x
მოზარდობის ხანის ასაკობრივი თავისებურებები
image
მოზარდობის ხანა – ეს არის პერიოდი, ბავშვობასა და მოწიფულობას შორის.
მისი ხანგრძლივობა თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან მოწიფულობის მიღწევამდე ძალიან ბევრი ცოდნა და უნარ-ჩვევებია დასაუფლებელი. მოზარდობა მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 16-19 წლამდე და იყოფა უმცროსი
და უფროსი მოზარდობის (ჭაბუკობა) პერიოდებად. უმცროსი მოზარდობა მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 15 წლამდე, უფროსი მოზარდობა (ჭაბუკობა) კი - 15 წლიდან 19 წლამდე.
ზოგჯერ ცნება - “მოზარდის" ნაცვლად ცნება “თინეიჯერს" ხმარობენ. “თინეიჯერის" განმარტების ქვეშ მოიაზრებიან 13-19 წლის მოზარდები. აღნიშნული ტერმინში ზოგჯერ უარყოფითი კონტექსტი მოაზრება. იგი არ არის მეცნიერული ტერმინი და ზოგჯერ მასში მოზარდის შემდეგი თვისებები იგულისხმება: ჯიუტი, ოპოზიციური, უპასუხისმგებლო. ამგვარი მიდგომა კი გავრცელებული სტერეოტიპის ბრალია, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, არაზუსტია.

გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმის ყველა მხარე განიცდის მკვეთრ ცვლილებას, როგორიცაა: ანატომიურ-ფიზიოლოგიური, სულიერი, ფსიქო­ლო­გიური და ზნეობრივი.

ერთმანეთს რომ შევადაროთ მეხუთეკლასელი და მერვეკლასელი მოსწავლეები, ვნახავთ, რომ მოკლე დროის განმავლობაში ბავშვები მნიშვნელოვნად ვითარდებიან
ფიზიკურად, გონებრივად, ზნეობრივად და სოციალურად. გარდამავალი ასაკის ბავშვების სწავლება და აღზრდა გაცილებით მეტ სირთულესა და სიძნელესთან
არის დაკავშირებული, ვიდრე უმცროსი სასკოლო ასაკის. ბავშვის მოწიფულობაში გადასვლის პროცესი მეტად რთული და მრავალფეროვანია, რადგან იგი დაკავშირებულია უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების რღვევასთან, ცხოვრებისა და ქცევის პირობების შეცვლასთან.

თუკი მოზარდმა იცის და ესმის ის ცვლილებები, რომელსაც ადგილი აქვს მის სხეულში და ფსიქიკაში, მისთვის უფრო ადვილი იქნება მათი მიღება.


11 წლის მოზარდი - მგრძნობიარეა, მიისწრაფის თვითდამკვიდრებისკენ, გუნება-განწყობილება ხშირად ეცვლება, ავლენს ბრაზს და აგრესიას, უყვარს კამათი. ოპოზიციაშია, კონფლიქტურია, არ უყვარს კრიტიკა. ეჯიბრება სხვა ბავშვებს, ახასიათებს შურისძიება. იწყებს ფიქრს მომავალზე. შედის კონფრონტაციაში მშობლებთან, არ ღებულობს მონაწილეობას საოჯახო საქმეებში. ჩხუბობს და-ძმასთან. გოგონებს ერთმანეთთან აქვთ ერთდროულად როგორც გულთბილი, ასევე დაძაბული ურთიერთობები. ბიჭები ერთიანდებიან ჯგუფებად.

12 წლის მოზარდი - უკეთესად ახერხებს საკუთარი თავის მართვას. ადვილად სევდიანდება, ნაკლებად აგრესიულია. ეძებს საკუთარ თავს, ცდილობს თავი
მოაწონის სხვა ადამიანებს. უფრო ობიექტურია საკუთარი თავის შეფასებისას, სამომავლო გეგმები უფრო რეალურია და გარკვეული. იწყებს მეგობრების ძიებას ოჯახის გარეთ. უმჯობესდება ურთიერთობა და-ძმასთან. გოგონები იწყებენ მეგობრობას ბიჭებთან.

13 წლის მოზარდი - დაკავებულია საკუთარი თავის შეცნობით, უყვარს მარტოობა, აქვს ბევრი საიდუმლო, ნაკლებად კომუნიკაბელურია. ძალიან მგრძნობიარეა, მიდრეკილია დეპრესიასა და იმედგაცრუებისკენ. ნაკლებად გრძნობს სიახლოვეს მშობლებთან, არ ენდობა მათ. კარგი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან, განსაკუთრებით უფროს, ან ძალიან პატარასთან. უნდა გახდეს მოზრდილი. გოგონებს აქვთ სურვილი ჰქონდეთ ურთიერთობა მათზე უფროს ბიჭებთან.

14 წლის მოზარდი - აგზნებული, ექსპანსიური და კაპრიზულია. ხან მხიარულია, ხან ცუდ გუნებაზეა. აღელვებს საკუთარი გარეგნობა, ადარებს თავს თანატოლებს. მიისწრაფის დამოუკიდებლობისაკენ, უნდა იყოს მოზრდილი. აკრიტიკებს მშობლებს. აქვს სირთულეები მათ ასაკთან ახლოს მყოფ და-ძმასთნ ურთიერთობაში. ერთიანდებიან
საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებში. გოგონებს უფრო აინტერესებთ ბიჭები, ვიდრე ბიჭებს გოგონები.

15 წლის მოზარდი - კრიტიკულია, მალავს საკუთარ გრძნობებს, ხშირად
ეცვლება გუნება-განწყობილება. აქვს სურვილი იყოს პოპულარული და თავისუფალი. იბრძვის საკუთარი შეხედულებების დასამკვიდრებლად. გრძნობს გაუცხოებას საკუთარი მშობლების მიმართ. სიამოვნებს ურთიერთობა მეგობრებთან. უმჯობესდება ურთიერთობა და-ძმასთან.

16 წლის მოზარდი - კეთილგანწყობილი, დამყოლი და მომთმენია. ღელავს მომავალზე, სურვილი აქვს მიაღწიოს წარმატებას, სჯერა საკუთარი ძალების, ზრუნავს გარეგნობაზე. კარგი ურთიერთობა აქვს მშობლებთან, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს მეგობრებთან ურთიერთობას.

ზოგადად მოზარდი კრიტიკული თვალით უყურებს ავტორიტეტებს, მათ შორის მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთაც აქამდე უპირობოდ, დადებითად აფასებდა იწყებს იდეალური ადამიანის შესახებ საკუთარ წარმოდგენის გადახედვას.

მოზარდისთვის დამახასიათებელი კრიტიკულობა და მაქსიმალიზმი მისთვის ჩვეული იუმორით გამოხატა მარკ ტვენმა: “როცა 14 წლის ვიყავი, მამაჩემი იმდენ სისულელეს ამბობდა, რომ ვერ ვიტანდი, მაგრამ როცა 21 წლის გავხდი, გამიკვირდა, როგორ დაჭკვიანდა მოხუცი ამ 7 წელიწადში."

0
185
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0