სხვა ბრეჟნევის მისანი კატა, საჩუქარი დალაი-ლამასგან 2016, 1 ოქტომბერი, 18:00 1969 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთს ეწვია. ინდირა განდის სასახლეში, მიღებისას, მას წარუდგინეს"ჩია", გაურკვეველი ასაკის მამაკაცი. ის იყო დალაი-ლამა, რომელიც ტიბეტში ჩინეთის ჯარების შესვლის შემდეგ სამშობლოდან გაიქცა და ინდირა განდიმ შეიფარა. დალაი-ლამაზე მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამბობდნენ: სრულყოფილად ფლობს ჰიპნოზს. ასთმით, კუჭის წყლულით, გულით დაავადებულნი ჰიპნოზურ ტრანსში შეჰყავს და ორიოდე სეანსის შემდეგ სრულიად კურნავსო. შეეძლო თვალახვეულს, მხოლოდ თითის წვერების შეხებით წაეკითხა წიგნი, იოგას ვარჯიშისას რამდენიმე წამით ჰაერში ჩერდებოდა. როცა მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, დალაი-ლამამ თარჯიმნის მეშვეობით უთხრა: ცამეტი წლის წინ საპატიო სტუმარმა ინფარქტი გადაიტანა და საერთოდ, გულის პრობლემები აქვსო. გაკვირვებულმა სსრკ-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა მისი ნათქვამი. დალაი-ლამა ყურადღებით დააკვირდა საბჭოთა სტუმრის ხელის გულებს, უთხრა, მალე საფრთხე დაგემუქრებათ, ამიტომ ისეთ არსებას გაჩუქებთ, რომელიც წინასწარ განჭვრეტს მოსალოდნელ საშიშროებასო. დალაი-ლამამ რაღაც გადაულაპარაკა ახალგაზრდა ბერს. ისიც სწრაფად გაქანდა გასასვლელისკენ. წუთის შემდეგ ყმაწვილი მოზრდილი გალიით დაბრუნდა, რომელშიც უზარმაზარი შავი, ფუმფულა კატა იჯდა. ტიბეტელმა მოძღვარმა ჩუმი და ნაზი ხმით რაღაც წარმოთქვა, თითქოს ლოცულობსო, ბრეჟნევის ხელისგული გალიასთან მიიტანა... კატამ ხელისგულის ყნოსვა დაიწყო, შიგადაშიგ უზარმაზარ ყვითელ თვალებს ხან ბრეჟნევს, ხან კი დალაი-ლამას მიაპყრობდა. ბრეჟნევის ხელისგულის დათვალიერებას, რომ მორჩა, კატამ გალიის კარს ბრჭყალებით ფხაჭნა დაუწყო. ბერმა კარი გაუღო, კატა იატაკზე დახტა, კუდი აიპრიხა და ბრეჟნევის ფეხებთან მოკალათდა. როგორც კი ელჩმა გენერალურ მდივანთან მიახლოვება დააპირა, კატა აიბურძგლა, დაიძაბა და მრისხანედ წაისისინა. დალაი-ლამამ ღიმილით თქვა: კატამ ეს კაცი არა მარტო თავის პატრონად ცნო, არამედ უკვე მის დაცვასაც შეუდგაო. შემდეგ ბრეჟნევის გარემოცვა გააფრთხილა: თუ კატა პატრონის ფეხებს დაუწყებს ხახუნს, ნიშნავს, რომ მისგან ხიფათის აცილებას ლამობს. საჭმელი-დღეში ორჯერ უმი ხორცი, მხოლოდ ბრეჟნევმა უნდა მისცეს, რათა მათი ბიოველები შეერწყას ერთმანეთს და ცხოველის თავდაცვის ისტინქტი პატრონზეც გადავაო. კატას "ლამა" დაარქვეს და პოდმოსკოვიეში, ბრეჟნევის აგარაკზე დააბინავეს. ლამამ ჯერ აგარაკის ორივე სახლი შემოირბინა, მერე კი ეზო დაათვალიერა. ის ლეონიდ ილიჩის გარდა არავის იკარებდა, გამონაკლისი მხოლოდ გენმდივნის უმცროსი შვილიშვილი იყო. დროდადრო ლამა სანადიროდ გადიოდა. თოვლქვეშაც კი პოულობდა თხუნელებისა და გველების სოროებს. მცველები გაოცებულები იყვნენ, თურმე აგარკზე მთელი ტერარიუმი ყოფილა. ზამთრის მიწურულისთვის ლამამ ოცდაათამდე გველი შესანსლა. გენერალური მდივნის გარემოცვა მალე დარწმუნდა კატის მისნობაში. 