პოეზია "პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსმა სოციალური ქსელი აალაპარაკა 2016, 5 იანვარი, 22:10 „პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“ - ასეთი სახელწოდებით გამოაქვეყნა პოეტმა რატი ამაღლობელმა სოციალურ ქსელში ახალი ლექსი, რომელმაც ფეისბუქის მომხმარებლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და სულ რამდენიმე საათში 125-ზე მეტი გაზიარება მოჰყვა. „პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“ პატრიარქი გაიყინა, საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა, 83 წლის მოხუცი პატრიარქი მეტროს ჩასასვლელში, მიწისქვეშა გადასასვლელში გაიყინა. დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი ჩემი გაყინული პატრიარქი, მიწისქვეშეთის მისადგომებთან წაქცეული. უცხო, უცნობი, განდევნილი, როგორც პირველი ქრისტიანი, მე მიყვარს პატრიარქი მეტროს ჩასასვლელში გაყინული. მას არავინ მიულოცავს დაბადების დღეს, არავინ უმღერებს ოდებს. დაე, დატირება, ეს მცირე დატირება წაგყვეს უწმინდესო იქ, სადაც მართალნი განისვენებენ." შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს, პატრიარქი დაბადების დღეს დაემთხვა სამწუხარო ამბავი: მეტრო "დელისის" მიწისქვეშა გადასასვლელში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციის მიხედვით იგი უსახლკარო იყო და სიცივისგან გაიყინა, თუმცა საბოლოოდ შსს-მ დაადასტურა, რომ მამაკაცი უსახლკარო არ ყოფილა და მისი გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა. ბევრმა მიიჩნია, რომ ლექსი სწორედ ამ მოვლენას ეხმაურება და ავტორს პატრიარქის "დადანაშაულებას" უსაყვედურებენ. სხვები კი, პირიქით, აცხადებენ, რომ "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა". თავად ავტორი კი აღშფოთებულ საზოგადოებას ამშვიდებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ლექსია "და არა ინფო იტერპრესნიუსზე თუ ფორტუნა ჯიზე". "ხელს არავისკენ ვიშვერ საერთოდ, განსაკუთრებით პოეტურ ტექსტებში, არც აქ, თუ მაინცდამაინც - საკუთარი თავისკენ, იქ მყოფი რაღაცეებისკენ, ან ვიღაცეებისკენ" - წერს რატი ამაღლობელი. 1526 9-ს მოსწონს
|