საზოგადოება ფქვილი – საზრდოდ, ტომარა – სამოსად! 2016, 19 ოქტომბერი, 12:24 ![]() დიდი დეპრესიის პერიოდი ამერიკას დღემდე ახსოვს. მასიურმა გლობალურმა ეკონომიკურმა ვარდნამ, რომელიც 1929 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, აშშ–ს ეკონომიკა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა. კრიზისი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობას, საწარმოებს და მძიმე მრეწველობას შეეხო. ყველაზე დიდი ზარალი კი ბამბის, თამბაქოს და მარცვლეული კულტურების მწარმოებლებმა განიცადეს. უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. გაჭირვება ყველას, თითოეულ რიგით ამერიკელს შეეხო. და აი, ამუშავდა ცნობილი ანდაზის პრინციპი: "გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო!". თითქმის ყველაფრის, ყველნაირი პროდუქციის მწვავე დეფიციტის გამო, ერთხელ შეძენილის მეორადი მოხმარება, რისაც კი შეძლებოდა – ცხოვრების წესად იქცა. დღეს ადამიანებს კვლავაც უყვართ ფულის დაზოგვა და გადასაყრელად განკუთვნილი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა; მაგალითად: ძველი საბურავებისგან ფერად ფუმფულა პუფებს ანდა ეზოს დეკორს ქმნიან; ცარიელი პლასტიკატის ბოთლებისაგან და მინისა თუ თუნუქის ქილებისაგან ხომ ნაირნაირ "შედევრებს" იგონებენ. მაგრამ... თუ ეს დღეს ძირითადად დროის მოკვლისა და გართობის, ასე ვთქვათ, უსაქმოდ დარჩენილი ხელების დაკავების საშუალებაა, მაშინ – 20–30 წლების ამერიკაში – სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. იმ წლებში თუ მამაკაცები ოჯახის შესანახი სახსარის შოვნაზე იმტვრევდნენ თავებს, დიასახლისების მთავარი საზრუნავი შინაურების დაპურება, შემოსვა და, შეძლებისდაგვარად, კომფორტით უზრუნველყოფა გახდა. საზრიანმა ხელმარჯვეება ხელად იაზრეს, რომ ფქვილი – ოჯახის ძირითადი საზრდო, გარდერობის განახლების წყაროდაც შეიძლებოდა ქცეულიყო. ბოლოსდაბოლოს, განა დახეული სამოსით სიარულს ისევ ახალთახალი ტომრების გამძლე მატერიისგან შეკერილი შარვალ–ხალათი თუ კაბა არ ჯობდა?! ჰოდა, ჯერ თავიანთი შვილების შემოსვა დაიწყეს ამ ინოვაციური მეთოდით. როგორც კი ეს ამბავი გახმაურდა, ფქვილის მწარმოებელმა კომპანიებმა მაშინვე იყნოსეს, რა სარფიანი მარკეტინგული სვლის გაკეთების შანსი მიეცათ. და... ექსკლუზიური ტომრების გამოშვება დაიწყეს. როგორც გახსოვთ, ბამბისა და ტრიკოტაჟის წარმოება ყველაზე სწრაფად ჩაიძირა კრიზისისას. ამიტომ ტომრების წარმოებისთვის სწორედ ბამბის ქსოვილები გამოიყენეს, თანაც უსახური ქსოვილები კი არა, ფერად–ფერადი და მხიარული ნახატებით მოჩითული. შედეგები გამაოგნებელი იყო. თუმცა, ეს თავად შეაფასეთ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს სრულიად ახალი ტრენდი იყო! ქალბატონებმა ლამაზად დაჩითული და საკმაოდ კარგი ხარისხის ტექსტილის ტომრები სათანადოდ შეაფასეს და დააფასეს კიდევაც. ტომრის ტანსაცმლით ახლა მხოლოდ ბავშვები როდი იწონებდნენ თავს. გოგონებიც თავმომწონედ იპრანჭებოდნენ ფერად–ფერად ჩითებში. ![]() ![]() ![]() ოჯახის მკაცრად რეგლამენტირებული ბიუჯეტის გამო ტომრის სამოსი ფრიად გავრცელებულ მოვლენად იქცა დიდი დეპრესიის წლებში. დღეს თვლიან, რომ სულ ცოტა, 3, 5 მილიონი ქალი და ბავშვი სარგებლობდა ტომრის ტანსაცმლითა თუ სხვა ნივთებით. მალე კიოსკებში ბროშურებიც გამოჩნდა, ტომრების რაციონალურად გამოყენების ინსტრუქციებითა და თარგებით. ![]() ![]() ![]() 97 5-ს მოსწონს
|