ ჩარევას, ან პირიქით, სრულ უმოქმედობას იქნებ მინებება გერჩიოთ? ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვას სისუსტესთან აიგივებს. მაგრამ მინებება ყველაფერია, სისუსტის გარდა. ეს არის სამყაროს წესების, კანონებისა და პირობების მშვიდად მიღება, მათ შორის ისეთი რამეებისაც, რისი შეცვლა ან გაგება ჩვენს ძალებს აღემატება.

image

❀ადამიანმა, ცხადია, უნდა ასაზრდოოს თავისი გონება, მაგრამ, ამავე დროს, მის დანაგვიანებას უნდა მოერიდოს. გონება და სიყვარული სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი. გონება ადამიანებს ბოჭავს, მაგრამ არაფერს კარგავს, სიყვარული კი ყველა ბორკილს ამსხვრევს და ყველაფერს დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

გონება ყოველთვის გეუბნება:
„ფრთხილად, ზედმეტ გზნებას ერიდე“!

სიყვარული კი ამბობს: „ნუ კრთი, იყავი თამამი“!
გონებას ადვილად ვერ გატეხ, სიყვარული კი ერთი ხელის მოსმით შეიძლება შემოგეფშვნას ხელში. მაგრამ განძი სწორედ ნანგრევებში იმალება. განძს შემუსრული გული ინახავს!


❀ამქვეყნად თითქმის ყველა სიძნელის წყარო ენობრივი ცდომილება და მარტივი გაუგებრობებია. ყოველთვის კბილი მოუსინჯე სიტყვას, თავს ნუ მოატყუებინებ! როცა სიყვარულის საუფლოში შეაბიჯებ, ენა ზედმეტი ბარგი ხდება. მხოლოდ დუმილით თუ ჩასწვდები იმას, რაც ენით არ ითქმის.

image

❀მარტოობა და განმარტოება სხვადასხვა რამ არის. მარტოკაცს თავის მოტყუება უწევს, აქაოდა, სწორ გზას ვადგავარო; ისევ განმარტოება გიჯობს: ამ დროს მარტო ხარ, მაგრამ მარტოსული მაინც არ გქვია. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს ის აჯობებს, იპოვო ადამიანი, რომელიც შენი სარკე გახდება. დაიმახსოვრე, მხოლოდ სხვა ადამიანის გულში დაინახავ შენს ნამდვილ სახეს და შენში ღვთის არსებობას.


❀რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის! იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი, რაც მიეცა, არამედ იმისთვისაც, რაზეც უარი მიიღო.

image

❀მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა კი სიბეცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობაა. ღვთის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს ელევათ, რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება.


❀ელამ ყურმილი დადო, თავის სარწეველა სავარძელში ფეხმორთხმით მოიკალათა და სიყვარულზე ფიქრს მიეცა: -როგორ უნდა ეყოს ჩემსავით გულნატკენ და სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს ძალა, კვლავ განიცადოს სიყვარული? ეს გრძნობა ხომ მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც ამ შეშლილ სამყაროში იოტისოდენა პოეზიას მაინც ხედავს, ან რაღაც ხელჩასაჭიდი ჯერ კიდევ ეგულება. მაგრამ იმათ რა ეშველებათ, ვინც ფარ-ხმალი დაყარა და დიდი ხანია, აღარაფერს ეძებს?

image

❀არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, აღმოსავლეთისაკენ აიღებ გეზს თუ დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთისკენ თუ სამხრეთისკენ. მხოლოდ ერთ რამეში უნდა იყო დარწმუნებული: ნებისმიერი მოგზაურობა არის მოგზაურობა საკუთარ თავში. თუ საკუთარ თავში მოგზაურობ, მთელ ქვეყნიერებას მოივლი და მის სამანებსაც კი გაარღვევ...


❀ბებიაქალმა კარგად იცის: ტკივილის გარეშე ბავშვი დედის საშოდან ვერ გამოაგნებს და ვერ დაიბადება. ვერც შენი ახალი მე დაიბადება სიძნელეების გარეშე. თიხას გამოსაკვერად დიდი სიმხურვალე სჭირდება. ასეა სიყვარულიც: მან დიდი ტკივილი უნდა გამოიაროს, რომ სრულყოფას მიაღწიოს.


❀სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი,
რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.

image

❀ყალბი გურუებისა და ვითომ მოძღვრების რიცხვი ვარსკვლავების
რიცხვს აჭარბებს. ჭეშმარიტ მოძღვარში ნუ შეგეშლება ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავზე გადაგებული ადამიანი. ნამდვილი სულიერი მოძღვარი საკუთარი თავისკენ როდი მიაპყრობს შენს ყურადღებას, სრულ მორჩილებას და აღტაცებას როდი მოგთხოვს, არამედ დაგეხმარება, ჯეროვნად შეაფასო შენი სულიერი რაობა და პატივით მოეპყრა მას. ჭეშმარიტი მოძღვარი მინასავით გამჭვირვალეა და ღვთიურ შუქს მინასავით ატარებს.


