x
image
natia.a
რა განსხვავებაა ყავის ამ ორ სახეობას შორის და როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი ყავა - გაითვალისწინეთ!

image

ყავას მსოფლიოში პოპულარობით ვერც ერთი სასმელი ვერ შეედრება. ამ არომატული და გარკვეულწილად სასარგებლო სასმელის წარმოება საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებულია.

ყავის ხეების კლასიფიცირება რთულია, რადგან დაახლოებით 80-მდე ნაირსახეობა არსებობს - ჯუჯა ბუჩქებიდან დაწყებული, 10 მეტრიანი გიგანტური ხეებით დამთავრებული, რომლებიც ოთხ ძირითად სახეობად არის დაყოფილი. თუმცა ამ ოთხი სახეობიდან ყავის, როგორც სასმელის, მწარმოებელთა და მოყვარულთათვის საინტერესოა მხოლოდ ორი - Coffea Arabica (არაბიკა) და Coffea Canephora (რობუსტა).

არაბიკა


image

არაბიკა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ყავის სახეობაა. იგი გამოირჩევა რთული არომატითა და გემოთი.

არაბიკის ხე 6-8 მეტრის სიმაღლის იზრდება (თუმცა 4 მეტრზე მაღლა არ ზრდიან, რათა მოსავლის აღება უფრო მოსახერხებელი იყოს). არაბიკის ხის მოვლა საკმაოდ რთულა, რადგან ეს მცენარე ძალიან მგრძნობიარეა დაავადებების, მავნებლებისა და სიცივის მიმართ. ნაყოფი სიგრძით 14 მილიმეტრია, იისფერი შეფერილობის. მარცვლები მოგრძო ფორმისაა, ცალ მხარეს ბრტყელი ზედაპირით.

წელიწადში არაბიკის ერთი ხე, ჩვეულებრივ არაუმეტეს 5 კგ ნაყოფს იძლევა, რომლიდანაც დაახლოებით 1 კგ. მზა მარცვალი მიიღება.

არაბიკის მარცვალი შედარებით დიდი, გრძელი და თანაბარია, ვიდრე რობუსტასი. ამასთან, არაბიკაში კოფეინის შემცველობა გაცილებით ნაკლებია (1-1, 5%). არაბიკასგან დამზადებული ყავის გემო არის ტკბილი, ოდნავ მომჟავო.

არაბიკა მსოფლიოში წარმოებული ყავის 70%-ს შეადგენს.

რობუსტა


image

ეს არის მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული ყავის სახეობა. იგი ხასიათდება მარცვალში კოფეინის საკმაოდ დიდი შემცველობით (3%).

რობუსტას მარცვლებისგან დამზადებული ყავა ნაკლები არომატით ხასიათდება და უფრო მაგარია, ვიდრე არაბიკა. გემოს მხრივ რობუსტა არაბიკაზე გაცილებით ნაკლებად ფასობს. ამის გამო, ყავის ეს სახეობა მსოფლიოში წარმოებული ყავის მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

არაბიკასთან შედარებით, რობუსტას ხე უფრო გამძლეა დაავადებების, მწერებისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ. პლანტაციები გაცილებით ადვილი მოსავლელი და უხვმოსავლიანია.

როგორც წესი, რობუსტას უმთავრესად იყენებენ ნარევებში და ხსნადი ყავის წარმოებაში.


image


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყავის ეს ორი სახეობა, თავის მხრივ უამრავ ჯიშებად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გემოთი, არომატითა და, რაღა თქმა უნდა ფასით.

სხვადასხვა ჯიშებს სახელწოდებები მინიჭებული აქვს:

- ქვეყნის მიხედვით, რომელშიც არის მოყვანილი;

- პორტის მიხედვით, რომლიდანაც მიწოდება ხდება;

- ყავის ხის ქვესახეობის მიხედვით (Bourbon, Typica და ა.შ);

- მამულის, მიწის ნაკვეთის, გორაკისა თუ ახლომდებარე ქალაქის მიხედვით.


