x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სიშიშვლე შალვა ქიქოძის შემოქმედებაში

imageშალვა ქიქოძის ნამუშევრები
მეტად განსხვავებული და თავისებურია, მხატვარს აქვს თავისებური სტილი, რომელიც სხვებს
არ ჰგავს. გამომდინარე ჩვენი კვლევის თემიატიკისა, მხატვრის შემოქმედებიდან სიშიშვლის
ელემენტების მქონე სურათებს განვიხილავთ, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ინტერესი ჩემში
გამოიწვია „სამმა მხატვარმა“, პირველ რიგში რა საკვირველია მასზე გამოსახული სამი ნიუს
გამო, მაგრამ მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ სურათი ბევრ კითხვას ბადებს, მნახველის
სულს აფორიაქებს და აიძულებს იფიქროს, თუ რა ჩადო მხატვარმა ამ ნამუშევარში მეტაფორულად.
imageმხატვარი და მისი მეგობრები უცნაურ გარემოში არიან წარმოდგენილი – სამი შიშველი ნიუს გარემოცვაში მდელოზე ქეიფისას, ზღვის ტალღების ფონზე. ყოველი ფიგურა თუ კომპოზიციური ჯგუფი რაღაც ალეგორიულ, ფარულ შინაარსს შეიცავს. კომპოზიცია ერთ სიბრტყეზე იგება, მაგრამ შ. ქიქოძის ტილოებისთვის დამახასიათებლად მონიშნულია პლანები – ალეგორიული სახეებიც ცალკე ამბებად ვითარდება და მთლიანობაში რთულ სიმბოლისტურ ნაწარმოებად იკვრება.
შინაარსობრივ - იკონოგრაფიული თვალსაზრისით ორაზროვნებასა და მრავალპლანიანობასთან გვაქვს საქმე. აშკარა ირონიითაა გადმოცემული როგორც მხატვართა, როგორც შემოქმედთა მარტოობისა და მათი შემოქმედებითი ინსპირაციის თემა, ისე ეროტიკული მოტივები. პარიზის მრავალფეროვანი ყოფა-ცხოვრება მხატვრებს, ჩანს, მრავალ საცდურს სთავაზობდა. მაგრამ, ამავე დროს, ეს მინიშნებაცაა არქეტიპულ, ქრისტიანულ მოტივზე. ეროტიზმისა და ირონიის მიღმა იქნებ, გარკვეული რელიგიურ-სიმბოლური მოტივებიც ამოვიკითხოთ – როგორიცაა შემოქმედებითი საწყისი, ცდუნების თემა, სამოთხიდან განდევნა და ყოფიერების, ცხოვრების წინააღმდეგობებით აღსავე გზა - მღელვარე ზღვა და უმოძრაო ნავი, რომელსაც თვით მხატვარი მართავს.
მეტად საინტერესოა
ვაშლი, რომელიც ერთ-ერთ ნიუს უპყრია ხელთ და თითქოს მხატვრის (ლადო გუდიაშვილის) ცდუნებას
ცდილობს, ისევე როგორც ევა ადამისას.
ასევე დიდ ყურადღებას
იპყრობს ფრინველი კაკაბაძის თითზე, რომელიც ლურჯია, მხატვარი თითქოს შეფიქრიანებული
უმზერს მას, თითქოს მომავალში მისი დახატვა განუზრახავს და მისი ნაკვთების შესწავლას
ცდილობს. ფრინველები მეტად საინტერესო სიმბოლურ მნიშვნელობებს ატარებდა ხელოვნებაში,
განსაკუთრებით კი მხატვრობასა და ქანდაკებაში. ზე ადამიანების გამოსახატავად ხომ ხშირად
ერწყმოდნენ ფრთები ადამიანის სხეულს? ფრინველები ხშირად უკვდავების, სიხარულის, მისნობის
ღვთაებებს წარმოადგენენ. (ეს იდეა აისახა მორის მეტერლინკის სიმბოლისტურ დრამაში -
„ლურჯი ფრინველი“).
სუფრა, რომელსაც
მხატვრები და მათი შიშველი მუზები შემოუმსხდარან თითქოს მითოლოგიურ სახესაც ატარებს,
უფრო კონკრეტულად კი „დიონისიურს“. სურათზე აშკარაა რეალურისა და პირობითის სინთეზი
და მხატვრული ხერხების მრავალგვარობა და ორაზროვნება. ერთი მხრივ, ფიგურათა ხელშესახები,
თითქოს მოცულობითი ფორმები, სახე, ხელის მტევნები, ზუსტი მსგავსებით დაწერილი პორტრეტები