❀ -არა, შენ ჩემი მოწაფე ვერ გახდები, - წყალი გადამიწურა
მან, - მეტისმეტად მორიდებული ხარ; ხალხის აზრს ზედმეტ ანგარიშს უწევ; გახსოვდეს, ადამიანთა გულის მოგებას ასე თავგამოდებით რომ ცდილობ, სწორედ ამიტომაც ვერასოდეს აიცდენ მათ მწარე ენას, როგორც უნდა ეცადო.

image

❀ყოველთვის, როცა რომელიმე ადგილს ვემშვიდობები, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემი სხეულის რაღაც ნაწილს ვტოვებ იქ. მე ასე მწამს: თუნდ მარკო პოლოსავით ქვეყანა მოიარო, თუნდ აკვნიდან სამარემდე ერთ ადგილს არ მოსცილდე, ცხოვრება მუდამ დაბადებისა და სიკვდილის მონაცვლეობაა. უკან მოტოვებულ, მკვდარ წამს ახალი, ცოცხალი წამი ენაცვლება. იმისთვის, რომ ახალი განცდა დაიბადოს, ძველი უნდა მიილიოს, ასე არ არის?


❀არ შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგხვდება. იდინოს ცხოვრებამ. წინ ნუ გადაეღობები. თუ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა, ნურც ეგ შეგაკრთობს. კარს მომდგარ სიახლეს რად უნდა ამჯობინო ის, რასაც უკვე შეჩვეული ხარ? განა რა იცი, რა სჯობს სინამდვილეში?

image

❀ღმერთი შენს სრულყოფას ცდილობს. გარეგანი სრულყოფაც იგულისხმე და შინაგანიც. ის მთლიანად შენითაა დაკავებული. ყოველი ადამიანი მიმდინარე სამუშაოა, რომელიც ნელა, მაგრამ განუხრელად მიიწევს სრულყოფილებისაკენ. ყველა ჩვენგანი ჯერაც დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ელის და მიელტვის სრულქმნას. ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ცალ-ცალკე „მუშაობს“, რადგან კაცობრიობა არის ნატიფი ნახელავი, ოსტატური ხელნაწერი, სადაც თითოეული წერტილი თანაბრად მნიშვნელოვანია ერთიანი სურათის მისაღებად.


❀ადვილია, გიყვარდეს ყოვლად სრული ღმერთი - სპეტაკი და შეუცდომელი. ბევრად უფრო ძნელია, გიყვარდეს მძიმე შენი - ადამიანი, უამრავი ზადის მქონე. გახსოვდეს, რომ მხოლოდ მისი შეცნობა შეგიძლია, რისი შეყვარების უნარიც გაქვს. არ არსებობს სიბრძნე სიყვარულის გარეშე. სანამ ღმერთის ქმნილების სიყვარულს არ ისწავლი, ვერც ღმერთის შეყვარებასა და შეცნობას შეძლებ.


❀ნამდვილი სიბინძურე ის არის, რაც შიგნით გქვს, სხვა დანარჩენი წყალს გაჰყვება. სიბინძურის ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელსაც სუფთა წყლით ვერ ჩამოირეცხავ. ეს არის სიძულვილი და შეუწყნარებლობა, რომელიც სულს ანაგვიანებს. შენ შეგიძლია, ხორციელად განიწმინდო თვითგვემითა და მარხვით, მაგრამ შენი გულის ჭეშმარიტი განსპეტაკება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.

image

❀მთელი ქვეყნიერება მოქცეულია ერთ ადამიანში - შენში. ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავ, მათ შორის ბევრი ისეთი რამ, რაც არ მოგწონს და ზიზღსა გგვრის, სხვადასხვა სახით შენშიც ძევს, ამიტომ ნუ ეძებ შაითანს სადღაც სხვაგან. ეშმაკი რაღაც განსაკუთრებული ძალა კი არ არის, რომელიც გარედან გიტევს, არამედ შენივე შინაგანი ხმაა. თუ შენს თავს ბოლომდე შეიცნობ და თვალს პატიოსნად და წარბშეუხრელად გაუსწორებ საკუთარ ავსა და კარგს, საბოლოოდ გაფაქიზებული, უმაღლესი გონების პატრონი ხდები. როცა ადამიანი შეიცნობს თავის თავს, ის შეიცნობს ღმერთსაც.


❀ძვირფასო ელა, დაბადების დღეს გილოცავთ! ორმოცი წელი მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც შესანიშნავი ასაკია. იცით თუ არა, რომ მისტიკოსები ამ რიცხვს ახალ საფეხურზე გადასვლისა და სულიერი გამოღვიძების სიმბოლოდ მიიჩნევენ? დააკვირდით: როცა ვგლოვობთ, ორმოც დღეს ვგლოვობთ. როცა ბავშვი იბადება, მას ორმოცი დღე სჭირდება იმისთვის, რომ დედამიწაზე საცხოვრებლად მოემზადოს; როცა შეყვარებულები ვართ, ორმოცი დღე გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენს გრძნობებში დავრწმუნდეთ; წარღვნა ორმოც
დღეს გრძელდებოდა; როცა წყალმა ქვეყანა წალეკა, მან, ამავდროულად მთელი სიბინძურეც ჩამორეცხა დედამიწასა და კაცთა მოდგმას, ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მისცა. ისლამური მისტიციზმის მიხედვით, ადამიანსა და ღმერთს ორმოცი საფეხური ჰყოფს. არსებობს ცნობიერების ოთხი ძირითადი ეტაპი, თითოეული მათგანი ათ-ათი საფეხურისგან შედგება, რაც ორმოც დონეს ქმნის. იესომ ორმოცი დღე გაატარა უდაბნოში; მუჰამედი ორმოცი წლის იყო, როცა მოციქულობის მოწოდება მიიღო; ბუდა ცაცხვის ქვეშ ორმოცი დღე ეძლეოდა მედიტაციას; შამსის ორმოც წესზე აღარაფერს ვამბობ...
თქვენ ორმოცი წლის ასაკში ახალი სამუშაო იშოვეთ, ახალი ცხოვრების საგზური. ორმოცი კეთილმოსურნე რიცხვია.
გილოცავთ!.. და ნუ შეგეშინდებათ სიბერის.
ვერც ერთი ნაოჭი, ვერც ერთი ღერი ჭაღარა ვერ მოერევა ორმოცის ძლევამოსილებას!
image

❀ბევრი ფიცი და მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ საროსკიპოებიც უხსოვარი დროიდან არსებობს და ჩემისთანა ქალებიც. მაგრამ ერთი რამ მაოცებს: ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ქალი ამ ხელობისთვის არ ემეტებათ, არადა, თუ მოინანიე და ცხოვრების ხელახლა დაწყება მოინდომე, გასაქანს არ გაძლევენ. თითქოს გეუბნებიან: „თქმა არ უნდა, ცოდო ხარ, ასე რომ გაისვარე და დაეცი, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს, სამუდამოდ იმ ლაფში უნდა დარჩე“.


