ხანდახან ისე ნაადრევად საღამოვდება,
მზე ზოგჯერ ისე უზრუნველად წაიზარმაცებს...
თითქოს სიცოცხლე მოკლდება და გულიც ღონდება
ცრემლნარევ ლოცვით რომ ასცქერის ცას მობარბაცეს...
შენ შორს ხარ ამ დროს და სულს აზის მარტო დარჩენის
მარადისი და უკურნელი შიშის ბაცილა...
და ამ დროს ვფიქრობ - რომ ვედრებას ჩემსას უჩემოდ
საყდრიდან მწუხრის ანგელოზი გამოაცილებს...
ნუ მიმატოვებ მე, უფალო, ნუ მიმატოვებ
თუმც ხშირად მიჭირს, მაგრამ ახლა სხვა არს ეს გვემა...
ჩემს წყლულსატკივართ მადლი შენი გადმოათოვე
და მრავალნაგვემს სანატრელი შვება მაგემე...
მაქვს უამრავი სავედრები და სათხოვარი,
ოღონდაც ვშიშობ გაგაბეზრო და შენც იწყინო
ვარ ერთი მწირი მწირთაგანი და უპოვარი
და შენს წინ მორთხმულს,
მე ჯერ ლოცვაც არ დამიწყია...
ხუთჯერ თორმეტი მოვიყარე წლები უბირად
და თუ რამ დამრჩა, შემოგწირავ იმ ორ პარასკეს
ჩემს ქოხმახს შენმა ანგელოზმა გადაუფრინა
და მსწრაფლ განათდა წამით, ჩემი მოკლე შარაგზა...
შენსკენ ვილტვოდი მე უფალო, შენსკენ აქამდეც...
და ამ მოკლე გზის მჯერა -
უფრო მალე გავივლი...
იქ, გზის დასასრულს სანთლის მცირე ალი ფარფატებს
და მცირე ჯვარქვეშ
შეყუჟული
მინდვრის ყვავილი....