გჯერათ ჭეშმარიტი სიყვარულის? ან ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ? იქნებ იმის მაინც გჯერათ, რომ სიყვარული მარადიულია? სასიყვერულო ისტორიები, რომლებზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ ალბათ დაგარწმუნებთ ამ გრძნობის სიმძაფრეში ან კიდევ გაგიმყარებთ უკვე არსებულ რწმენას. მაშ ასე, გთავაზობთ მსოფლიო ისტორიასა და ლიტერატურაში 10 ყველაზე ცნობილ სასიყვარულო ამბავს.
1. რომეო და ჯულიეტა
უილიამ შექსპირის მიერ უკვდავყოფილი რომეო და ჯულიეტა, ალბათ ყველაზე ცნობილი მიჯნურები არიან. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ოჯახის შვილებს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდებათ, მალულად დაქორწინდებიან და მზად არიან სიცოცხლეც კი დათმონ სიყვარულისთვის. მათი თვითმკვლელობა ოჯახებს შეარიგებს, მათი სახელები კი სიყვარულის სინონიმად იქცევა.
2. კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი
მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას სიყვარულის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. ამ ორი ისტორიული პერსონაჟის სიყვარულის ამბავი შემდეგში შექსპირის კალმით იქნა უკვდავყოფილი და ცნობილი რეჟისორების მიერ არაერთგზის ეკრანიზებული. მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას ურთიერთობა სიყვარულის ჭეშმარიტი გამოცდაა. მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. ამ ორი გავლენიანი ადამიანის დაახლოებამ ეგვიპტეს ხელსაყრელი სიტუაცია შეუქმნა. მაგრამ მათმა რომანმა უკიდურესად გაღიზიანა რომაელები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამით ეგვპიტელთა გავლენა გაიზრდებოდა. ყველა მუქარის მიუხედავად, მარკუს ანტონიუსი და კლეოპატრა დაქორწინდნენ. ამბობენ, რომ რომაელების წინააღმდეგ ბრძოლისას მარკუსმა ყალბი შეტყობინება მიიღო კლეოპატრას ვითომდა სიკვდილის შესახებ. ამ დარტყმას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. როცა კლეოპატრამ ანტონიუსის სიკვდილი შეიტყო, ჯერ შოკში ჩავარდა, შემდეგ კი მანაც თავი მოიკლა. როგორც ჩანს, დიდი სიყვარული დიდ მსხვერპლს მოითხოვს.
3. ლანსელოტი და გვინევრა
სერ ლანსელოტისა და დედოფალ გვინევრას ტრაგიკული ისტორია მეფე არტურის შესახებ ლეგენდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ლანსელოტს შეუყვარდება მეფე არტურის მეუღლე, დედოფალი გვინევრა, რომელიც თავიდან მასთან დაახოებაზე უარს ამბობს. მაგრამ სიყვარულმა და ვნებამ თავისი გაიტანა და ისინი საყვარლები გახდნენ. მალე მათ ურთიერთობას ფარდა აეხადა, დედოფალი გვინევრა შეიპყრეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. ლანსელოტმა კი გაქცევა შეძლო, მაგრამ რამდენიმე დღეში დაბრუნდა და საყვარელი ქალი ეშაფოტიდან გაიტაცა. ამ ფაქტმა მრგვალი მაგიდის რაინდებს შორის განხეთქილება გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენა მეფე არტურის ძლიერება. გვინევრა მონაზვნად აღიკვეცა, ლანსელოტმა კი დაცემულსა და განდგომილის სტატუსით იცხოვრა სიკვდილამდე.
4. ტრისტანი და იზოლდა
ტრისტანისა და იზოლდას სიყვარულის ტრაგიკული ამბავი მრავალჯერ იქნა გადაწერილი. მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეებში, მეფე არტურის მეფობის დროს. ირლანდიის მეფის ასული იზოლდა კორნუოლის მეფე მარკზე იყო დანიშნული. საცოლის კორნუოლში ჩამოსაყვანად მარკმა თავისი ძმისშვილი ტრისტანი გაგზავნა. მგზავრობის დროს ტრისტანსა და იზოლდას ერთმანეთი შეუყვარდათ. მაგრამ მოვალეობას ვერსად გაექცნენ და იზოლდა მარკს ცოლად გაჰყვა. თუმცა წყვილს ურთიერთობა არც ქალის გათხოვების შემდეგ გაუწყვეტია. როდესაც მეფე მარკმა ცოლისა და ძმიშვილის ღალატის შესახებ შეიტყო, ტრისტანი ქვეყნიდან გააძევა, იზოლდას კი დანაშაული აპატია.
