სამწუხაროდ ღორის გრიპი საქართველოში კვლავ გააქტიურდა.. H1N1 ვირუსი ანუ ღორის გრიპი საქართველოში კვლავ გააქტიურდა, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების ორი შემთხვევა. ვირუსით დაავადების კიდევ 19 ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების თქმით ეპიდემიის საშიშროება არ არის, თავი მაინც უნდა დავიცვათ.
როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან? ამ პრობლემით 2030 დაინტერესდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ამბობს, რომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. -„მთელ კონტინენტზე დადის ე.წ. პანდემიური ვირუსი, ამიტომ ვისაც აქვს გრიპი, დროულად უნდა მიმართოს ექიმს. განსაკუთრებით კი რისკის ჯგუფის ადამიანებმა. გრიპის სეზონზე საერთოდ, ყოველწლიურად გარკვეული სახის ვირუსი დომინირებს. შარშან ეს „ბ“ ტიპის ვირუსი იყო, წელს კი გაციებული ადამიანების 98% „ა“ ტიპის იგივე „ღორი გრიპის“ ვირუსითაა დაავადებული“.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ვირუსი უკვე ადაპტირებული გახდა და ადამიანებსაც მის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ. სტატისტიკით წლევანდელ სეზონზე 100 ათას ადამიანზე ამ ვირუსით 250 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიის საშიშროება კი დგება მაშინ, როცა 100 ათას მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვი 500-ს გადასცდება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც ადასტურებს, რომ ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს.
„ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა ან სხვა ჩივილები. ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მივმართოთ ექიმს“-ურჩევს მოქალაქეებს ხუნდაძე.
გრიპის სეზონის პიკად თებერვალი ითვლება. მედიკოსებიც მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხის შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს ურჩევენ.
H1N1-ის ვირუსით ქუთაისში შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია "პირWელს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაუდასტურა. პაატა იმნაძე მოსახლეობას გავრცელებული ვირუსების თავიდან ასაცილებლად, დროული პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
"ვირუსის ეპიდემიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე 500 შემთხვევაა, დღეს ამ ზღვარის ნახევარიც არ გვაქვს. ზუსტად იგივე ხდება, რაც იყო შარშან და შარშანწინ. ჩვეულებრივი ზამთარია, ჩვეულებრივი გრიპია, თუ დაგვეწყება გრიპი, ეს ღორის გრიპია, ამიტომ დროზე უნდა მივმართოთ ექიმს. აღნიშნული ვირუსი 10 ათასმა ადამიანმა უკვე გადაიტანა, ისინი კარგად არიან. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ. გრიპს ახასიათებს უეცარი მაღალი ტემპერატურა, ასევე ტკივილი, ორგანიზმში დამტვრეულობის შეგრძნება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მცირე ინფორმაცია "ღორის გრიპზე":
თავიდან ახალ გამოვლენილ ვირუსს უწოდებდნენ „ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბარატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ გავრცელებულ ვირუსისაგან. -ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. -მეცნიერები ამ ვირუსს „ოთხმაგი რეასორტაციის" ვირუსს უწოდებენ ((შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან, (ეს არაა ღორის ვირუსი)არამედ ზემოთ არნიშნული გენებისაგან)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალას.
A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სენონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსული ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.