სხვა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრილიანტები–ლეგენდები და რეალობა. 2016, 28 თებერვალი, 19:25 გაგაცნობთ ბრილიანტებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან არა მხოლოდ იდეალური ფერით, ფორმით და ფასით, არამედ თავიანთი ისტორიით. ამ ქვების გამო იშლებოდა იმპერიები და იცვლებოდა ადამიანთა ბედი, ადგილი ჰქონდა ღალატსაც და საგმირო საქმეებსაც.
კულინანი მსოფლიოში უმსხვილესი იუველირული კლასის ალმასი - კულინანი 1905 წლის 26 იანვარს იპოვა ფრედერიკ უელსმა, სამხრეთ აფრიკაში პრემიერის მაღაროს მენეჯერმა. თავდაპირველად ალმასი 3106.75 კარატს ანუ 621.35 გ იწონიდა. იგი გადაეცა ტრანსვაალის მთავრობას, რომელმაც იგი 1907 წლის 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მეფეს ედუარდ VII მისი 66-ე დაბადების დღის აღსანიშნავად უბოძა. შემდეგ ის გაიგზავნა ამსტერდამში, სადაც ძმებმა აშერებმა იგი 9 იუველირულ ბრილიანტად და რიგ მცირე ფრაგმენტად დაჭრა . უმსხვილესი ნატეხიდან დამზადებული ბრილიანტი კულინანი I ანუ აფრიკის ვარსკვლავი იწონის 530.20 კარატს .იგი ახლა ბრიტანეთის მონარქის სკიპეტრს ამშვენებს, ხოლო კულინან II- სამეფო გვირგვინს. ექსელსიორი ექსელსიორი ნაპოვნია 1893 წლის 30 ივნისს სამხრეთ აფრიკის იაგერსფონტეინის მაღაროში უცნობი აფრიკელი მუშის მიერ. გასამსჯელოდ მას 500 გირვანქა სტერლინგი და უნაგირიანი ცხენი უბოძეს. 995.2 კარატის მასის ალმასი ლონდონში, კომპანიის სათავო ოფისში გადაიტანეს, სადაც 1895 წელს ის 11 ბრილიანტად დაჭრეს. უმსხვილესი - 68.68 კარატის მასის - ბრილიანტი ექსელსიორ I 1996 წლის მაისში რობერტ მუავადმა 2 682 000 აშშ დოლარად შეიძინა . ალნატი ეს 101.29 კარატის მასის ყვითელი ალმასი ატარებს ბრიტანეთის არმიის მაიორის ალფრედ ერნესტ ალნატის სახელს, რომელმაც იგი წინა საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აგრის ყაენის კოლექციიდან შეიძინა. მაიორმა ალნატმა ალმასი კარტიეს გაუგზავნა, რათა მისგან საბროშე ბრილიანტი დამზადებულიყო . 1996 წლის მაისში მაიორ ალნატის შთამომავლებმა ბრილიანტი ჟენევაში მოწყობილ სოტბის აუქციონზე გაიტანეს. ბრილიანტი 3 043 496 დოლარად SIBA-ს კორპორაციამ შეიძინა. კოხინორი თავდაპირველად კოხინორი მოიხსენიება ინდოეთის პირველი დიადი მოგულის ბაბურის მოგონებებში. ბაბური 1526 წლის 4 მაისს ეწვია აგრას, სადას მას ეს ალმასი უბოძეს. მისი ბუნებრივი მასა 190 კარატს შეადგენდა. 