❀ჩაქოლვა ადრეც მინახავს და სულ მიკვირს, როგორ ერთბაშად გადასხვაფერდება ხოლმე ადამიანი, როცა ბრბოს შეერევა. ჩვეულებრივი ადამიანები ხელოსნები, ვაჭრები და მეწვრილმანეები - ძალადობა აზრად რომ არასოდეს მოსვლიათ, ერთად რომ შეიყრებიან, ისე გამგელდებიან ხოლმე, თვალის დაუხამხამებლდ მოგკლავენ.


❀ხალხი მინახვს, ყოველღამე კოკებით ისხამენ ღვინოს და მხოლოდ ოდნავ თუ შექეიფიანდებიან ხოლმე. კარგად მოილხენენ, იმღერებენ და მერე არხეინად იძინებენ. მაგრამ ისეთებიც შემხვედრია, რამდენიმე წვეთი ღვინისაგან ურჩხულებად რომ ქცეულან. თუ ერთი და იგივე სასმელი ერთს მხოლოდ ამხიარულებს და აზარხოშებს, მეორეს კი აბოროტებს და აგიჟებს, მსმელს უნდა მოჰკითხო თუ სასმელს?

image

❀თუ გსურს, შეცვალო სხვების დამოკიდებულება შენდამი, პირველ რიგში, შეცვალე შენი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. სანამ საკუთარი თავის გულწრფელ სიყვარულს არ ისწავლი, ვერავინ შეგიყვარებს. მაგრამ თუ ერთხელ მიაღწიე ამ საფეხურს, იყავი მადლიერი ყოველი ეკლისათვის, რომელსაც მოიხვედრებ და კეთილი საზღაური არ აგცდება: საბოლოოდ ვარდების ზღვაში იბანავებ.


❀ -წამოდი მაგ საროსკიპოდან... -მითხრა ბოლოს.
-კი მაგრამ, სად წავიდე? მე ხომ არსად მიმესვლება!
-ეგ არ არის ძნელი, - თქვა შამსმა და თვალები აუციმციმდა, ნუ გაფიქრებს ის, საით წაგიყვანს გზა. სჯობს, მთელი ყურადღება პირველ ნაბიჯს მიაპყრო. ეს არის ყველაზე რთული და შენც პასუხს სწორედ ამაზე აგებ. თუ ამ ნაბიჯს ერთხელ გადადგამ, ბუნებრივად მოსახდენს მოხდენა აცალე, დანარჩენი კი მას თავისთავად მოჰყვება. ნუ მიჰყვები დინებას, თავად იყავი დინება.
image

❀ღმერთს ხატად თვისად შევუქმნივართ ყველანი, მაგრამ მაინც ყველანი განსხვავებულნი და თავისებურად განუმეორებელნინ ვართ. დედამიწის ზურგზე ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ მოიძებნება. ორი გულიც კი არ ძგერს ერთი რიტმით. არსთაგანმრიგეს რომ ჩვენი ერთნაირობა ნდომებოდა, ყველას ერთნაირებად გაგვაჩენდა. ამიტომ ვინც განსხვავებას პატივს არ სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს, პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს ანგარიშს.


❀-კარგი სიტყვებია, - ისე მშვიდად ვთქვი, თვითონვე გამიკვირდა, - მაგრამ ერთი ეს მითხარი, თქვენ, სუფიებს, არასოდეს გეპარებათ მასში ეჭვი?
შამსს დაღლილი ღიმილი გაუკრთა სახეზე.
-გვეპარება. ეჭვს რა სჯობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ და ეძიებ...

image

❀ჩვენ მუდმივად ვმერყეობთ, სანამ გარკვეულ საფეხურს არ მივაღწევთ. წინსვლის ერთადერთი გზა მხოლოდ ეს გახლავს, თითოეული ახალგადადგმული ნაბიჯი
ჭეშმარიტებასთან გვაახლოებს.როცა ღვთის ჭეშმარიტი მოყვარული დუქანში შედის, დუქანი ხდება მისი სამლოცველო, მაგრამ როცა იმავე სამლოცველოში ლოთი შედის, იგი მისი დუქანი ხდება. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, გულია მთავარი და არა - გარეგნობა.


❀როცა სუფი ადამიანს აკვირდება, გარეგნობითა და ვინაობით როდი აფასებს მას. სუფი ორივე თვალს ხუჭავს. ამ დროს მესამე თვალი ეხილება და სწორედ ამ მესამე თვალით ხედავს მისი სულის საუფლოს.


❀ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ თავისი ცხოვრების მართვას მოახერხებს, ისევე ცდება, როგორც თევზი, რომელმაც ოკეანის ზედამხედველობა მოინდომა.ზოგჯერ თავი ყოვლისმცოდნეები გვეჩვენება, მაგრამ ეს თავდაჯერება საპნის ბუშტივით სკდება, როცა ცხოვრება ამ ცრუმოლოდინს არ ამართლებს. გულისტკენა არ ასცდება არავის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.


