ავიდა თუ არა დავით აღმაშენებელი სამეფო ტახტზე, იმთავითვე მან ხასიათის დიდი სიმტკიცე გამოიჩინა და, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ლიპარიტ ამირა ორგულობისათვის ჯერ საპყრობილეში ჩასვა, მერე ხელმეორედ დანაშაულისათვის «ორ წელ პყრობილ ყო», შემდეგ საქართველოთგან ექსორია ჰყო და საბერძნეთში წასვლის ნება მისცა.
მაგრამ დავით აღმაშენებელის სახელმწიფო სიბრძნე და შორსგამჭვრეტელობა იმითა მტკიცდება, რომ მან აზნაურთა ურჩობის ჭეშმარიტი ბუნება და თვისებები შეიგნო. ძველი ქართული მატიანეების გადაკითხვამ და თანამედროვე ცხოვრების დაკვირვებამ დიდებული მეფე დაარწმუნა, რომ «ნათესავი ქართუელთა ორგულ ბუნება არს პირველითგან თჳსთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოვონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა». სახელოვანი მეფე მაშასადამე დარწმუნებულა, რომ დიდგვარიან აზნაურ მოხელეთა ურჩობა შემთხვევითი მოვლენა კი არ იყო, არამედ საზოგადო. მართლაც, დიდებული აზნაურები ცდილობდნენ წინანდელი უპირატესობა შეენარჩუნებინათ. ხოლო რაკი სრულიადი საქართველოს მეფის უფლებების გაძლიერების შედეგად მათი ბატონობისა და გავლენის შეზღუდვა მოჰყვებოდა ხოლმე, ამიტომ დიდგვარიანი აზნაური-მოხელეები ცდილობდნენ, რომ მეფე მეტისმეტად არ გაძლიერებულიყო და მუდამ მათი ნების ყურისმგდებელი ყოფილიყო. დავით აღმაშენებელი ხედავდა, რომ ურჩი აზნაური-მოხელეები ხშირად შეერთებულის ძალით ებრძოდნენ საქართველოს ბატონს და მეფის ლაშქრის წინააღმდეგ თავიანთ შეერთებულს ჯარს წამოაყენებდნენ ხოლმე და ამგვარს გარემოებაში მეფეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო გაემარჯვა, თუ რომ ძლიერს საკუთარს და მუდმივს მხედრობას გაიჩენდა. რაკი დიდებულმა მეფემ ეს შეიგნო, ის ამ აზრის განხორციელებას შეუდგა. სხვათა შორის ამისათვის შემოიღო დავით აღმაშენებელმა საქართველოში 40000 ყივჩაყთა მუდმივი მხედრობა. როდის და როგორ გადმოიყვანა მეფემ ყივჩაყთა ლაშქარი საქართველოში ამაზე ზემოთ იყო უკვე საუბარი და აქ საჭიროდ მიმაჩნია მხოლოდ განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ მუდმივი ჯარის შემოღება დავით აღმაშენებლისათვის მარტო გარეშე მტერთან საომრად არ იყო საჭირო, არამედ შინაურ მტერთან, ურჩ და თვითნება აზნაურებთან საბძოლველად და ასალაგმავადაც. თავისი მუდმივი ჯარის დახმარებით მეფემ ქედფიცხელ და მოღალატე დიდგვარიან მოხელეებს შეერთების ნება არ მისცა და შეთქმულების მოწყობის საშუალება მოუსპო: ”არა ოდეს მოაცალა ამისად განზრახვად... ანუ შეკრებად ერთად და ქმნად რასამე ესე ვითარისა». მეფე დიდებულ აზნაურთა მოძრაობას გულდასმით თვალყურს ადევნებდა და, როდესაც-კი საჭირო იყო, სწრაფად გაუმკლავდებოდა ხოლმე მათ. ისტორიკოსი ამბობს კიდეც, რომ «მრავალნი განპატიჟებულცა იყუნეს და მხილებულ ესე ვითართათჳს»-ო. დავით აღმაშენებელს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, რომ მან დიდებულ აზნაურთა შეერთებული წინააღმდეგობის დასამხობად გარკვეულს, ტაქტიკურს ბრძოლას მიჰმართა, თავის წინაპრებსავით შემთხვევითი საშუალებით არ დაკმაყოფილდა და ძალას შეგნებულად შესაფერისი ძალა დაუპირისპირა. ამასთანავე მეფე ყოველთვის ცდილობდა, რომ თავგასული დიდებული მოხელეებისათვის თანამდებობა ჩამოერთმია და მათ მაგიერ პირადის ღირსებით და ერთგულის სამსახურით განთქმული «უგვარო» დაეწინაურებინა. ერთის სიტყვით მეფე სამოხელეო წესწყობილებაში იმავე მოძღვრების განხორციელებას ცდილობდა, რაც მან რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დახმარებით საქართველოს საეკლესიო წეს-წყობილებაში განახორციელა.
