საბუნებისმეტყველო §16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2016, 23 იანვარი, 21:17 ძველად, სასაათე სარტყლების შემოღებამდე, ყველა ქვეყანას, მის ცალკეულ რეგიონს საკუთარი დრო ჰქონდა. ლოკალურ დროს მზის საათებზე აყენებდნენ, რომლებიც დიდი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე იყო დამონტაჟებული. იმ პერიოდში, დროის სინქრონიზაცია აუცილებელი არ იყო. XIX საუკუნეში, ორთქლმავლის და ტელეგრაფის გამოგონების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. სამგზავრო მატარებლები 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ, გარკვეული გრაფიკის დაცვით. ამასთან, ყველა სარკინიგზო კომპანიას საკუთარი დრო ჰქონდა, რომელიც იმ ქალაქის დროს ემთხვეოდა, რომელშიც კომპანიის ოფისი იყო განთავსებული. ამის გამო, დიდ სადგურებში, იმდენი საათი იყო დამონტაჟებული, რამდენი კომპანიის მატარებელიც შედიოდა და ყველა სხვადასხვა დროს უჩვენებდა. კიდევ უფრო რთულად იყო საქმე ტელეგრაფთან დაკავშირებით, რომელიც ინფორმაციას, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში, ელვის სისწრაფით გადასცემდა. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში, სასაათე სარტყლები შემოიღეს, რომლის საზღვრები მეზობელ მერიდიანებზე გადიოდა და დროის ათვლას ამარტივებდა. 1884 წ. ქ. ვაშინგტონში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 24 ქვეყანა მონაწილეობდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, მისმა მონაწილეებმა, მერიდიანად, რომლიდანაც უნდა დაწყებულიყო დროის ათვლა, გრინვიჩის ოფსერვატორიაზე (ლონდონთან ახლოს) გამავალი მერიდიანი აირჩიეს. დედამიწა თავისი წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. გრადუსებზე თუ გადავიყვანთ, 1 საათში 15º გადის. ამიტომ, დედამიწის ზედაპირი 24 სარტყლად გაყვეს და საზღვარი ყოველ მე-15 გრადუსზე გაატარეს. ნულოვანი (გრინვიჩის) მერიდიანის აღმოსავლეთით და დასავლეთით, 7º30'-ზე გამავალ მერიდიანებს შორის, ნულოვანი (იგივე 24-ე) სარტყელი მდებარეობს, რომლიდანაც ხდება დროის ათვლა მთელს მსოფლიოში. ერთი სასაათე სარტყლის ფარგლებში, პოლუსიდან პოლუსამდე, ერთი და იგივე დრო არის და ამ დროს, ადგილობრივი დრო ეწოდება. თითოეული სარტყლის ყველა პუნქტში, ამ სარტყლის შუა მერიდიანის დროით სარგებლობენ. სასაათე სარტყლის მიხედვით, ათვლის დროს, სასარტყელე (ზოლური) დრო ეწოდება. დროის სხვაობა მეზობელ სარტყლებს შორის, ერთი საათი არის. მაგ., თუ გრინვიჩის სარტყელში 12 საათია, მის აღმოსავლეთით მდებარე პირველ სარტყელში 13 საათი იქნება, ხოლო დასავლეთით მდებარე სარტყელში –11 საათი. მიუხედავად საერთაშორისო შეთანხმებისა, ზოგიერთი ქვეყანა სასაათე სარტყლების დროს ზუსტად არ იცავს. მაგ., გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საათის ისრებს ერთი საათით წინ სწევს და ზაფხულის დროზე გადადის, ხოლო შემოდგომის ბოლოს, სასარტყლე დროს უბრუნდება. სასარტყელე დრო მაშინაც ირღვევა, თუ ქვეყანა ერთდროულად რამოდენიმე სასაათო სარტყელში მდებარეობს, მაგრამ მთელი ქვეყანა ერთი სარტყლის დროს იყენებს. სასარტყელე დროს შემოღების შემდეგ, ჯერი თარიღთა ცვლის ხაზზე მიდგა. რადგან მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, გადაწყდა რომ თარიღებს შორის დემარკაციის ხაზი, ნულოვანი მერიდიანის მოპირდაპირე მხარეს, 180º-იან მერიდიანზე გაივლიდა. ამის გამო, აღნიშნულ მერიდიანს, თარიღთა ცვლის ხაზი ეწოდება. ის ძირითადად წყნარი ოკეანის წყლებზე გადის. ხაზის გადაკვეთის შემდეგ, თარიღს, 1 დღე ან ემატება (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკე გადაკვეთისას) ან აკლდება (აღმოსავლეთიდან დასავლეთისკე გადაკვეთისას). ვიდრე სასაათე სარტყლებს და თარიღთა ცვლის ხაზს შემოიღებდნენ, უამრავი კურიოზი ხდებოდა. ასე, მაგალითად, 1522 წ. მაგელანის ექსპედიციიდან დაბრუნებულმა, “ვიქტორიას“ ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ გზაში ერთი დღე დაკარგა. კაპიტანმა გემბანის ჩანაწერები რამდენჯერმე გადაამოწმა, მაგრამ “დაკარგული“ დღე ვერ აღმოაჩინა. ამ “საიდუმლოს“ ამოხსნა, დღეს უკვე მარტივად შეიძლება: დედამიწის გარშემოწერილობა 360º-ს ტოლია. სრულ ბრუნს წარმოსახვითი ღერძის გარშემო ის 24 სთ-ს ანდომებს. ე. ი. 1º-ს 4 წთ.-ში გადის. მაგელანის ფლოტმა ევროპიდან დასავლეთის მიმართულებით ანუ დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო ცურვა. “ვიქტორიას“ ეკიპაჟისთვის, ყოველი გრადუსის გადაკვეთისას, დღე-ღამე 4 წთ-ით იზრდებოდა. სამშობლოში აღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა ეკიპაჟმა, 360º გაიარა, რამაც მათი მოგზაურობა 24 საათით ანუ 1 დღე-ღამით გაზარდა. სწორედ ეს ერთი დღე არ იყო გატარებული საბორტო ჟურნალში. § 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა. §15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/ 2924 9-ს მოსწონს
|