არსებობს ასევე ბევრი სხვა კლასიფიკაცია მარცვლების მოყვანის ხარისხის მიხედვით.


image


როგორ ავარჩიოთ?

image

1. გარეგნულად:


- ზომა. თუ ყიდულობთ 100%-იან არაბიკას, ყველა მარცვალი ერთი ზომისა და ფორმის უნდა იყოს. თუ მათ შორის დაინახავთ შედარებით მცირე ზომის მარცვლებს, სავარაუდოდ, იაფფასიანი რობუსტაა დამატებული.
- ფორმა. მარცვლები ერთგვაროვანი უნდა იყოს, ხელის შეხებისას ბარხატისებური ზედაპირი უნდა ჰქონდეს. მარცვლებზე არ უნდა იყოს ლაქები და ბზარები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამტვრეული. შესაძლებელია სხვადასხვა ფერის მარცვლები შეგხვდეთ იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ ე.წ. მელანჟს - ანუ მოხალვის სხვადასხვა ხარისხის მქონე ნარევს.
- ხარისხიანი მარცვლების არომატი ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში - მწარე! თუ ყავას სდევს მომწარო-მომჟავო ან ობის სუნი, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის შენახვის ვადა დიდი ხანია ამოიწურა.

2. შეფუთვა:


- უნდა იყოს ჰერმეტული – სასურველია, სამმაგი ფოლგა ჩამკეტით.

3. მოხალვის ხარისხი:


გამოისახება შეფუთვაზე ციფრების სახით - 1-დან (სუსტი მოხალვა) 5-მდე (ძლიერი მოხალვა).

მოცემულ შემთხვევაში არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ მყიდველის გემოვნებაზე. თუმცა ყურადღება მიაქციეთ მოხალვის თარიღს და გახსოვდეთ, რომ მოხალული მარცვალი არომატს მხოლოდ ერთი თვის მანძილზე ინარჩუნებს და რაც მეტი დრო გადის, მით მეტად კარგავს ყავა საგემოვნო თვისებებს.

მოხალვის ხარისხები:


image
- სკანდინავიური (სუპერ მსუბუქი) მოხალვა ყავას სინაზესა და სირბილეს სძენს. მარცვლების ფერი ღია-ყავისფერი, თითქმის ჩალისფერია.
- ამერიკული (საშუალო) მოხალვა გემოს ოდნავ სიმწარეს სძენს, მარცვლები ყავისფერია. თუმცა, მოხალვის მოცემული ხარისხის დროს არ გამოიყოფა მარცვლის ზედაპირზე ეთერზეთები, ამიტომ გემო და არომატი მხოლოდ ნაწილობრივ არის გახსნილი.
- ვენური მოხალვა - მარცვალი მუქდება და ლაპლაპებს ეთერზეთების გამოსვლის გამო. ყავის გემოში ჩნდება მოტკბო ნოტები.
- ფრანგული (ძლიერი) მოხალვა მარცვალს სძენს ინტენსიურ შოკოლადისფერ შეფერილობას, გემოს კი სასიამოვნო სიმწარეს.
- იტალიური (ძალიან ძლიერი) მოხალვა ადვილი გამოსაცნობია მარცვლების შავი, ლაპლაპა შეფერილობით, სასმელი კი არის ნამდვილი კლასიკური მწარე ყავა.
image






2
10057
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
10057
  
2016, 31 ოქტომბერი, 15:23
ჩვენ რასაც მოვიხმართ, მემგონი ყველა რობუსტაა სხვადასხვა დონეზე მოხალული და გვატყუებენ ლამბადა, არაბიკა და ესპრესოაო :)) ისე სულ ვამბობ არ ვარ დამოკიდებული ყავაზეთქო, მაგრამ დღის ბოლოს თავს რომ ვერ ვგრძნობ რაღაც "ისე" :)) ვხვდები თურმე ეს მაკლია...
2016, 31 ოქტომბერი, 13:34
როგორც ყოველთვის იყო ძალიან ხარისხიანი და სასარგებლო სტატიაა. იყო დრო როდესაც ყველანაირ ყავას დაუზოგავად ვსვადი. ეჰ მაინც არაა კარგი ყავა ორგანიზმითვის, განსაკუთრებით გულისთვის
0 1 2