1547 წელს სპარსეთში გოლკონდის მეფე იბრაჰიმ ქუთბის ელჩმა იგი სპარსეთის თვითმპყრობელს ყურ შაჰს უბოძა. ალმასი ხელახლა ჩნდება 1738 წელს, როცა სპარსელმა ნადირ შაჰმა ინდოეთის არმია დაამარცხა. ლეგენდის პირველი ვერსიის თანახმად, ინდოეთის დიადმა მოგულმა მოჰამედმა იგი ნადირ შაჰს სიცოცხლისა და სამეფოს სანაცვლოდ გადასცა. მეორე ვერსია უფრო ტრაგიკულია: ნადირ შაჰმა იგი მოჰამედის დოლბანდში მისი თავის მოკვეთისთანავე იპოვა. ყოველ შემთხვევაში, განთქმულ ალმასს სახელწოდება ნადირ შაჰმა მისცა: "კოხინორი" სპარსულად სინათლის მთას ნიშნავს. სამოცწლიანი სისხლიანი პერიპეტიების შემდეგ ალმასი ისევ ინდოეთს უბრუნდება, სადაც მას პენჯაბის სინგჰების დინასტია ეუფლება. 1849 წლის 29 მარტს ბრიტანული დროშა ლაჰორის ციხის გალავანზე აფრიალდა და პენჯაბი ოფიციალურად ბრიტანეთის იმპერიას შეუერთდა. 1851 წლისთვის კოხინორი ლონდონში გადაზიდეს და სამეფო ოჯახს უბოძეს. 1852 წელს ალმასი დაათვალიერა პრინც კონსორტმა ალბერტმა, რომელსაც მოეჩვენა, რომ იგი მქრქალი და ელვარებას მოკლებული იყო, რის გამოც ალმასის მოწახნაგება გადაწყვიტა. მოწახნაგება, რომლის ღირებულებამ 8 ათასი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ლონდონში ჩატარდა და 38 დღეს გასტანა. შედეგად, ბრიტანეთის გვირგვინმა მიიღო ოვალური ფორმის 108.93 კარატის მასის ბრილიანტი. შავი ორლოვი ლეგენდის თანახმად, ბრილიანტი ორლოვი თავდაპირველად იყო ჰინდუს ქანდაკების თვალი, რისთვისაც იგი დიადი მოგულის ალმასიდან ამოჭრეს, რითაც წყევლა დაიმსახურეს მათაც და ყველამ, ვის ხელშიდაც ის აღმოჩნდებოდა.ამბობენ, რომ „შავი ორლოვის" მსხვერპლი გახდა გრაფინია ნადეჯდა ორლოვა და გოლიცინა-ბარატინსკაია. და ჯეი პერისიც, რომელიც ბრილიანტის გაყიდვას შეეცადა ამერიკაში ( სარფიან კლიენტთან შეხვედრის ნაცვლად ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცათამბჯენიდან გადახტა). მაგრამ, როგორც ჩანს, ჭეშმარიტმა სიყვარულმა წყევლას მაინც აჯობა. მას შემდეგ, რაც „ შავი ორლოვი“ დენის პეტიზანის სამკაული გახდა, ცნობა სიკვდილიანობაზე აღარ გავრცელებულა. დღეს დიადი მოგული აღარ არსებობს. იგულისხმება, რომ 793 კარატის მასის ეს ალმასი ნაპოვნია 1650 წელს გოლკონდაში, მაგრამ 1665 წელს იგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ბრილიანტად დაიჭრა. 1773 წელს გრაფმა ორლოვმა იგი ამსტერდამში ეკატერინე მეორესთვის აღმოაჩინა. ფასით გაოგნებულმა რუსეთის მბრძანებელმა უარი თქვა ბრილიანტის შეძენაზე. მაშინ გრაფმა ორლოვმა იგი თავისი სახსრებით შეიძინა და ეკატერინეს უბოძა. რუსეთის მბრძანებელმა საჩუქარი მიიღო, მაგრამ როცა გრაფმა ორლოვმა მისი კეთილგანწყობა დაკარგა, ეკატერინემ ბრილიანტი რუსეთის იმპერატორთა სკიპტრაში მოათავსა. დღეს ბრილიანტი რუსეთის ალმასის ფონდშია დაცული. შაჰი ეს 88.70 კარატის მასის, წაგრძელებული ფორმის მოგლუვილი ბრილიანტი, სავარაუდოდ, გოლკონდაშია ნაპოვნი. ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილია მითიური ნიშნები . 1829 წელს სპარსეთის მთავრობამ იგი რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ პირველს უბოძა, რათა ჩაეხშო რუსეთის ელჩის, განთქმული მწერლის გრიბოედოვის მკვლელობის შედეგად გაჩაღებული დიპლომატიური კონფლიქტი. დღეს ბრილიანტი რუსეთის ალმასის ფონდში ინახება. რიჯენტი რიჯენტი ინდოეთში ნაპოვნი ყველაზე დიდი ალმასია. თავდაპირველად ეს 410 კარატის მასის ქვა პიტის სახელწოდებით იყო ცნობილი. ვარაუდობენ, რომ იგი 1701 წელს კიშტნას მდინარის ხეობაში პორტეალის მაღაროზე მომუშავე ყმამ იპოვა. ყმამ იგი მოიპარა და ფეხის ხელოვნურად ინფიცირებულ ჭრილობაში შეინახა. თავისი საიდუმლო ყმამ ბრიტანული გემის კაპიტანს გაანდო და ალმასის ფასის ნახევარი თავისუფალ ქვეყანაში გადაყვანისთვის შესთავაზა, მაგრამ ბომბეისკენ მოგზაურობისას კაპიტანმა ყმა მოკლა და ალმასი დაისაკუთრა. ბომბეიში კაპიტანმა ალმასი ვაჭარ ჯამშუნდს მიჰყიდა, შემდეგ ის სინანულმა შეიპყრო და თავი ჩამოიხჩო. ჯამშუნდმა ალმასი მადრასის გუბერნატორს თომას პიტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უილიამ პიტის ბაბუას მიჰყიდა. თომას პიტმა ალმასი ლონდონში გაგზავნა და მისგან 140.50 მასის ბრილიანტი ამოჭრა . 1717 წელს პიტების ოჯახმა ბრილიანტი ჰერცოგ ფილიპე II-ს, შემდგომში საფრანგეთის რეგენტს მიჰყიდა. იმ დღიდან ბრილიანტი თავის ახლანდელ სახელწოდებას ატარებს. 1797 წელს ნაპოლეონმა ეგვიპტური კამპანიის დასაფინანსებლად ბრილიანტი დააგირავა, მაგრამ შემდგომში ისევ გამოისყიდა. 1814 წელს, როცა ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს, მარი ლუიზამ, მისმა მეორე ცოლმა და ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილმა, ბრილიანტი ვენაში გაიტაცა, მაგრამ მამამისმა - იმპერატორმა ფრანცის პირველმა - ის ისევ საფრანგეთის ტახტს დაუბრუნა. 1940 წელს, გერმანული ოკუპაციის პირველივე დღეებში, რიჯენტი შამბორის ციხეში მალულად გაიტანეს და ქვის პანელის უკან დამალეს. ომის დამთავრების შემდეგ ბრილიანტი პარიზს დაუბრუნდა და ლუვრის აპოლოს გალერეაში გამოიფინა. ვიტელსბახი ლეგენდის თანახმად, მუქი-ცისფერი ბრილიანტი ნაპოვნია ინდოეთში და თავიდან იყო ჟან- ბატისტა ტავერნიეს ალმასის ნატეხი. ეს იშვიათი ქვა, წონით 112, 5 კარატი ლუდოვიკო XIV-ს მიართვეს XVII საუკუნის ყველაზე ცნობილი იუველირისგან. ბრილიანტი იყო ესპანელი მბრძანებლის, ფილიპ IV-ის ხელში, ამშვენებდა ჰაბსბურგების ხაზინას და 200 წლის მანძილზე ვიტელსბახების სახლის საგვარეულო ბრილიანტი იყო. ის იმყოფებოდა ბავარიის მეფის გვირგვინის ვარსკვლავის ცენტრში. ის ვალშიდაც იყო გაცემული და რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დაკარგვაც კი მოასწრო . მაგრამ, ეს ბრილიანტი მხოლოდ არისტოკრატული წარსულით არაა ცნობილი. 