x
image
ციცი
Mediator image
"ამ ტკივილს სახელად "დათუნა" დავარქვი..."-ემიგრანტი დედის სულისშემძვრელი ისტორია-"წარმოდგენაც კი მზარავს, რა მოხდება თბილისის აეროპორტში..."
image
ემიგრანტი დედის სულისშემძვრელმა და ამაღელვებელმა ისტორიამ მთელი საქართველო აატირა. სოციალური ქსელის მომხმარებელი, ამერიკაში მცხოვრები დარეჯან ფერაძე(Jane Perry) ამ ტრაგიკულ ამბავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადმოგვცემს:
"ამ ტკივილს სახელად "დათუნა" დავარქვი...

ჩვენი მეგობარი, უკეთილშობილესი ქალბატონი ნარიგული (ნანუ) ენდელაძე-კალანდაძე დღეს გავაცილეთ ამერიკიდან...

მიდიოდა, გრძნობდა, მაგრამ იმედს ეჭიდებოდა და არ იცოდა, რომ მისი საფიცარი დათუნა აღარ ჰყავდა...
ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ნიღბები მოვირგეთ და ვითამაშეთ, რომ იმედის ნაპერწკალი არ ჩაგვექრო დედისთვის, რომ მთელი გული ჩაეტანა საქართველომდე და დიდიხნის მონატრებული შვილი ჩახუტებითა და მდუღარე ცრემლით გაეცილებინა უკანასკნელ გზაზე...


გუშინ, ადრიანად დამირეკა ნანამ და მითხრა-"ეს რა წერილი მიწერე შენს შვილს ბოლო ზარზე, მერამდენედ ვკითხულობ აღარ ვიცი და თან მოთქმით ვტირიო..."


მერე, ემიგრაციის პირველ წლებში დაწერილი თავისი ლექსი წამიკითხა შვილების მონატრებაზე და კარგახანს ერთად ვქვითინებდით...

თურმე ამ დროს, ქვეშეცნეულად, მის ცადგაფრენილ შვილს დავტიროდით...

ნახევარ საათში უკვე ვიცოდი მისი უბედურების შესახებ...

დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, იმ გულმა უმტყუნაო დათოს...
ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს...
ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს ემიგრანტია თუ არაემიგრანტი...
შეიძლება კალთაში გეჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზღვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის, ეს ტკივილი სხვა განზომილებაში და სხვა საზომით იზომება...
იცით, რამდენმა შვილმკვდარმა დედამ, შვილიშვილების დამშევის შიშით ვერ გარისკა შვილის დაკრძალვაზე წასვლა?

იცით, რამდენი წავიდა და თვეების შემდეგ ისევ ოჯახის გაჭირვებამ დააბრუნა ემიგრაციაში?
იცით, რამდენი დასტირის თავის უბედურ ისტორიას, სულს და გულს რომ აგიდუღებთ და შეგიკუმშავთ ისეთს?
იცით... როგორ არ იცით...
მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვერაფერს ვცვლით... თითქოს ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფრით გაგვირღვევია...
საქართველოც ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს კარგახანია და მრავლადშეცვლილ მთავრობებს კი ქვეყანაც და ხალხიც, მითუმეტეს ემიგრაცია, ფეხზე ჰკიდია...

ყველა საკუთარ საზრუნავს დაჰკანკალებს...
როდემდე ვიქნებით სხვა ქვეყნის და სხვა ხალხის სამსახურში, ამის თქმა არავის შეუძლია, უკან აღარავინ ბრუნდება...
და არც ჩემი მეგობარი ნანაა ალბათ პირველი და უკანასკნელი ემიგრანტი, შვილმკვდარი დედა რომ დაერქვა... უფლის განგება ხომ ამოუცნობია...

იგი მუდამ ამაყობდა მისი საუკეთესო, ნიჭიერი და ჭკვიანი შვილებით, რძლებით, შვილიშვილებით, მათით ხარობდა და უძლებდა ემიგრანტულ ყოფას...
ასე იქნება ალბათ მომავალშიც, ოღონდ ერთი განსხვავებით-ახლა დათუნას სულს დაიფიცებს დედა... წარსულში გაიხსენებენ ახლობლები და მეგობრები მის შვილს, მაგრამ "თავს ზევით ძალა არააო" ასე თქმულა... კაცთაგან ჯერ ვის შეუცვლია ღვთის განჩინება...
ჩემო ნანა, ამერიკელი ქართველობა, შენი მრავალრიცხოვანი მეგობრები, ვიზიარებთ შენს უდიდეს ტკივილს... გვაპატიე, რომ ვერ შევძელით სიმართლის თქმა, რომ შენგან თვალს თუ ტელეფონ მოფარებულები მთელი ხმით დავტიროდით შენს გაუბედურებულ დედობას, რომ იძულებულები ვიყავით, გვეთამაშა "მატყუარები"...

ღმერთს ვთხოვ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა შენი ვაჟკაცის, დათო კალანდაძის სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ...

დარეჯან ფერაძე''.image

0
112
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0