ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო
თანამემამულენო, „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი, - მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2, 1, 5.)
ქრისტე აღდგა!
გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:
ქრისტე აღდგა!
სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, – პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:
ქრისტე აღდგა!
ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.
დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:
“გიხაროდეთ!“ (მთ.28;9), “მშვიდობა თქვენდა!“ (ინ.20;19), “ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი“ (გამოცხ.1, 17-18) და “მოცემული მაქვს
მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მთ 28;18); “ვინც ჩემს სიტყვებს
ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე“
(ინ.5;24);
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად?! იხარეთ, ერნო!
აღდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის მართალთა სულნიც; ქრისტეს აღდგომით თითოეულ ასევე ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს, ერთ კაცად ქმნილ კაცობრიობას და მასში ვართ ჩვენ ყველანი; მაგრამ მის ჰიპოსტასს ასევე აქვს სრული საღვთო ბუნებაც და ეს ორი ბუნება შეურევნელად, შეურწყმელად და განუყოფლად არის ურთიერთდამტევნელი.
დაუშვებელი რომ დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ძე კაცისას მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონოდა და მკვდრეთით აღდგომა შეეძლო, სიკვდილს ოდენ თავის თავთან მიმართებაში დასძლევდა და ისიც მხოლოდ დროებით, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სინაგოგის მთავრის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟის, ან თუნდაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემთხვევაში (უფრო ადრე კი ელია წინასწარმეტყველისა და ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულებში).
მაცხოვართან მიმართებით კი ჯოჯოხეთი მოტყუვდა!
იესოში ვერ შეიცნო ღმერთკაცი. განიზრახა მისი ადამიანური სულის სხვა ადამიანთა სულების მსგავსად შთანთქმა.
მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ!
იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა
ჯვარცმული “მეუფე ჰურიათა, “ თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ
დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა.
სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი
ერთმანეთის გარეშე არ არსებეობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო,
მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და
განქარდა.
“სადა არის სიკვდილო, საწერტელი შენი,
სად არს “ჯოჯოხეთო“ ძლევაი შენი“ (1 კორ. 15;55)!
იესო ქრისტე თავისკენ უხმობს ცხონების ყველა მსურველს, ახალშობას ანიჭებს მათ მარადიული სიცოცხლისათვის, და, ამასთან, ცასა და მიწას ახალ ცად და ახალ მიწად გარდაქმნის. ამიტომაც იგი „მეორე ადამად“ იწოდება. „როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომ. 5, 19), – ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.
უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; “ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა … ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები”(რომ; 6, 3, 4, 6).
ასე რომ, წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდულმოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება სიყვარული შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურება.
თუმცა ასეთი მდგომარეობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ხელმეორედ შობის (ნათლობის) შემდეგ ადამიანი, თავისი სუსტი ნებისყოფის გამო, ხშირად ეშმაკის მახეში კვლავ ებმევა და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება.
გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები: „გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!“ (მთ.8, 19-24)
ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.
რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს; სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან.
ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, – წერენ წმინდა მამები.
წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი).
საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა.
ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ „მეს“ უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.
ეგოისტური „მე“ – სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.
უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ.მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს
თავზე მინდობილი ცდილობ; როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად
იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.
ერთ-ერთი ფილოსოფოსი ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების ორ ძირითად სახეს ასე ახასიათებს: ეს არის კავშირი: “მე და შენ“ და “მე და ის.“
“მე და ის“, – ამ ურთიერთობაში “მე“ დაშორებულია “ის“-ისაგან, ანუ მესამე პირისგან. “ის“ უცხოა, სხვაა, ზოგ შემთხვევაში მიუწვდომელიც. აქ ნდობას, ახლობლობას ადგილი არა აქვს. იგია დამოკიდებულება სუბიექტსა და ობიექტს შორის.
რაც შეეხება კავშირს „მე და შენ, “ აქ „შენ“ აღარ არის ობიექტი, არამედ იგიც სუბიექტია, „მე-ს“ თანასწორია და მათ შორის ურთიერთგაგება და სიყვარულია.
თუმცა ეს მდგომარეობა ხშირად იცვლება და “შენ“-ს ელის საშიშროება, იქცეს ობიექტად. ამის მიზეზი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ნაკლულევანებაა, ადრე თუ გვიან იმ რეალობის აღმოჩენაა, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს.
ამიტომაც, თუ გვინდა, ამქვეყნად ვიცხოვროთსწორად, გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილებისაგან დაცულად, ჩვენთვის “შენ“, უპირველესად, უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი ღმერთი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი გაუცხოება, ნებისმიერი სირთულე, ყოველი ადამიანური სისუსტე „მე და შენ“ ურთიერთობისა.
დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს; მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით არის შესაძლებელი: ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან გვეუფლება საკუთარი უღირესების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის
დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან
ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება.
და როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენც მხოლოდ ქრისტეს მადლითა და ძალით აღვსილთ ძალგვიძს მათი დამარცხება. ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს აღდგომა და ამაღლება.
შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: თუ მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა, რატომღა არსებობს იგი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში?
შეგახსენებთ, რომ აღდგომილი ქრისტე იწოდება როგორც “მეორე ადამად, “ ისე “პირმშოდ შესვენებულთა“, რადგან გარადაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამადე. ყველა ჩვენგანიკი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღვდგებით უხრწნელი სხეულით; მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე.
საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადაგან აღარც მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლო ხვედრს განიკუთვნებს, - მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსალიმის სახდასხვა სავანეში, ცოდვილნი, – მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში.
ხოლო ვიდრე ეს ჟამი დამდგარა, ჯოჯოხეთში მყოფ გარდაცვლილთა მდგომარეობის შეცვლა, ღვთის მოწყალებით, კიდევ არის შესაძლებელი. მათ თავისი თავისთვის არაფრის გაკეთება არ ძალუძთ, მაგრამ ეკლესიის მეოხება, ახლობელთა მხურვალე ლოცვა და მათ სახელზე აღსრულებული ქველისსაქმენი, თვით ჯოჯოხეთიდანაც იხსნის იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, თუმც კი საქმით ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის ნაყოფი. ასეთნი გამოხსნადნი არიან და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათთვის.
რაც შეეხება ცხონებულთა მდგომარეობას, მართალია, ისინი ზეცად ნეტარებენ, მაგრამ თავისი რწმენისა და ღვაწლის სრულ საზღაურს ისინიც მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მიიღებენ.
ეს არის მართალმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრმა იცის, მაგარამ ბევრსაც სწორი წარმოდგენა არა აქვს, ამიტომაც ამ თემას შევეხეთ.
რაც შეეხება ამქვეყნად მყოფთ: ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს; არადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფლის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი, - ჩვენზე. შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად.
-რით დავიწყოთ?
-სინანულით, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც გვასწავლის იესო ქრისტე.
იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!
სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.
სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.
უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი
დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი,
რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და
მოწყალებას.
გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, – გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი პილატე, ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.
გავიხსენოთ ორი ავაზაკიც, ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავისი ცხოვრებით ცხოვრობდენენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, – ჯვარზე, – მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე
დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით, -ჯოჯოხეთი.
თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს?
ინებოს ღმერთმა, ჩვენც ჩვენი გულწრფელობითა და ცოდვის განცდით მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: “მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი“ (მთ.25, 34).
გიხაროდეთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო,
სიკვდილი შეიმუსრა!
ქრისტე აღდგა!
უფალი მეფობს!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი
16.04. 2017.