1969 წლის 22 იანვარს საბჭოეთი კოსმოსის გმირებს ეგებებოდა. სსრკ-ის პირველი პირები მათ "ვნუკოვო-2"-ის აეროპორტში ხვდებოდნენ, ტელევიზიითა და რადიოთი პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა. დიქტორი საზეიმოდ აცხადებდა: "სამთავრობო მანქანების კორტეჟი ბოროვიცკის კარიბჭისკენ მიემართება, რამდენიმე წუთში კოსმოსის გმირები კრემლში შევლენ, სადაც მათი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება"... და უცებ ტრანსლაცია შეწყდა. ცოტა ხნის შემდეგ ქვეყანამ სიმართლე გაიგო. როგორც კი მოტოციკლეტებით გარშემორტყმული კორტეჟი კარიბჭეს მიუახლოვდა, მილიციის ფორმაში ფორმაში ჩაცმული კაცი სამთავრობო ლიმუზინებისკენ გაიჭრა, პირველი მანქანა გაატარა და მეორეს ცეცხლი გაუხსნა. ეს კლასიკური ტერაქტი იყო. თავდამსხმელი "მაკედენიურად" ისროდა, ანუ მიჯრით, ერთდროულად ორივე ხელით. ერთ-ერთი მოტოციკლეტი ტერორისტს დაეჯახა და ძირს დასცა. წამსვე მისცვივდნენ დაცვის ბიჭები. თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული აღმოჩნდა, თურმე ბრეჟევის მოკვლა და მის ადგილზე დადგომა უნდოდა, მაგრამ შეცდომით კოსმონავტების მანქანა დაცხრილა, ორი კოსმონავტი დაჭრა კიდეც. უნდა გენახათ რა ამბავში იყო იმ დილით კატა... 1970 წლის 20 თებერვალს დალაი-ლამას საჩუქარი ბრეჟნევის საწოლოთახში შევარდა და პატრონის ფეხებს დაუწყო ხახუნი. რამდენჯერაც სცადა ლეონიდ ილიჩმაშენობიდან გასვლა, შარვალში კბილებჩაფრენილი კატა გასაქანს არ აძლევდა. ბრეჟნევსგაახსენდა, რომ ზუცტად ასე იქცეოდა მისი კატა კოსმონავტებზე თავდასხმის წინ. გენერალურმა მდივანმა გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, მცველებს უბრძანა, კრემლში წასულიყვნენ და ცოტა ხანში მისთვის სხვა მცველები გამოეგზავნათ. თავად კი სამუშაო ოთახში შევიდა. ცხადია, უფროსის ბრძანება შესრულდა. მცველები მანქანაში ჩასხდნენ და კრემლისკენ დაიძრნენ. უეცრად ტრასაზე საიდანღაც სამხედრო სატვირთო მანქანა გამოვარდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პირდაპირ სამთავრობო მანქანისკენ წამოვიდა. ბრეჟნევის მძღოლმა, სატვირთოს გვერდის ასაქცევად განზე გადაუხვია, მაგრამ იქვე მდგარ ტრაილერს შეასკდა. მსუბუქ მანქანაში მსხდომნი დაშავდნენ, ვლადიმერ ეგოროვს კი, რომელიც ბრეჟნევის ადგილას იჯდა, ნახევარი თავის ქალა აეხადა. ლამამ უბედურების მოახლოვება მაშინაც იგრძნო, როცა ბრეჟნევი საფრანგეთში გასამგზავრებლად ემზადებოდა. ულტრამემარჯვენე რადიკალურ დაჯგუფებას დაგეგმილი ჰქონდა ბრეჟნევისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს მოკვლა. ბრეჟნევი ხედავდა, რომ მისი მისანი კატა ბობოქრობდა, ამიტომაც გამგზავრებას არ ჩქარობდა. მალე კი კა-გე-ბეს არხებით მოვიდა ცნობა ტერაქტის მზადების შესახებ. გავიდა წლები. 1982 წლის 23 მარტს ბრეჟნევი უზბეკეთში გაემგზავრა. მას იქაურ ცეკას მდივანთან, რაშიდოვთან ერთად ტაშკენტის საავიაციო ბაზა უნდა დაეთვალიერებინა. მანქანაში ბრეჟნევის დაცვის უფროსმა, გენერალმა რიაბენკომ თქვა: ქარხანაში ნუ წავალთ, ლამა სულ გაგიჟდა, აფოფრილი ყველას კბენსო. ლეონიდ ილიჩს არ უყვარდა, როცა უცხოებთან მის კატას ახსენებდნენ, ვაითუ, ეფიქრათ, სსრკ-ის მეთაური კატის გუნებაზე დადისო. ამიტომ გაბრაზებულმა თქვა: ხალხი გველის, ქარხანაში უნდა წავიდეთო... მივიდნენ ქარხანაში. როცა სამთავრობო დელეგაცია ერთ-ერთი მშენებარე თვითმფრინავის ფრთის ქვეშ მიდიოდა, ხარაჩოები ჩამოინგრა. გენერალური მდივანი მსუბუქად დაშავდა, უზბეკეთის მეთაურს კი თავი გაუტყდა. ბრეჟნევი სასწრაფოდ გააქანეს რეზიდენციაში. იქ კი გაიგეს, რომ ზუსრად 13:23 საათზე, როცა ქარხანაში ეს უბედურება მოხდა, ლამამ კბილებით გადაღრღნა რკინის საყელური, დაკბინა სამხედრო, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა, ქუჩაში გავარდა და პირველსავე მანქანას შეუვარდა ბორბლებში. ამის გამგონე ლეონიდ ილიჩმა რიაბენკოს შესტირა: მართალი იყავი, არ უნდა წავსულიყავი ავიაქარხანაშიო. 643 10-ს მოსწონს
|