❀სამყარო ერთი ვეება ქვაბია, რომელშიც რაღაც დიდი იხარშება.
მართალია, ჯერ არ ვიცით, რა არის ეს, მაგრამ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ვგრძნობთ ან ვფიქრობთ, ამ „წვნიანის“ შემადგენელი ნაწილია. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს ხოლმე: „რას ვამატებ ამ ქვაბში ყოველდღიურად? მტრობას, რისხვას,
ძალადობას? თუ სიყვარულს და ჰარმონიას“?..

image

❀წუთისოფელი სესხად გვეძლევა. ეს ქვეყანა არაფერია, თუ არა რეალობის ზერელე მიბაძვა. მხოლოდ ბავშვი ვერ არჩევს სათამაშოს ნამდვილი ნივთისაგან.
და მაინც, ადამიანებს ასე სჩვევიათ: სათამაშო ან მეტისმეტად გაიტაცებთ ხოლმე, ან დაუდევრად მოისვრიან მას სანაგვეზე. თავი აარიდე ყველანაირ უკიდურესობას, თორემ შინაგანი წონასწორობა
დაგერღვევა.


❀რუმის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეიძლება ველურ ბაღს ჰგავდეს, რომელიც ეკალბარდითაც სავსეა, სამკურნალო ბალახითაც, წიწვოვანი მცენარეებითაც და ბუჩქნარებითაც, მაგრამ ბაღის სტუმარი თვითონ ირჩევს იმას, რაც მოეწონება. ლამაზ ყვავილებს მყისვე კრეფენ, ეკლიან მცენარეებს კი იშვიათად თუ აქცევს ვინმე ყურადღებას. არადა, ყველამ ვიცით, უებარი წამლები სწორედ მათგან მზადდება.

image

❀იოლია, კარგით გაიხარო, ცუდი კი აითვალწუნო. ეგ ყველას შეუძლია. ნამდვილი გამოცდა ის არის, როცა კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად შეიყვარებ; განა იმიტომ, რომ ავსა და კარგს ვერ არჩევ, არამედ იმიტომ, რომ ამ განსაზღვრებებზე მაღლა უნდა დადგე და სიყვარული მთლიანად, თავისი ავითა და კარგით მიიღო.ზოგჯერ გული მომდის, ქალად რად გავჩნდი მეთქი. გოგო რომ იბადება, მზარეულობას, დალაგებას, სარეცხის რეცხვას, ძველი წინდები კემსვას, კარაქის დღვებას, ყველის ამოყვანასა და ბავშვების დაპურებას ასწავლიან. ზოგიერთ ქალს სიყვარულის ხელოვნებასაც აზიარებენ. უხსნიან, როგორ გახდეს მიმზიდველი მამაკაცისათვის. მაგრამ სულ ეს არის. ქალს წიგნს არავინ აკარებს, ემანდ, თვალი არ აეხილოსო...


❀აზიზთან მიმოწერისას უპირველესად სწორედ ეს ისწავლა: რაც უფრო მშვიდად მიიღებდა ყველაფერს, შვილებიც უფრო მეტად გაუწევდნენ ანგარიშს. და მართლაც, როგორც კი შვილების კუდში დევნა შეწყვიტა, აღარც ისინი გაურბოდნენ. როგორღაც თავისით ჩაწყნარდა და მოგვარდა ყველაფერი, თანაც ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე წარსულში, როცა ელა ყველაფრის გამოსწორებას და ყველას დახმარებას ცდილობდა.

image

❀ბრმადმორწმუნევ! ყოველ რამადანს უფლის სახელით მარხულობ და ყოველ აიდს ცოდვების მოსანანიებლად უფალს ცხვარს ან თხას სწირავ, შენი დღე და მოსწრება მექას მიილტვი და ხუთჯერ დღეში ემხობი სალოცავ ხალიჩაზე, მაგრამ თუ შენს გულში სიყვარულისათვის ადგილი არ დარჩენილა, რაღა გრჯის მაშინ?!


❀იმის მაგივრად, რომ ღვთის სიყვარულში მთლიანად დაინთქან და საკუთარ თავკერძობას ომი გამოუცხადონ, ბრმადმორწმნენი სხვა ხალხებს ებრძვიან და ჩვენ ირგვლივ შიშის ზვირთებს აგორებენ, ხოლო როცა სამყაროს შეშინებული თვალებით უმზერ, ყოველთვის დაინახავ ისეთ რამეს, რაც შიშს მოგგვრის.


❀მიწისძვრას, გვალვას ან სხვა უბედურებას ღვთის რისხვის ნიშნად მიიჩნევენ, თითქოს ღმერთი არ ამბობდეს, ჩემი თანალმობა ჩემს რისხვაზე ძლიერიაო... ამა თუ იმ მიზეზით მუდამ ვიღაცაზე გაბუტულები ყოვლისშემძლისაგან ელიან, რომ ჩაერიოს მათ უბადრუკ ცხოვრებაში და მათ მაგივრად იძიოს შური. მათი ცხოვრება არის დაუსრულებელი ღვარძლი, მტრობა და უკმაყოფილება, შავი ღრუბელივით მუდამ თან რომ სდევთ, წარსულსაც რომ უჩრდილავთ და მომავალსაც...

image

❀ჯოჯოხეთი აქვე, ახლოს არის. იგივე ითქმის ზეციურ სავანეზეც. ნუ გეშინია ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე ისევ და ისევ შენშია და არა - სადმე სხვაგან. როცა გვიყვარს, ზეცად სწორედ მაშინ ვმაღლდებით. გეენაში კი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი გვაგდებს.


