x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვისთვის აშენებდა მხატვარი 22 წელი მარტო ,,შემოქმედებით ტაძარს" და რატომ სთვლიდნენ მას გიჟად
image65 წლის ვალერიან ჭილაშვილი პროფესიით მსახიობი და მხატვარია. ალბათ, სიტყვები არ მეყოფა იმ დიდი ღვაწლისა და გმირობის აღსაწერად, რაც მან გააკეთა. ბატონმა ვალერიანმა 22 წელი მოანდომა, როგორც თავად უწოდებს, „თეატრალური ტაძრის“ აშენებას ცხინვალის რაიონის სოფელ კულბითში, რომელშიც განთავსებული იყო თეატრალური სცენა თავისივე დარბაზით, საგამოფენო გალერეა, საგრიმიორო და ასე შემდეგ. ამ მშენებლობისთვის ერთი ქვაც კი არავის „შეუწირავს“, განა იმიტომ, რომ მსურველი არ იყო, უბრალოდ, მხატვარს სურდა, მაქსიმალურად დაეხარჯა საკუთარი ძალა და შესაძლებლობები. თავად ფიქრობს, რომ, როდესაც რამის გაკეთების სურვილი დიდია, მაშინ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. მისი სულიერი საზრდო, როგორც თვითონ ამბობს, სოფელი და იქ მცხოვრები ბავშვები იყვნენ.

– რატომ გადაწყვიტეთ, როგორც თავად უწოდებთ, „თეატრალური ტაძრის“ აშენება?

– ყოველთვის ამბობდნენ, რომ საქართველო მარტო ვერ იარსებებს და მას გვერდში უნდა ედგას აუცილებლად ძლიერი და დიდი სახელმწიფო, როგორიც, მაგალითად, რუსეთიაო. მე ყოველთვის ვიყავი ამის წინააღმდეგი და ვამბობდი, რომ საქართველომ თავისი თავი თვითონ უნდა დაიცვას, არ სჭირდება სხვისი დახმარება. ამაში ყოველთვის მედავებოდნენ და ნიშნისმოგებით მეკითხებოდნენ: შენ სახლს მარტო ააშენებო? მე ვპასუხობდი, რომ ავაშენებდი. სწორედ ამ კამათის დროს ჩაისახა ჩემში მუზა, რომლის განხორციელება და საჭირო სახსრების მოძიება დავიწყე. ჩემს ძმას ბოლომდე არ სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და მეუბნებოდა, რომ ჩემი ჩანაფიქრის ასასრულებლად ფული იყო მთავარი, რაც მე არ მქონდა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მთავარი ფული კი არა, სულია, რომელიც წარმართავს ფულსაც და სხვა დანარჩენსაც. თავდაპირველად რაღაც თანხა, რა თქმა უნდა, საჭირო იყო. ჩემი ძმის წინაშე პირობა დავდე, რომ ჩემს ჩანაფიქრს აუცილებლად განვახორციელებდი. ჩემი დევიზი იყო: „ადამიანი, როგორც საქართველო“.

– რა დრო მოანდომეთ, თქვენი სურვილისთვის საბოლოო სახე რომ მოგეცათ?


– 22 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისში მხოლოდ image
წელიწადში სამ თვეს ვატარებდი, ისიც ზამთარში. სოფელში მიწები მქონდა, სადაც მოსავლის მოყვანით ვიყავი დაკავებული, დანარჩენ დროს კი, მთლიანად ვუთმობდი მშენებლობას. – რა ტერიტორია მოიცვა თქვენმა მშენებლობამ და რა იყო შიგნით განთავსებული? – სიგრძე იყო 15 მეტრი, სიგანე – 8 მეტრი. პირველი სართული იყო თეატრალური დარბაზი ძალიან ლამაზი სცენით, სადაც 120 ადამიანი ეტეოდა. მეორე სართული მოიცავდა მოსამზადებელს, ანუ საგრიმიოროს, მესამე სართულზე კი განთავსებული იყო საგამოფენო დარბაზი თავისი განათებით. – იყო ვინმე, ვინც შემოგთავაზათ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის თანხა, თუ, თავად თქვით რამე წინადადებაზე უარი? – სიმართლე გითხრათ, არავინ მოსულა და არავის უთქვამს, თანხით დაგეხმარებიო. არც მინდოდა. ეს ყველაფერი უფლის დახმარებით შევძელი. როდესაც სურვილია, მაშინ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. მთავარია, საკუთარი თავი შეიცნო. ღმერთი ერთია გალაქტიკაში, ჩვენ კი, ადამიანები, ვართ სხივებად გამოგზავნილნი დედამიწაზე. ყველა ჩვენგანში დევს ეს ღვთიური სხივი, მთავარია, დაინახო და შეიმეცნო.

– როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი ამ გადაწყვეტილებას?

– რასაკვირველია, ჩემი მეუღლე მარწმუნებდა, გადამეფიქრებინა. მირჩევდა, რომ, თუ ამ ყველაფრის გაკეთებას არ დავიშლიდი, ქალაქში გამეკეთებინა და არა სოფელში. მანამ, სანამ მშენებლობას დავიწყებდი, ვმუშაობდი ცხინვალის თეატრში. დამთავრებული მაქვს თეატრალური ინსტიტუტი და სამხატვრო აკადემია. ხშირად ვიღებდი მონაწილეობას გამოფენებში საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

– ამ წლების განმავლობაში როგორ არჩენდით ოჯახს?

– ჩემი მეუღლე მუშაობდა, მე კი მიწის დამუშავებით მომყავდა ჩემი ოჯახის სამყოფი მოსავალი. საბედნიეროდ, გაჭირვება არასდროს გვიგრძნია.

– სოფელში მცხოვრებნი როგორ შეხვდნენ თქვენს ამ გადაწყვეტილებას?

– (იცინის) თავდაპირველად გიჟად ჩამთვალეს. სხვა რა გაგება უნდა ყოფილიყო იმათ თვალში?! აქვე გეტყვით, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ნოემბრამდე არ დამიტოვებია სოფელი. გარშემო რაც კი რამე არსებობდა, ყველაფერი გადაწვეს, ჩემი კუთხე კი ხელუხლებელი დარჩა. ომის დროსაც ვაგრძელებდი მშენებლობას. ჩემთან მოვიდა რუსი ჯარისკაცი და მკითხა, რას აკეთებო. მეც ვუპასუხე, ვაშენებ იმას, რაც საჭიროა რუსისთვისაც, ოსისთვისაც და ქართველისთვისაც-მეთქი. მან ჩაიცინა და მითხრა, ააშენე, ააშენეო. ალბათ, იფიქრა, გიჟიაო.

– როდესაც გარშემო მყოფებმა დაინახეს, რომ ეს ყველაფერი სიგიჟე არ იყო, ფიზიკური დახმარება არ გაგიწიეს?

– რა თქმა უნდა, იყო ამის სურვილი, მაგრამ მე არ მოვინდომე მათი დახმარება. ხარაჩოზე ქვები რომ ამქონდა, როდესაც გამომელეოდა, ისევ ჩამოვიდოდი და ხელახლა ავიტანდი ხოლმე. ერთხელ მეზობლებმა ამომიტანეს, მოხმარება უნდოდათ, მაგრამ ჩამოვყარე და მე ავიტანე ხელახლა.

– კი მაგრამ, ასე რატომ იქცეოდით?

– პრინციპის გამო. მაინტერესებდა ჩემი შესაძლებლობები, თან, სპორტული ინტერესებიც მქონდა (იცინის). – მშენებლობა დაუსრულებელი დაგრჩათ? – მხოლოდ ნიუანსები იყო დარჩენილი, დიდი არაფერი. გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა შემოქმედებითი ტაძარი. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართა. მესტუმრა მაშინდელი კულტურის მინისტრი ვაჩეიშვილიც. ასევე, მეუფე ისაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ბევრი ღონისძიება. გარდა ამისა, ადგილობრივებმა დადგეს წარმოდგენა ჩემი ხელმძღვანელობით. ერთი სიტყვით, ამოქმედების ფაზაში ვიყავით, როდესაც დაიწყო 2008 წლის ომი.

– ხომ არ გაქვთ იმის გრძნობა, რომ ტყუილად იწვალეთ?

– არა. იცით, რატომ? ეს უკვე გამარჯვება იყო საკუთარ თავზე. არ შემეშინდებოდა იმის, ოსი თუ მეტყოდა, გაგანადგურებ, ტაძარს აგიფეთქებო, რადგან ისინი ჩემს სულს ვერ ააფეთქებდნენ.

– თუ გსმენიათ, ახლა რა ხდება თქვენს ტერიტორიაზე, კულბითში?

– როგორც გარშემო სოფლებიდან მატყობინებენ, გარშემო ყველაფერი განადგურებულია. ჩემი აშენებული შემოქმედებითი ტაძარი კი ისევ ხელუხლებლად დგას. ის ფაქტი, რომ ჩემს შენობას არავინ შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს.

1
678
5-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
678
  
0 1 1