ყივჩაყთა მოწევა საქართველოში თუმცა შეიძლება ადამიანს მეტად გაბედულ საშუალებად ეჩვენოს, მაგრამ სხვა მხრივაც ბრძნული და სასარგებლო ზომა იყო. ყურადღების ღირსია, რომ დავით აღმაშენებელმა ყივჩაყნი ნაქირავებ ლაშქარსავით კი არ მოიწვია, არამედ მთელის ოჯახობით «დედაწულითა მათითა» გადმოასახლა საქართველოში და დააბინავა, «დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედაწულითა მათითა». ხოლო ეს ლაშქრის დაქირავება-კი არ არის, არამედ გადმოსახლებაა. თუ სათვალავად ოჯახზე სულ ცოტა 5 კაცს მივიღებთ და გავიხსენებთ, რომ «წყობად განმავალი რჩეული» 40000 და 5000 მონა-სპა ოჯახობას მოკიდებული მხედარი იყო. გამოვა, რომ დავით აღმაშენებელს საქართველოში გადმოუსახლებია სულ ცოტა 225000 სულ ყივჩაყი ორთავე სქესისა. ამოდენა უცხო ტომის ხალხის ჩათესლება საქართველოში დიაღაც რომ გაბედული საშუალება იყო. მაგრამ ამასთანავე «სამეფოთა გონებითა” ნააზრევი «სივრცითა გონებისათა» განზრახული, მეტად ბრძნული და გმირული საშუალება გახლდათ! ქართველობისათვის 225000 სულის შეძენა იმ დროს, როდესაც იგი დიდბუნებოვანი სარდლისა და მეფის წინამძღოლობით შეუჩერებლივ წინ მიისწრაფოდა და იზრდებოდა, დიაღაც რომ დიდ შემატებად ჩაითვლებოდა. ქართველთ კულტურა მაშინ იმდენად ძლიერი იყო, რომ ამოდენა უცხო თესლის ერთბაშად ჩასახლებაც ეროვნულს საფრთხეს არ წარმოადგენდა: თანდათან გადმოსახლებულებმა ქრისტიანობა მიიღეს: მონა-სპის 5000 კაცი «ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი» იყვნენ, ხოლო «თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე და სიმრავლე ურიცხვი შეეძინებოდა ქრისტესა»; თანაც ქართული შეითვისეს და ქართველებად იქცნენ. გაქართველებული ნაყივჩაყარნი შემდეგში ზოგნი სახელმწიფო მოღვაწედაც იყვნენ. ხოლო იმ 225000 გადმოსახლებულ ყივჩაყთაგან არც ერთი მათი შთამომავალი ყივჩაყად აღარ შერჩა, არამედ ყველანი ძალდაუტანებლივ, უნებლიედ გაქართველდნენ, საქართველოს კეთილდღეობისა და ძლიერებისათვის იღვწოდნენ. აი ამ მხრივაც დავით აღმაშენებელის გაბედულმა საშუალებამ და მოქმედებამ სამშობლოს ფასდაუდებელი, საშვილიშვილო სამსახური გაუწია.