❀უკლებლივ ყველა სულიერისათვის, დედამიწაზე იქნება ის, ზღვაში თუ ჰაერში, გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს: ეშმაკობით უნდა აჯობოს თავის მტერს. ცოცხალი რომ დარჩე, უნდა იბრძოლო. ეს მარტივი ამბავია...


❀არაფერი გაკლია თითქოს. ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია, სანამ მოვა ის ერთი ვინმე და მიგახვედრებს, რა გაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას, ასეა ის ვინმეც. საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახვებს, რომ ის გაუდაბურებულია, შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გსურდა. ეს ვინმე შეიძლება საყვარელი მეგობარი იყოს შენი ან სულიერი მოძღვარი, ზოგჯერ კი სულაც ბავშვი, რომელსაც პატრონობ და უვლი. მთავარი ის არის, რომ როგორმე პოვო სული, რომელიც შენსას შეავსებს.

image

❀ამ ჩემს მდგომარეობას რომ ვუფიქრდები, ერთი ამბავი მაგონდება
სახელგანთქმული აბასიდი მბრძანებლის, ჰარუნ არრაშიდისა და ლეილას შესახებ.

ერთ ბედუინ პოეტს, სახელად ქაისს, უიმედოდ შეჰყვარებია ლეილა და ჭკუიდან შეშლილა. ამიტომაც უწოდებიათ მისთვის მაჯნუნი - ანუ შეშლილი კაცი. ამის გამგონე მბრძანებელი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. აინტერესებდა, ვინ იყო ეს ქალი, ამდენი უბედურება რომ გამოიწვია.
„ეს ლეილა რაღაც განსაკუთრებული არსება უნდა იყოს, სხვა ქალებზე ასჯერ აღმატებული. ვინ იცის, იქნებ სულაც რაღაც თილისმას ფლობს ეს მზეთუნახავი...“ - ფიქრობდა ჰარუნ არ რაშიდი.

აფორიაქდა მბრძანებელი. ამ ქალის ნახვის სურვილმა არ მოასვენა. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა იმდენი ქნა, რომ ბოლოს ლეილა სასახლეში მიჰგვარეს; მაგრამ როცა ქალს პირბადე ახადა, მოლოდინი გაუცრუვდა. ვერავინ იტყოდა, რომ ლეილა მახინჯი, ხეიბარი ან ხნიერი იყო, მაგრამ არც განსაკუთრებულად მიმზიდველი ეთქმოდა. მბრძანებელს ხელთ შერჩა ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი სისუსტეებითა და უამრავი ნაკლით. ერთი უბრალო ქალი იყო ლეილა - უთვალავი სხვა ქალის მსგავსი.
გულაცრუებულმა მოულოდნელად მიახალა:
-დავიჯერო, შენა ხარ ლეილა, მაჯნუნი რომ ჭკუიდან შეშალა? დიდი ვერაფერი ბედენა ყოფილხარ! ნეტავ რით მონუსხე ეს კაცი?
ლეილას სახეზე ღიმილი მოეფინა:
-მე კი გახლავარ ლეილა, მბრძანებელო, მაგრამ შენ არა ხარ მაჯნუნი. მაჯნუნის თვალით უნდა შემომხედო, სხვაგვარად ამ სიყვარულის საიდუმლოს გასაღებს ვერ უპოვი.
image
❀ყურანი მორცხვ პატარძალს ჰგავს, ის პირბადეს მხოლოდ მაშინ აიხდის, როცა დანამდვილებით იცის, რომ მნახველი კარგი თვალით შეხედავს.


❀ყურანი მჩქეფარე მდინარეა, კიმია; ვინც მას შორიდან უყურებს, ერთ მდინარეს ხედავს მხოლოდ, მაგრამ ვინც მასში შეცურავს, იქ ოთხი სხვადასხვა ნაკადი დახვდება. ეს იმას ჰგავს, განსხვავებული სახეობის თევზი რომ სხვადასხვა ადგილას ცურავს; ზოგი ზედაპირთან ახლოს, ზოგიც ფსკერთან...


❀სამყარო ერთარსია. ყველა და ყველაფერი ამბების უჩინარი ქსელით არის დაკავშირებული. უნებურად ყველანი უსიტყვო საუბარში ვართ ჩაბმულნი. ნუ დააშავებ. თანაგრძნობაში გაიწაფე. ზურგს უკან ნურავის გაჭორავ. თუნდაც ეს სრულიად უწყინარი შენიშვნა იყოს. ჩვენი პირიდან ამოსული სიტყვები არასოდეს ქრება. მათ მარადისობა ინახავს. დრო მოვა და ისინი ჩვენვე მოგვიბრუნდება. ერთი ადამიანის ტკივილი ყველას დაგვისერავს გულს, ერთი ადამიანის სიხარული ყველას ღიმს მოგგვრის...

image

❀ეს სამყარო თოვლიან მთას ჰგავს, სადაც შენი ხმა ექოს სახით გიბრუნდება. რაც უნდა ამოვიდეს შენი პირიდან, ავი თუ კარგი - ამა თუ იმ სახით უთუოდ უკანვე მოგივა. ამიტომ ლანძღვით ნუ უპასუხებ იმას, ვინც შენ წინააღმდეგ უკეთურ ზრახვას ატარებს გულში. ამით ვერაფერს მიაღწევ და ბოროტი ენერგიის მანკიერ წრეში იტრიალებ დაუსრულებლად. გიჯობს, ორმოცი დღის განმავლობაში მხოლოდ კარგი ილაპარაკო და იფიქრო ამ ადამიანზე, თავად ნახავ, ორმოცი დღის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან დროის ამ მონაკვეთში თვითონ შენც იცვლი ფერს.