და, ამავე დროს, სრულიად პირობითი, ლაქოვანი, დეკორატიული სტრუქტურა მათი გარემომცველი
სამყაროსი. თვით ფიგურათა მოცლობითობაც მოჩვენებითია, რადგან მთლიანობაში ისინი ერთგვარ
ფერადოვან ფართო სიბრტყეებს ქმნიან, რომლებიც თანაბრად და გარკვეული გააზრებული რიტმის
თანახმად ნაწილდება სასურათო სიბრტყეზე. ფერადოვანი ლაქის, ხაზის მნიშვნელობა იმდენად
გაზრდილია, ღია ფერის სიბრტყეებისა და მუქი ტონების კონტრასტი იმდენად ინტენსიურია,
რომ ფორმები განყენებულ პირობითობას იძენენ ანუ არსებობს ერთგვარი რეალისტური საწყისი, თუმცა, ილუზორულობა
სრულიად იგნორირებულია. კომპოზიცია პლანებად ნაწილდება და, შეაბამისად, ალეგორიული სახეებიც ცალკე ამბებად ვითარდება, მაგრამ ამ მონიშნული
პლანების მიუხედავად, ფერადოვან ლაქათა ლოკალური, დეკორატიული ხასიათი, ფონისა და წინა
პლანის ერთგვაროვანი დამუშავება, ფონის სიბრტყობრივი გადაწყვეტა უკუპერსპექტივის შთაბეჭდილებას
უფრო იწვევს. თითქოს ზღვა აყირავებულია, მისი ტალღები კუთხოვან-სტილიზებული, ცის ნაგლეჯი
კი ვიწრო ზოლად ჩნდება და ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ სივრცე დაკუმშულია, სიღრმე, პლანები
მხოლოდ მინიშნებულია პირობითად, მთლიანობაში კი სცენა ერთიან დანაწევრებულ სიბრტყედ
აღიქმება. ამ სიბრტყეზე ფიგურები რაციონალური სტრუქტურის მიხედვით ნაწილდება, მათი
განთავსება, მოძრაობები, პოზები ღრმად გააზრებულ ურთიერთკავშირზეა აგებული. წინა პლანის
მასშტაბური გამოსახულებები, განსაკუთრებით კი შავ სამოსში მხატვართა სტატიკური, თითქოს
გარინდებული ფიგურები თითქოს საყრდენს უქმნიან კომპოზიციას. მუქ ტონალობაში ამონათებული
ღია ფერის ლაქები ერთგვარ რიტმადაა გამთლიანებული, რომელიც სურათის წინა პლანიდან მის
პირობით სიღრმეში ვითარდება, ხელის ჟესტების განმეორებადი, ხშირად კუთხოვანი მონახაზები,
მოძრაობები კომპოზიციის ცენტრისკენ - მხატვრის ავტოპორტრეტისკენ მიანიშნებს და მისკენ
კონცენტრირდება. სურათის მხატვრულ-იდეური ცენტრი, ფოკუსი - მხატვრის ავტოპორტრეტია.
ეს ერთგვარი „ბაროკული“ ხეხრია, როდესაც კომპოზიციის იდეურ - მხატვრული ცენტრი გადაადგილებულია სიღრმეში და შემცირებულია ზომით, რითიც თითქოს გარკვეული ინტრიგა ჩნდება. მნახველის მზერა ავტოპორტრეტის გამოსახულებაზე ფიქსირდება, მით უფრო, რომ ის ერთადერთია პერსონაჟთაგან, რომლიც კონკრეტულად მნახველს უცქერის და მას მიმართავს. მის მზერას და მოძრაობას თითქოს შევყავართ სურათში არსებულ გარემოში, ერთგვარი კონტრასტიც კი ჩნდება ავტოპორტრეტსა და მისი მეგობრების პორტრტებს შორის, რომლებიც თითქოს საკუთარ, უდროო სამყაროში არსებობენ, ხოლო ავტოპორტრტის მიმიკა არტისტული, მოთამშე და მოუხელთებელია.
მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი მცდელობა საზღვრის მოშლისა მაყურებელსა და გამოსახულს შორის, ამ შემთხვევაში ავტოპორტრეტსა და მნახველს შორის ურთიერთკავშირზეა აგებული, რაკიღა დანარჩენი პერსონაჟები თითქოს საკუთარ, დისოცირებულ სამყაროში არსებობენ. მხოლოდ მხატვარის ავტოპორტრეტზე შეიძლება ითქვას, რომ ის მიმართულია, როგორც გარემოსკენ, ისე მნახველისკენ და ააშკარავებს საკუთარ სუბიექტურ დამოკიდებულებას გარემომცველი სამყაროსადმი.

