მუსიკა ერთი სიყვარულის ისტორია და «სიყვარულის მარადიული ჰიმნი» 2017, 7 მარტი, 12:39 «მთვარის სონატა» 2 ასეული წლის მანძილზე აღელვებდა და ახლაც აღელვებს ყველას. ბეთჰოვენის მიერ ოდესღაც დაწერილი ჯადოსნური ბგერები, სიყვარულის და შეყვარებულების მარადიულ ჰიმნად იქცა. სწორედ სიყვარული იყო ამ მუსიკალური ნაწარმოების შექმნის მიზეზი. სიყვარული, რომელმაც უდიდეს კომპოზიტორს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს გული გაუტეხა. ბეთჰოვენის სიყვარულის ისტორია ვენაში დაიწყო, მისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც მიხვდა, რომ გადატანილი ყურის ანთების გამო, სმენას კარგავდა და გენიალური მუსიკოსისთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. სწორედ ნორჩმა (ის კომპოზიტორზე 12 წლით უმცროსი იყო) ჯულიეტამ დაუბრუნა მას სიცოცხლის სურვილი. ლუდვიგი ჯულიეტას ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა და მისდამი განსაკუთრებულ სითბოს და მოწიწებას იჩენდა. მას ეჩვენებოდა, რომ ასაკში განსხვავების მიუხედავად, გოგონც იგივე გრძნობით პასუხობდა. «ცვლილება, რომელიც ჩემში მოხდა, უმშვენიერესი გოგონას დამსახურება არის, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს» – წერდა ბეთჰოვენი, 1801 წლის 16 ნოემბერს, ფრანც ვეგელერისთვის მიწერილ წერილში. სიყვარულის გრძნობას ვეღარ იტევდა კომპოზიტორის გული და მას გარეთ გამოსვლის საშუალება მისცა – მან თავისი უსაზღვრო სიყვარული ნოტებით გადმოსცა. სონატა № 14, ჯულიეტა გვიჩარდისადმი მიძღვნის მინაწერით, ბონში, 1802 წლის მარტში გამოიცა. მიაღწიეს თუ არა კომპოზიტორის ნოტებმა მისი სიყვარულის ობიექტის გულამდე? ალბათ არა. რადგან იმ დროს ჯულიეტა ახალგაზრდა გრაფი გალენბერგით იყო გატაცებული, რომელიც მუსიკასაც წერდა და სწორედ მის მიერ შექმნილ უმნიშვნელო ნაწარმოებებს მიიჩნევდა შეყვარებული გოგონა გენიალურ ქმნილებებად და ამას ფორტეპიანოს მასწავლებელთანაც აღნიშნავდა. ამ სიტყვებით გულმოკლულმა და განრისხებულმა ლუდვიგმა, უარი განაცხადა გაკვეთილების ჩატარებაზე და ისინი დაშორდნენ. ჯულიეტა გრაფს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. ხოლო მასზე შეყვარებული კომპოზიტორი, ერთი პერიოდი სახლში ჩაიკეტა და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ მან შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა და პრაქტიკულად სმენადაკარგულმა, სხვა გენიალური ნაწარმოებების შექმნა. ბეთჰოვენი ჯულიეტასადმი სიყვარულის დასავიწყებლად, სხვა ქალებს ხვდებოდა, მაგრამ პირადი ცხოვრება მაინც ვერ აეწყო. მისი სიკვდილის შემდეგ, საწერი მაგიდის უჯრაში, ჯულიეტა გვიჩარდის მინიატურა და მისთვის მიწერილი წერილი იპოვეს. როგორც ჩანს, მან მაინც ვერ შეძლო თავისი დიდი სიყვარულის დავიწყება. ისევე, როგორც დაუვიწყარია «მთვარის სონატა», რომელიც ამ სიყვარულის წყალობით შეიქმნა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * სულის მელოდია! მოუსმინეთ და ისიამოვნეთ! * საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში 263 9-ს მოსწონს
|