❀წარსული განვლილ დღეთა ჩვენეული ხედვაა, მომავალი კი ილუზიაა. სამყარო წარსულიდან მომავლისკენ სწორხაზოვნად როდი მიჰყვება დროის დინებას; დრო ჩვენი გავლით და ჩვენსავე შიგნით უსასრულოდ, სპირალისებურად მოძრაობს. მარადისობა უსასრულო დროს როდი ნიშნავს, არამედ უდროობას. თუ გსურს, ეზიარო მარადისობის ნათელს, გონებიდან ამოიშალე წარსულიცა და მომავალიც და სამუდამოდ დარჩი აწმყოში.


❀აწმყო ერთადერთია, რაც არის და მარადჟამს იქნება. იმ დღიდან, რაც ამ ჭეშმარიტებას გაითავისებ, აღარაფრის შიში აღარ შეგაწუხებს.

image

❀ხვედრი არ ნიშნავს იმას, რომ შენი ცხოვრება ვიღაცის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული. უმეცარია ის, ვინც ბედს ბრმად მიენდობა და სამყაროს მუსიკას თამამად არ ააყოლებს ხმას. სამყაროს მუსიკა ყველგან აღწევს, ყველაფერს მსჭვალავს. იგი ორმოც სხვადასხვა დონეზე ითხზვება. ხვედრიც, ალბათ, სწორედ ის დონეა, რომელზეც შენ საკუთარ ჰანგს დაუკრავ. შეიძლება, საკრავი არასოდეს შეცვალო, მაგრამ როგორ დაუკრავ, ეს მხოლოდ შენს ხელთაა.


❀ყურანი გვეუბნება, რომ ცილისწამება ერთერთი უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა სრუალიად არ ერიდება მას. ღვინის მსმელსაც განსჯიან, მოღალატე ცოლებზეც ფხიზლად უჭირავთ თვალი და ყოველთვის მზად არიან მათ ჩასაქოლად. მაგრამ როცა საქმე ჭორაობაზე მიდგება (რომელიც ღვთის თვალში გაცილებით მძიმე ცოდვაა), მასში ცუდს ვერაფერს ხედავენ.


❀ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მაგონდება:
სუფისთან ვიღაც უცნობი ქოშინით მიიჭრა
და უთხრა:
-შეხედე, შეხედე, ლანგრები მიაქვთ!
-მერე, მე და შენ რა შუაში ვართ? როგორ ფიქრობ, ეს ჩემი საქმეა? - ჰკითხა სუფიმ.
-კაცო, შენს სახლში მიაქვთ ლანგრები! - არ ცხრებოდა კაცი.
-მაშინ, როგორ ფიქრობ, ეს შენი საქმეა? - ჰკითხა სუფიმ.
საუბედუროდ, ადამიანები სხვების ლანგრებს ყოველთვის ადევნებენ თვალს. იმის მაგივრად, რომ თავიანთ საქმეს მიხედონ, სხვებს განიკითხავენ.

image

❀ამქვეყნად სამი ადამიანი გებრალებოდეთ: მდიდარი, რომელმაც
სიმდიდრე დაკარგა, პატივცემული კაცი, რომელსაც პატივი მოაკლდა და ბრძენი, რომელიც სულელების გარემოცვაში აღმოჩნდა.


❀ჭეშმარიტი სუფი მოთმინებით იტანს უსამართლო ბრალდებებს, თავდასხმებსა და ლანძღვას, თავად კი არც ერთი სააუგო და ცილიმწამებლური სიტყვა არ წამოსცდება თავის მძაგებლებზე. მოწინააღმდეგე და მეტოქე საიდან ეყოლება, როცა მისთვის საკუთარი თავიც კი აღარ არსებობს? როგორ უნდა დაადანაშაულოს ცალკეული ადამიანი, როცა მისთვის ყველა და ყველაფერი ერთია?


❀ყველაზე უვიცი სწორედ ის არის, ვისაც ჰგონია, რომ ყველაფრის პასუხი იცის.


❀ყველა სადღაც მიისწრაფვის, ყველას სურს, ვიღაც გახდეს. არადა, მათი სიკვდილის შემდეგ ეს მონაპოვარი ნიავქარს გაჰყვება.

image

❀ადამიანი ქოთანივითაა. ქოთანი ხომ შინაგან სიცარიელეს უჭირავს და არა გარეგან მორთულობას. ფეხზე სწორედ მაშინ დგახარ და წინაც სწორედ მაშინ მიიწევ, როცა იცი, რომ არარა ხარ, და არა მაშინ, როცა რაღაცას გამალებით ესწრაფვი.


❀ბრიყვები ამბობენ, ცეკვა მკრეხელობააო. მუსიკაც ხომ ღმერთმა გააჩინა, მაშ, მასვე როგორღა უნდა აეკრძალა ჩვენთვის მუსიკის მოსმენა? მხოლოდ იმ ჰანგებზე არ არის საუბარი, რომლებსაც ჩვენი სახმო სიმებით ან საკრავებით გამოვცემთ. მე იმ მუსიკას ვგულისხმობ, რომელიც ჩვენ ირგვლივ, ყველგან და ყველაფერში ისმის.