image

მსგავსი კომპოზციური ხეხრი ანუ შინაარსობრივი ცენტრის, ფოკუსის სურათის უკანა პლანზე განთავსება და მისი აქცენტირება მისკენ მიმართული კომპოზიციური მასებით შალვა ქიოქიძის სხვა ტილოებზეც გვხვდება. მაგ., „პარიზი. ლუქსემბურგის ბაღი“,
სადაც მისი ავტოპორტრეტი სურათის სიღმიდან იყურება დამკვირვებლის როლში, ასევე, „მხატვართა ყავახანა პარიზში“,

„დღეობა“ პლანები და ექსპრესიული, დინამიკური რიტმი, რომელიც სიღრმეში შეჭრის შთაბეჭდილებას ქმნის აშკარაა სურათში „ქალაქი“. ჩვეულია ამ მხატვრისთვის, ასევე, სივრცის, კომპოზიციის მნიშვნელოვან მაორგანიზებელ ელემენტად და შინაარსობრივ აქცენტად განათების გამოყენება. განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სურათებში „ქალაქი“, „ლუქსემბურგის ბაღი“, ხოლო „სამ მხატვარ“-ში განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას იძენს, რაკიღა ის უფრო ხელოვნური შუქის შთაბეჭდილებას ქმნის და გარკვეული კუთხიდან შემოდის სურათში, როგორც სცენის ხელოვნური განათება. სინათლის სხივი სურათის მარცხენა კიდიდან ეცემა უკანა პლანზე ასახულ ფიგურებს, კიდეში გამოსახული ნიუ თითქოს ამ განათებიდან გამოდის (სამოთხიდან განდევნის ასოციაცია) და მხატვრის ავტოპორტრეტსაც ეს შუქი ეცემა, რომელსაც მისი თეთრი პერანგი განსაკუთრებით ირეკლავს, ანუ კომპოზიციის მხატვრულ-იდეური ფოკუსი განათებითაცაა აქცენტირებული.

image


არანაკლებ საინტერესო
ნამუშევარია მისი სურათი „ქალაქი“, რომელზეც გამოსახულია მთვრალი მამაკაცებისა და ნახევრად
შიშველი ქალების სასიყვარულო აქტებით ტკბობის სცენები. წინა პლანზე გამოსახულია მამაკაცი,
ნაწილობრივ მელოტი თავით, მის კალთაში წელს ზემოთ შიშველი ქალი ზის, თვალებმინაბული,
თითქოს ცდილობს მამაკაცს, რომელიც მის მკერდს ებღაუჭება გაუძალიანდეს, რაზეც მეტყველებს
ქალის ძლიერი ჩაჭიდება მამაკაცის მკლავსა და მაგიდაზე. მელოტი მამაკაცი ქალს მხარზე
კოცნის.

image







0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0