ძაღლი, სახელად პოლო, 8 თვის ვივიენ კლერის გადარჩენის დროს დაიღუპა. ეს ამბავი, ამერიკაში, ბალტიმორში მოხდა. საღამოს 11 საათი იყო დაწყებული, როდესაც პატარა ბავშვის დედა ეზოში ჩავიდა, სულ 1 წუთით, მანქანიდან რაღაც წვრილმანის ამოსაღებად. მაგრამ, როდესაც უკან მიბრუნდა, დაინახა რომ მისი სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული.
«მე მხოლოდ ბავშვის ტირილის ხმა მესმოდა და მასთან შესვლას ვერ ვახერხებდი — მოუყვა ბავშვის დედა, შემთხვევის ადგილზე მისულ, WBAL-TV არხის ჟურნალისტს. — მე ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო, რომ სახლში შევსულიყავი. დასახმარებლად მეზობლებიც მოვიდნენ, რომლებმაც კარები და ფანჯრები გამოამტვრიეს, მაგრამ ვივიენის დახმარება ვერავინ შეძლო». ბავშვის დედას, სახლში შეღწევის არაერთი ცდის გამო, ხელები დამწვარი და დაჭრილი ჰქონდა. მაგრამ, მიუხედავად მცდელობებისა, სახანძრო ბრიგადის მისვლამდე, სახლში ვერავინ შეაღწია.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხანძარი სრულად ჩააქრეს, მაშველებმა შეძლეს ბავშვის ოთახში შესვლა, სადაც ცოცხალი ბავშვი აღმოაჩინეს. გოგონა აუცილებლად დაიღუპებოდა, რომ არა ძაღლი პოლო. ის საკუთარი სხეულით გადაეფარა ბავშვს. ასე იწვა გაუნძრევლად და ბავშვს ცეცხლისგან იცავდა, ვიდრე არ დაიღუპა. ძაღლს შეეძლო ნებისმიერ მომენტში გაქცეულიყო, მაგრამ მან თავისი პატარა მეგობარი არ მიატოვა.
ვივიენს სხეულის 20% დაეწვა. იმ მხარეს, საითაც ძაღლი ეფარებოდა, დაზიანება არ მიუღია. ექიმები და მაშველები დარწმუნებულები არიან, რომ ძაღლმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.