x
დემეტრე I ინფორმაცია

imageდემეტრე I, საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისთვის დაეთმო. 1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
1130 დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე . შემდგომში (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დემეტრე I-მა იოანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია. 1154 (1155) დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I-მა ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად („აღამაღლა, თავისი თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა"). მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა.
საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი "შენ ხარ ვენახი" დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია.

1
65
2-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
65
  
2016, 23 ივლისი, 0:03
,,თირქაში,, - რა უცნაური სხელია.
0 1 1