image

❀მინებება არ ნიშნავს არც სისუსტეს და უმოქმედობას, არც ბედისწერის გარდაუვალობასთან შეგუებას და არც ფარხმლის დაყრას. სულ პიქიქით არის ყველაფერი. ნამდვილი ძალა სოწრედ მინებებაშია, ძალა, რომელიც შიგნიდან მოდის. ვინც სიცოცხლის ღვთაებრივ არსს დაემორჩილება, აუმღვრეველ სიმშვიდეში ჰგიებს მარადჟამს, თუნდაც მთელი ქვეყანა ერთ დღეს დაიქცეს.განცდების ზედმიწევნითი მსგავსება ვერაფერი წინაპირობაა ცვლილებისა და წინსვლისათვის. ურთიერთსაპირისპირო განცდები ყოველი ჩვენგანის თანამდევია, ამიტომ მორწმუნეს აუცილებლად სჭირდება საკუთარ არსებაში ჩასაფრებული ურწმუნოს აღმოჩენა, ხოლო ურწმუნოს სულაც არ აწყენდა, თავის თავში შეეცნო ფარული მორწმუნე. ინსანიქამილის, ანუ სრულყოფილი ადამიანის მდგომარეობას ერთი ხელის მოსმით ვერ მიაღწევ. რწმენა აუჩქარებლად, თანმიმდევრულად ყალიბდება შენში და მას საამისოდ აუცილებლად სჭირდება საპირისპირო მოვლენა - ურწმუნოება.


❀ნაწილები იცვლება, მთელი კი ყოველთვის მთელად რჩება, რამეთუ ამქვეყნიდან წასული თითოეული ქურდბაცაცის ნაცვლად ახალი ქურდბაცაცა ევლინება მას, ხოლო თითოეულ გარდაცვლილ პატიოსან ადამიანს ყოველთვის გაუწევს მაგივრობას სხვა, მისივე სწორი. ქვეყნად არაფერი იცვლება და, ამავე დროს, არაფერი რჩება უცვლელი.


❀თვალებში შიში ჩასდგომოდა. განა იმის ეშინოდა, რომ კოვზი ნაცარში ჩამივარდებოდა და პატრონის სასჯელი არ ამცდებოდა; სხვა რამე არ აძლევდა მოსვენებას: ვაითუ, პირიქით, წარმატებისთვის მიმეღწია! მე ხომ იმის გაკეთებას ვაპირებდი, რაზეც თვითონ ყოველთვის ოცნებობდა და რის განხორციელებასაც ვერასოდეს ბედავდა, ამიტომ ახლა ჩემი გაბედულების გამო ერთდროულად პატივსაც მცემდა და ვძულდი კიდეც.

image

❀თუ გსურს, რწმენა გაგიძლიერდეს, შინაგანად უნდა მოლბე.
იმისთვის, რომ შენი რწმენა სალ კლდესავით გამყარდეს, შენი გული თივთიკივით ნაზი და რბილი უნდა გახდეს. ცხოვრებაში ყველა ადამიანი აწყდება სიძნელეებს ავადმყოფობა იქნება ეს თუ უბედური შემთხვევა, დანაკარგი თუ შიში. ეს ყველაფერი გასწავლის, როგორ განაგდო თავკერძობა და ახირება და როგორ უჩვენო მოყვასს რაც შეიძლება მეტი გულისხმიერება და სულგრძელობა. ზოგი ჩვენგანი იოლად ითვისებს ამ გაკვეთილებს და უფრო ლმობიერი ხდება, სხვებს კი პირიქით უარესად უქვავდებათ გული. ჭეშმარიტებასთან მიახლოების ერთადერთი გზა ეს არის: შენი გულის კარი ისე ფართოდ უნდა გააღო, რომ შიგ მთელი კაცობრიობა დაიტიო და კიდევ დაგრჩეს ადგილი სიყვარულისთვის.

❀არავინ უნდა ჩადგეს შენსა და ღმერთს შორის. არც იმამი, არც მღვდელი, არც რაბინი, ან სხვა რომელიმე რჯულისკაცი და ზნეობის სადარაჯოზე მყოფი პირი; არც სულიერი მოძღვარი და ასე გასინჯე, არც თავად რწმენა შენი. მტკიცედ იწამე შენი ღირებულებები, ბოლომდე უერთგულე შენს მრწამსს, მაგრამ სხვებს ნურასოდეს მიაძალებ მას. რაც უნდა პირნათლად ასრულებდე სარწმუნოებრივ მოვალეობას, თუ ადამიანებს გულს ატკენ, რიგიანი არაფერი გამოგივა ხელიდან. შორს დაიჭირე თავი ყველა სახის კერპთაყვანისმცემლობისაგან, რადგან იგი თვალებზე ბინდს აგაკრავს. მხოლოდ უფალი იყოს შენი მეგზური. დაეუფლე ჭეშმარიტებას, მეგობარო, მაგრამ ფრთხილად იყავი, კერპად ნუ გაიხდი მას.

image

❀ის სატანჯველი, რომელსაც ადამიანი თავის თავს თვითონვე უსჯის, უსასრულოა. ჯოჯოხეთი ჩვენშივეა. ჩვენშივეა სამოთხეც.


❀ზუსტად ვერ გეტყვი, როდის დამატყვევა პირველად შენმა
სიტყვებმა. ერთი რამ ვიცი მხოლოდ ჩვენი მიმოწერა მცვლის; მცვლის პირველივე წუთიდან... შეიძლება ოდესმე ვინანო ეს სიტყვები, მაგრამ მე მთელი ცხოვრება სინანულში გავატარე იმის გამო, რაც ვერ გავაკეთე, დაე, ერთხელაც გაბედული ნაბიჯის გამო ვინანო, არაფერი დაშავდება.


