მოგზაურობა მარტვილის კანიონი ანუ იურული პერიოდის პარკი ქართულად 2017, 15 მაისი, 13:25
მარტვილის კანიონი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა საქართველოს ტურისტულ რუკაზე. მართალია, ტურისტებისთვის ის ცოტა ხნის წინ გაიხსნა, მაგრამ მდ. აბაშამ უკვე რა ხანია «გაიყვანა» გზა კირქვიან ქანებს შორის. რამდენიმე წლის წინ, პალეონტოლოგებმა კანიონში დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც მეზოზოური ერის, ზემო ცარცული პერიოდის ქანებში არის განამარხებული. მისი ასაკი, დაახლოებით, 75 მლნ. წელია. ნაკვალევის 90% ბალახისმჭამელ დინოზავრებს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 10% — მტაცებლებს. მარტვილის, ანუ გაჭედილის კანიონი, არც ისე დიდი ზომის «სველი» კანიონია, რომელიც სოფ. გაჭედილის მახლობლად მდებარეობს და ქ. მარტვილის ცენტრიდან 8 კმ-ით არის დაშორებული. კანიონი, რელიეფის თავისებურების მიხედვით, ორ ნაწილად – ზემო და ქვემო კანიონებად იყოფა. მათ შორის საზღვარი მდინარის თავთხელზე გადის. კანიონი ძალიან კარგი ტემპერატურული რეჟიმით ხასიათდება – მაშინაც კი, როდესაც «გარეთ» ყველაფერი «იწვის», იქ ყოველთვის გრილა და ამის გამო, წყალი ძალიან ცივია. ზემო კანიონის გაცურვა ნავებით შეიძლება, რომლებიც იქვე ქირავდება. მის გასაცურად და თან დასათვალიერებლად, დაახლოებით, 30-45 წუთი არის საჭირო. გასეირნება ჯომარდობას ანუ რაფტინგს (RAFTING) მოგაგონებთ, თუმცა მსუბუქი ფორმით (ძალიან მსუბუქი ფორმის). შეგიძლიათ თამ წაიღოთ ფოტოაპარატები და მობილური ტელეფონები (სელფის ჯოხებიც არ დაივიწყოთ). იყო დრო, როდესაც მდინარის სანაპიროზე ნავები არ იყო და მისი დათვალიერება მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც ცურვა იცოდა და ცივი წყლის არ ეშინოდა. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზემო კანიონის გარდა, არის ქვემო კანიონიც, რომლისკეც ქვის ბილიკი მიდის, ანუ იქამდე მისასვლელად, ნავი არ არის საჭირო. 2016 წლიდან კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხაში შევიდა და მდინარის ამ მონაკვეთზე, ბანაობა აიკრძალა. მარტვილის კანიონის მეზობლად, სამეგრელოს კიდევ სამი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: მარტვილის (ჭყონდიდის) მონასტერი, სოფ. სალხინო და ნოქალაქევი. მარტვილის მონასტერი – ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც მე-7 საუკუნეში ჭყონდიდის წარმართული რელიგიური ცენტრის ადგილზე აშენდა. მონასტერი მთის თხემზე მდებარეობს და იქიდან არა მარტო სამეგრელი, მთელი იმერეთი მოჩანს. სამეგრელოს ულამაზესი სოფ. სალხინო, სოფ. გაჭედილის გვერდით მდებარეობს. ის 15 კმ. არის დაშორებული მარტვილიდან და რეგიონის კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს. აქ XIX საუკუნის I ნახევარში, ლევან დადიანმა საზაფხულო რეზიდენცია ააშენა. დღეს სასახლეში მონასტერია. იქ მოღვაწე ბერები ოჯალეშის ჯიშის ვაზს უვლიან და მისგან ღვინოსაც აკეთებენ. კანიონიდან არც ისე შორს, მდებარეობს უძველესი ციხე-ქალაქი ნოქალაქევი. სახელის «ნოქალაქევი» — ნაქალაქევს – მიტოვებულ ქალაქს ნიშნავს, რომელმაც ისტორიული წყაროების მიხედვით, 736 წელს შეწყვიტა თავისი არსებობა. მანამდე ის ეგრისის სამეფოს დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი იყო, რომელსაც ბერძნები არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი) ეძახდნენ. ეს სახელი კი იმით დაიმსახურა, რომ როგორც ძვ. ბერძნები თვლიდნენ, აქ ქალაქი ძვ. წ. აღრ. XIII საუკუნეში უკვე არსებობდა და სწორედ აქედან მოხდა, არგონავტების მიერ, ოქროს საწმოსის გატაცება. ყოველივე ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: კანიონის მონახულების მსურველებს დაუვიწყარი მოგზაურობა და უგემრიელესი მეგრული კერძები ელით. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
საუკეთესო ტურისტული მიმართულებები. Top -25 მსოფლიოს განსაკუთრებულად გამორჩეული პლიაჟები წლის განრიგი ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის 1507 13-ს მოსწონს |
კანიონი მდინარის ხეობის ნაწილია, ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც მთლიანად მდინარის კალაპოტს უკავია.