მხატვრობა პიკასოს "გერნიკა" 80 წლისაა 2017, 25 მაისი, 0:35 1937 წლის მაისში შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ომის საწინააღმდეგო ნახატი – პაბლო პიკასოს "გერნიკა" გერნიკაში მხატვარი არ იყო ნამყოფი, მაგრამ მისმა განადგურებამ შეძრა იგი. რამდენიმე დღეში ნამდვილი ფერწერული შედევრი შექმნა: სუბიექტური ასოციაციები დოკუმენტურ ფოტოზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 1937 წლის 26 აპრილს გერმანულმა ესკადრილიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას. დანგრეულ ქალაქის 5 000 მცხოვრებიდან 2 000 დაიღუპა. შთამბეჭდავი ზომების (3, 5X7, 8 მ.) ტილოს დახატვა მხატვრის რეაქცია იყო უდანაშაულო ხალხის დაღუპვაზე. იმ დროისთვის მხატვრის შემოქმედებაში დომინირებდა ხარის თემა, როგორც დამანგრეველი ძალის, ომის, სიკვდილის, ჰაოსის სიმბოლოსი. პირველ დღეებში მხატვარი მოლბერტთან 12 საათზე მეტს ატარებდა. ალბათ პიკასოს ადრეც ქონდა მსგავსი რამ ჩაფიქრებული, ამიტომ მუშაობა ასე სწრაფად მიმდინარეობდა. ოსტატს თვეზე ნაკლები დასჭირდა "გერნიკას" შესაქმნელად. მხატვარი ადამიანთა სასოწარკვეთას, აგონიას, მრისხანებას გადმოგვცემს მხატვრული სახეების ასოციაციური კავშირებით. აქ აგრეთვე არის თავისებური წინააღმდეგობა, სურათი ხომ შავ – თეთრ ფერებშია, როგორც დღე და ღამე, სიცოცხლე და სიკვდილი. სახეები მკვეთრია, მაგრამ მარტივად არის გადმოცემული, მხოლოდ ზოგადი შტრიხები. მამაკაცისა და დედის, რომელსაც ხელში მკვდარი შვილი უჭირავს, სახეები – მხოლოდ ღია, მყვირალი პირი, ცხვირის ნესტოები და შუბლზე ასული თვალები. ეს სასოწარკვეთილებისა და საშინელების გრიმასი სიკვდილისა და ნგრევის ნიღაბი არ არის? კონტრასტულია აგრეთვე მკვდარშვილიანი დედისა და ხარის სახება. ტანჯვა და გულგრილობა მთელი სურათის ძირითადი ხაზია. უწყალო ძალის გულგრილობა, მშრალი თვალები, ქედმაღლობა დაღუპულების მიმართ... სურათში ბოროტება პერსონიფიცირებული არაა, მნახველი ვერ ხედავს ამ საშინელების მიზეზს. სადღაც შორს ცეცხლის ენებია, მაგრამ არც ბომბები და არც ნანგრვები არ ჩანს. პიკასომ ამ ტილოთი მოვლენებს გაუსწრო, ომი რომელმაც მთელი მსოფლიო ჩაითრია ხომ შემდეგ დაიწყო. შემდგომში ხარის სახება ფაშიზმთან გაიგივდა, რომლისთვისაც უცხოა თანალმობა და საერთოდ სიცოცხლე. დორა მაარის ფოტოებმა შემოგვინახა ტილოზე მუშაობის სტადიები და მრავალრიცხოვანი ეტიუდები, აგრეთვე თავად პიკასოს პორტრეტები მუშაობის პროცესში. დორამ, როგორც მხატვარმა და ფოტოგრაფმა კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს ტილო პიკასოსა და მომავალი თაობებისათვის. მისი წყალობით ჩვენ საშუალება გვაქვს ვნახოთ "გერნიკაზე" მუშაობის სტადიები და პიკასო პარიზში, Grands-Augustins –ის ქუჩაზე მდებარე თავის სახელოსნოში. 897 1-ს მოსწონს
|