❀ -კი მაგრამ, ხალხს რომ არ მოეწონოს? ცეკვა ხომ ყველას არ მოსდის თვალში... ვუთხარი შამსს იმ იმედით, რომ საუბარს აღარ გააგრძელებდა, იქნებ დროებით მაინც გადადოთ ეს საქმე?
– ღმერთიც ბევრ ვინმეს არ მოსდის თვალში, მაგრამ რა ვქნათ, რწმენაც დროებით გადავდოთ? – კითხვა შემომიბრუნა შამსმა.
image
❀ყველა ჭეშმარიტ სიყვარულსა და მეგობრობას მოულოდნელი
ფერისცვალება მოაქვს თან. თუ სიყვარული ფერს და ზნეს არ შეგვიცვლის და ისევ იგივენი დავრჩებით, ესე იგი, საკმარისად არ გვყვარებია.


❀ჭადრაკში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ზოგი სვლა გამარჯვებისთვის
კეთდება, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო სწორი და მართებულია.


❀იმ ღამეს მშვიდად მეძინა. გულში ვზეიმობდი, არაფერი მაეჭვებდა. რა ვიცოდი, რომ ყველაზე დიდ, ყველაზე მძიმე შეცდომას ვუშვებდი, რომელსაც სამყაროს დასაბამიდან ყველა ქალი უშვებს: გულუბრყვილოდ ვიწამე, რომ ქალის სიყვარულს საყვარელი მამაკაცის შეცვლა შეუძლია.


❀ -ნეტავ უფრო ადრე გაგვეცნო ერთმანეთი, – გაიგონა ელამ
თავისი ნათქვამი.

-სიყვარულში არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ადრე და გვიან, – თქვა აზიზმა, – ყველაფერი დროულად ხდება.
image
❀სამყარო უკუგების პრინციპს ემყარება. ერთი წვეთი სიკეთე, ერთი მწიკვი ბოროტება არ ჩაივლის შემოუქცევლად. ნუ შეუშინდები შეთქმულებებსა და ფანდებს. თუ ვინმე ხაფანგს გიგებს, უღმერთოდ არც ეგ იქნება, იცოდე. იგია შეთქმულებების დიდოსტატი. ხეზე ფოთოლი არ გატოკდება მისი ნების გარეშე. ბოლომდე ირწმუნე ეს. ღმერთს არაფერი ეშლება, მისი ყოველი ნაბიჯი მშვენიერია.ღმერთი გულმოდგინე მესაათეა. მისი წესრიგი ისე ზუსტია, რომ დედამიწაზე ყველაფერი თავის დროზე ხდება არც ერთი წუთით გვიან და არც ერთი წუთით ადრე. ეს საათი უკლებლივ ყველასთვის ზუსტად მუშაობს. ყველას თავის დროზე დაუდგება ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა.


❀არასოდეს არის გვიან შენს თავს ჰკითხო: „ვარ თუ არა მზად, შევცვალო ჩემი ცხოვრება? ვარ თუ არა მზად, შევიცვალო მე თვითონ?“ ერთი დღეც თუ დაემსგავსა გუშინდელს, ნამდვილად დასანანი იქნება. ადამიანი ყოველწუთიერად, ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად უნდა ახლდებოდეს. თუ გსურს ხელახლა იშვა, სიკვდილამდე უნდა მოკვდე.

image

❀ზოგჯერ გგონია, რომ ვეღარ გააგრძელებ ცხოვრებას, გგონია, რომ შენი სულის სინათლე ჩაქრა და სამუდამო ბნელში ჰგიებ. მაგრამ სწორედ ბნელში დანთქმისას, როცა ორივე თვალი დახუჭული გაქვს და სამყაროს აღარ ჭვრეტ, უცებ მესამე გულის თვალი აგეხილება და მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ თვალით ხედვა ერთია, გულით ხედვა კი სულ სხვა.


❀არაფერს აქვს ისეთი მახვილი მზერა, როგორიც მწუხარებას.
მწუხარების დროს სხვა ჟამი გიდგება, სხვა ველი იშლება შენ წინ; ამიერიდან ყველგან და ყველაფერში ხედავ საყვარელ ადამიანს, რომელიც ადრე არსად ჩანდა. შენ ხედავ მას წყლის წვეთში, რომელიც ოკეანეს უერთდება, ზღვის მიქცევაში, მთვარის კლებას რომ მოსდევს თან, დილის ნიავში, თავის ნაზ სურნელს რომ აფრქვევს ყოველგან, გეომანსიურ სიმბოლოებში, მზეზე მბზინავ პაწაწინა ქვის ნატეხებში, ახალშობილი ბავშვის ღიმილში ან კიდევ შენი ძარღვის ფეთქვაში.
image
❀ყველა გამარჯვებულს ჰგონია, რომ მისი ზეიმი სამუდამოა. ყველა დამარცხებული შიშობს, რომ სამუდამოდ არის ძლეული. მაგრამ ორივე ერთი მიზეზით ცდება: ყველაფერი იცვლება, შემოქმედის სახის გარდა.


❀უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები
საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს...
ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.

image


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე იხილეთ ციტატები წიგნებიდან:


1. "მე ვარ მალალა" - მალალა იუსაფზაი

2. "ზაჰირი" - პაულო კოელიო

3. "ტრიუმფალური თაღი" - ერიხ მარია რემარკი

4. "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" - ერიხ მარია რემარკი

5. "ქარწაღებულნი" - მარგარეტ მიტჩელი

6. "ბუდენბროკები" - თომას მანი

7. "შეჭამე ბაყაყი" - ბრაიან თრეისი

3
9686
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
9686
  
2018, 2 იანვარი, 14:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 21 სექტემბერი, 23:04
ბარაქალა თქვენს ნებისყოფას...
0 1 3