ტრისტანი ბრეტანში გაემგზავრა, სადაც იზოლდა ბრეტანელს შეხვდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მის ნამდვილ სიყვარულს - დედოფალ იზოლდას. ამიტომ ტრისტანმა იზოლდა ბრეტანელი ცოლად შეირთო. თუმცა ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა. ტრისტანი ავად გახდა. მან გემი გაგზავნა თავის საყვარელ ქალთან იმ იმედით, რომ შეებრალებოდა და სანახავად მოვიდოდა. კაპიტანთან ასეთი შეთანხმება ჰქონდა: თუ იზოლდა წამოსვლაზე დათანხმდებოდა, უკან დაბრუნებულ გემს თეთრი იალქანი უნდა აეშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში - შავი. იზოლდა მართლაც დათანხმდა საყვარელ ადამიანთან წასვლაზე და დაბრუნებულ გემზეც თეთრი იალქანი აუშვეს. მაგრამ ტრისტანის ცოლმა ამის დანახვაზე, მოატყუა ქმარს, რომელიც საწოლიდან ვერ დგებოდა, და უთხრა, რომ იალქანი შავი იყო. ტრისტანი მანამ გარდაიცვალა მწუხარებისგან სანამ იზოლდა გემიდან გადმოვიდოდა. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას ვერც იზოლდამ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა.
5. პარისი და ელენა
ჰომეროსის ილიადაში მოთხრობილი ტროის ბრძოლა და ელენესა და პარისის სიყვარულის ისტორია ბერძნული გმირული ლეგენდების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ნახევრად გამოგონილი ხასიათისაა. ელენა მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითლება. იგი სპარტის მეფის მენელიუსის მეუღლე იყო, როდესაც ის ტროას უფლისწულს, პარისს შეუყვარდა და საყვარელი ქალი ტროაში გაიტაცა. საკუთარი დედოფლის დასაბრუნებლად ბერძნებმა დიდი არმია შეკრიბეს და მეფე მენელიუსის ძმის, აგამემნონის მეთაურობით ტროას მიადგნენ. ბრძოლის შედეგად ტროა განადგურდა, ელენა კი საკუთარ ქმართან დაბრუნდა.
6. ორფეოსი და ევრიდიკე
ორფეოსისა და ევრიდიკეს ისტორია - ეს არის ძველბერძნული მითი სასოწარკვეთილი სიყვარულის შესახებ. ორფეოსს თავდავიწყებით შეუყვარდა და ცოლად მოიყანა უმშვენიერესი ნიმფა, ევრიდიკე. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ბედნიერნი იყვნენ. არისთოესს, მიწისა და მიწათმოქმედების ღმერთს მოეწონა ევრიდიკე და გამოეკიდა მას. ქალი გაიქცა და სიჩქარეში გველების ბუდეში ჩავარდა. გველის ნაკბენის შედეგად ევრიდიკე გარდაიცვალა. დადარდიანებულ ორფეოსს ნიმფებმა მიწისქვეშ ჩასვლა ურჩიეს. მისმა მუსიკამ გული მოულბო ჰადესსა და პერსეფონეს, (ეს იყო პირველი და უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა), რის შედეგადაც მათ ორფეოსს უფლება მისცეს ევრიდიკეს გამოხსნისა, ოღონდ ერთი პირობით: ორფეოსს არ უნდა გაეხედა ევრიდიკესკენ მანამ, სანამ ისინი მიწისქვეშეთს არ დატოვებდნენ. მაგრამ ორფეოსმა ნაადრევად შეხედა ევრიდიკეს, რამაც ქალის სიკვდილი გამოიწვია, ამჯერად სამუდამოდ…
7. შაჰ-ჯაჰანი და მუმტაზ-მაჰალი
1612 წელს 19 წლის გოგონა, არჯუმანდ ბანუ ცოლად გაჰყვა 15 წლის შაჰ-ჯაჰანს, დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველს. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. საყვარელმა ცოლმა შაჰ-ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ-ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა. ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე მეუღლემ აღმართა მავზოლეუმი, რომელიც, შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით, მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. არქიტექტორები და ხუროთმოძღვრები მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. ასე შეიქმნა ცნობილი ტაჯ-მაჰალი, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს მნახველს თავისი სრულყოფილებით.
მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ-ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ-მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ-ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. იგი ტახტიდან გადმოაგდო თავისივე ვაჟმა და ციხეში გამოამწყვდია. პატიმრობაში შაჰს ერთი სიხარულიღა დარჩენოდა: ციხის ვიწრო სარკმელი, საიდანაც ერთადერთი რამ ჩანდა - ულამაზესი, ზეცაში გამოკიდებული, თეთრი გედივით ბრწყინვალე ტაჯ-მაჰალი, მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი. მალე შაჰ-ჯაჰანიც გარდაიცვალა და მეუღლის გვერდით, ტაჯ-მაჰალში დაკრძალეს.
8. სალიმი და ანარკალი
სალიმი დიდ მოგოლთა იმპერატორის, აკბარის შვილი იყო, რომელსაც შეუყვარდა კურტიზანი გოგო, ანარკალი. საიმპერატორო კარისთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო პრინცის კურტიზანზე დაქორწინება, ამიტომ იმპერატორმა ყველა ღონე იხმარა, რათა ანარკალი შვილის თვალში დაემცირებინა და მის მიმართ სიყვარული განელებოდა. როცა სალიმმა ამის შესახებ შეიტყო, მამას ომი გამოუცხადა. თუმცა იმპერატორის უზარმაზარ არმიას თავისი მცირე ძალებით რას აჯობებდა... პრინცი შეიპყრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სასოწარკვეთილი ანარკალი ამაოდ ცდილობდა საიმპერატორო კარის გულის მოლბობას და იმის მტკიცებას, თუ რა ძლიერ უყვარდათ მათ ერთმანეთი. გოგო შეიპყრეს და სალიმის თვალწინ ცოცხლად ჩააყოლეს მშენებარე კედელს, ხოლო ამის შემდეგ აღარც პრინცი დაინდეს.
9. პაოლო და ფრანჩესკა
პაოლო და ფრანჩესკა - დანტეს შედევრის, "ღვთაებრივი კომედიის" პერსონაჟებია, თუმცა მათი ისტორია რეალურია: ფრანჩესკა იყო ჯანჩოტო მალატესტას, საშინელი ადამიანის ცოლი. თუმცა მისი ძმა, პაოლო, ძმისაგან სრულიად განსხვავდებოდა. ფრაჩესკას შეუყვარდა მაზლი და ისინი საყვარლები გახდნენ. მათი სიყვარული კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ერთად წაიკითხეს ლანსელოტისა და გვინივერას ამბავი. როცა ჯანჩოტომ მათი სიყვარულის შესახებ შეიტყო, ორივე დახოცა.
10. ლეილა და მეჯნუნი
ნიზამი განჯას რომანტიკული პოემა “ლეილა და მეჯნუნი”, არაბული ლეგენდით შთაგონებული ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიაა. ლეილასა და კაისს ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლაში შეუყვარდათ. როცა მათი სიყვარულის ამბავი საჯარო გახდა, მათ ურთიერთობა და ერთმანეთის ნახვა აუკრძალეს. კაისმა გადაწყვიტა უდაბნოში წასვლა და ცხოველებს შორის ცხოვრება, რის გამოც მას მეჯნუნი (შეშლილი) შეარქვეს. უდაბნოში მან გაიცნო მოხუცი ბედუინი, რომელმაც ლეილას მოტაცება შესთავაზა. თუმცა გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს. მალე მამამ ლეილა სხვაზე გაათხოვა. ლეილას ქმრის სიკვდილის შემდეგ, მოხუცმა ბედუინმა ლეილასა და მეჯნუნს შეხვედრა მოუწყო, მაგრამ მათ ერთმანეთს ვეღარ გაუგეს. სიკვდილის შემდეგ ისინი გვერდიგვერდ დაკრძალეს. ამ ისტორიას ხშირად მიიჩნევენ, როგორც ალეგორიას სულისა, რომელიც ღვთაებრივთან შერწყმისკენ მიისწრაფვის.