1998 წელს „ ცისფერი ვიტელბახი“ სოტბის აუქციონზე გაიყიდა რეკორდულ ფასად _16, 39 მილიონ ფუნტ სტერლინგად. ეხლა ის კერძო კოლექციაშია. ოქროს იუბილე 1986 წელს სამხრეთ აფრიკის საბადოს სიღრმეში ნაპოვნი 755, 5 კარატიანი ალმასი დიდხანს იყო შეუმჩნეველი_ფერიც ჭუჭყისფერი და ბზარები ზედაპირზე. მხოლოდ 1990 წელს იუველირმა გაბი ტოლკოვსკიმ მსოფლიოს სიდიდით მერვე ბრილიანტის დამუშავების შემდეგ შეძლო ეჩვენებია „ოქროს იუბილე“-ს სრული მშვენიერება. ვეფხვის თვალივით ყვითელი ფერის ბრილიანტის სანახავად კილომეტრიანი რიგები იდგა.1995 წელს რომის პაპის და ტაილანდის მაღალი რელიგიური პირების კურთხევით იგი საჩუქრად მიართვეს მეფე პხუმიპონს მმართველობის ოქროს იუბილესთან დაკავშირებით. ახლა ის ბანკოკში სამეფო მუზეუმს ამშვენებს. ტიფანი 1877 წელს აღმოჩენილი იქნა მსოფლიოს უდიდესი ყვითელი ალმასი წონით 287 კარატი. გაიყიდა პარიზშინ იმ დროისთვის უდიდეს თანხად_ 18 000 დოლარად. ჩარლზ ტიფანი ძალიან კმაყოფილი იყო თავისი შენაძენით. მან ამერიკის უნიჭიერეს იუველირს- ფრედერიკ კუნცს ანდო მისი დამუშავება. ორი წლის მუშაობის შემდეგ „ ტიფანი“ შედევრი გახდა. ბრილიანტი საოცარ ჩარჩოში ჩაისვა „ჩიტი ქვქზე“ (ავტორი ჯინ შლიუმბერგი) და დასახლდა ბუტიკში მეხუთე ავენიუზე.მხოლოდ ოდრი ჰეპბერნი ( „საუზმე ტიფანისთან „) იყო ის ადამიანი, ვინც ცოტა ხნით შეიგრძნო ბრილიანტი თავის სხეულზე. მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი ქვა რამდენჯერმე მოხვდა აუქციონზე, არცერთხელ არ გაიყიდა და დღემდე არის „Tiffany&Co”-ის მთავარი მაღაზიის სიმბოლო. შენიშვნა: ბრილიანტი (ფრანგ. brillant - „ელვარე“) — ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად. კარატი, ძვ. ბერძნული წონის ერთეული; შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. ბერძნულ–რომაული კარატი უდრიდა 0, 189 გ, ეგვიპტური - 0, 196 გ. საქართველოში დამკვიდრდა XI -XVII საუკუნეებში კერატის და XVII-XVIII საუკუნეებში ყირათის სახელწოდებით. კერატი შედიოდა დრამის წონით სისტემაში და მისი 1/12–ს, ანუ 1, 212 გ იყო. ყირათი შეადგენდა მისხლის 1/24-ს, ანუ 0, 192 გ. კარატი არის ასევე ძვირფასი ქვების მასის საზომი. 1907 წელს პარიზის საერთაშორისო კონვენციის განსაზღვრით კარატი უდრის 200 მგ ან 2•10ˉ4 კგ. ზოგ ქვეყანაში აღნიშნავს ასევე ძვირფასი ლითონების შენადნობთა სინჯს. და ბოლოს –ბუნებაში ნაპოვნი ალმასების მხოლოდ 20% გამოსადეგია საიუველირო ნაკეთობებისთვის, ხოლო 80%-ს მხოლოდ ტექნიკური გამოყენება აქვს. 818 11-ს მოსწონს
|