აჭარა სამთო გიდების გადამზადება 2017, 21 ივლისი, 10:24 18 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში გიდებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცერემონიას ყველა გიდი ვერ დაესწრო, რადგან ქალაქში არ იმყოფებოდნენ, სამუშაოდ იყვნენ გასული. სერტიფიკატები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვმა და გადამზადების ტრენერებმა გადასცეს. ამით ორთვიანი, საკმაოდ დატვირთული თეორიულ–პრაქტიკული ტრენინგების კურსი დამთავრდა. ასეთი მასშტაბური სწავლება წელს პირველად ჩატარდა. სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და განათლების მქონე გიდების მსურველები გასაუბრების შედეგად შეირჩა. ყველაზე ახალგაზრდა, სკოლის მოსწავლე, 16 წლის ნიკო დუმბაძეა, ყველაზე ხანდაზმული კი 72 წლის ომარ თენალიში. გიდებიდან ერთი გერმანულენოვანი, 20 ინგლისურენოვანი და 39 რუსულენოვანია. „მთიანი აჭარა დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს მთიანი აჭარის ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული მარშრუტის გიდები, რაც წლების განმავლობაში იყო პრობლემა. საბედნიეროდ, დღეისთვის უკვე გვყავს ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას წარმოაჩინონ ულამაზესი მთიანი აჭარა, “ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. სწავლებას უშუალოდ ა(ა)იპ "ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო" ხელმძღვანელობდა, დირექტორი თინათინ ზოიძე. პროექტის კოორდინატორი იყო ანო დოლიძე, რომელიც ყველა გასვლაში მონაწილეობდა, ლექციებს ატარებდნენ დოქტორანტი, ტურისტული კომპანია ვიზიტ აჭარას გენერალური დირექტორი, თემურ ზოიძე, ისტორიკოსები ნიკა იმედაიშვილი, ოთარ გოგოლიშვილი, მეღვინე–ტექნოლოგი ვახტანგ ჩახვაძე, ტურიზმისა და საზოგადოებრივი კვების ექსპერტი ირაკლი ბარამიძე, ექიმი კარდიოლოგი მაირან აზნაურიანი, გამოცდილი გიდები მიხეილ ჟორჟოლიანი, ნიკოლოზ ჩიკაშუა, იური ბაბაიანი. გიდები ოთხი მიმართულებით მოემზადნენ: დაცული ტერიტორიების მარშრუტი, ქედის ღვინის მარშრუტი, ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტი, მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტი. ქედა, პირველი მაისი, შერვაშიძეების მარანი 55 შეფასება არ არის
|