სიბრძნის კონა – II ნაწილი. მოკლე იგავების კრებული
პირველი ანგელოზი
დაბადებამდე ერთი დღით ადრე, ბავშვმა ჰკითხა ღმერთს:
— არ ვიცი, რატომ მივდივარ იმ ქვეყანაში. იქ რა უნდა ვაკეთო?
ღმერთმა უპასუხა:
— მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.
— მაგრამ როგორ უნდა გავიგო რას მეტყვის, მე ხომ მისი ენა არ ვიცი?
— ანგელოზი თავის ენას გასწავლის. ის ყველა უბედურებისგან დაგიცავს.
— შენთან როდის და როგორ უნდა დავბრუნდე?
— შენი ანგელოზი ყველაფერს გეტყვის.
— ჩემს ანგელოზს რა ჰქვია?
— მნიშვნელობა არა აქვს, რა ჰქვია. შენ მას «დედას» დაუძახებ.
ვიღაცის პრობლემის გადასაწყვეტად
— ყოველი ადამიანი დედამიწაზე — ვიღაცის პრობლემის გადაწყვეტა არის, — უთხრა ერთხელ შვილიშვილს ბრძენმა ბებიამ.
ბავშვს ძალიან გაუკვირდა ეს რომ გაიგო.
— შენ — ვიღაცის პრობლემის გადაწყვეტა ხარ, — გაიმეორა ბებიამ. და განუმარტა:
— ნიჭი, რომელიც შენ მოგეცა, შეიძლება ყველას არ სჭირდება, მაგრამ ის, უეჭველად, ვიაცისთვის აუცილებელი არის — შენი ღიმილი, შენი სიყვარული, შენი ძალა.
საჩუქარი მეფეს
ერთხელ ერთმა ადამიანმა მეფეს საჩუქარი მიუტანა. მაგრამ, ამ საჩუქარმა მეფე არ გაახარა, პირიქით – დაამწუხრა.
— რამ დაგაღონათ? — ჰკითხეს მეფეს.
მან უპასუხა:
— როგორ არ უნდა ვწუხდე? ამის შემდეგ, როგორიც არ უნდა ძვირად ღირებული საჩუქარი ვაჩუქო ამ ადამიანს, ის ჩათვლის, რომ მე ამას მადლიერების ნიშნად ვაკეთებ, მისი მიერ მორთმეული საჩუქრის გამო. მეფემ იმაზე ადრე უნდა აჩუქოს საჩუქარი, ვიდრე მას აჩუქებენ.
დამნაშავე არავინ არის
წმინდანთან მივიდა ჩვეულებრივი ადამიანი და ცხოვრებაზე წუწუნი დაიწყო:
— ჩემი ცხოვრება გატეხილ სარკეს ჰგავს! ჩემს სულს ცოდვის ლაქებით არის დასვრილი! შეიძლება მქონდეს რამის იმედი?
— დიახ, — უპასუხა წმინდანმა, — ნამსხვრევების შეწებებაც შეიძლება და ლაქების წაშლაც.
— როგორ?
— პატიებით.
— ვის უნდა ვაპატიო?
— ყველას: მეზობელს, მეგობარს, ცხოვრებას — და განსაკუთრებით საკუთარ თავს.
— ეს როგორ უნდა გავაკეთო?
— უნდა გააცნობიერო, რომ დამნაშავე არავინ არის. არავინ.
უხილავი ფესვები
ერთი ადამიანი მივიდა წმინდანთან და უთხრა:
— მე მხოლოდ საკუთარ სხეულს ვხედავ, სულს კი არა, ამიტომ ჩემთვის მთავარი სხეულია. როგორ უნდა მჯეროდეს სულის, რომელიც უხილავია?
წმინდამნა მას უპასუხა:
— შენი დასკვნა ისეთივეა, მე რომ ვთქვა – ხის მხოლოდ ღეროს ვხედავ და როგორ უნდა დავიჯერო ფესვების არსებობა, რომელიც არა ჩანს?
ფულში არ არის ბედნიერება
მოსწავლემ მასწავლებელს ჰკითხა:
— რამდენად სწორია გამოთქმა, რომ ფულში არ არის ბედნიერება?
მან კი უპასუხა, რომ გამოთქმა სრულიად სწორია. და მტკიცებულებაც მოიყვანა: მაგალითად, ფულით საწოლის ყიდვა შეიძლება და არა ძილის; საჭმლის, და არა მადის; წამლის, და არა ჯანმრთელობის; მსახურის, და არა მეგობრობის; ქალების, და არა სიყვარულის; სახლის, და არა ოჯახური კერის; გართობის, და არა სიხარულის; განათლების, და არა გონების... და ამ ჩამონათვალის გაგრძელება, უსასრულოდ შეიძლება.
ბედნიერებას გისურვებ!
გზის პირას მათხოვარი იდგა და მოწყალებას ითხოვდა. მხედარმა, რომელმაც გვერდით ჩაუარა, სახეზე მათრახი დაარტყა. მათხოვარმა კი მხედარს მიაძახა:
— ბედნიერებას გისურვებ.
გლეხმა, რომელმაც ყველაფერი დაინახა და გაიგონა, მას ჰკითხა:
— ნუთუ ასეთი მორჩილი ხარ?
— არა, ეს ადამიანი ბედნიერი რომ ყოფილიყო, მათრახს არ დამარტყავდა - უპასუხა მათხოვარმა.
მდიდარი ცოლ-ქმარი
ერთხელ ქმარმა უთხრა ცოლს:
— მე ბევრს ვიმუშავებ და როგორმე ჩვენ გავმდიდრდებით.
— ჩვენ უკვე მდიდრები ვართ, ძვირფასო, ჩვენ ერთმანეთი გვყავს. როდესმე ფულიც გვექნება, — უპასუხა ცოლმა.
მეწაღე და სურათი
ერთმა ნიჭიერმა მხატვარმა თავისი ნამუშევარი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა. ბევრი აქებდა მის ახალ ნამუშევარს. და მხოლოდ მეწაღემ დაინახა შეცდომა დახატულ სანდლებში.
მოისმინა მისი შენიშვნები მხატვარმა და სასწრაფოდ შეასწორა ნახატი.
ამის შემდეგ, მეწაღე ისე გაამპარტავნდა, რომ იმის ლაპარაკი დაიწყო, რომ წვივი და მუხლიც ცუდად არის დახატულიო და საერთოდ ფეხი ფეხს არა გავსო…
რაზეც მხატვარმა მას უპასუხა:
— ნუ განსჯი მეწაღევ ფეხსაცმლის ზევით!
შორსმჭვრეტელობა
ერთ ფილოსოფოსს ქალიშვილი ჰყავდა. მისი გათხოვების დრო რომ მოვიდა, ორი მთხოვნელი გამოუჩნდა: ღარიბი და მდიდარი. ფილოსოფოსმა შვილი ღარიბს მიათხოვა.
როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, უპასუხა:
— მდიდარი საქმრო სულელი იყო, და ვიფიქრე, რომ მალე გაღატაკდებოდა. ხოლო ღარიბი საქმრო ჭკვიანი იყო — და მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში, ის გამდიდრდება.
მიწის ნაკვეთი
ერთ კაცს მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც მთლიანად ნაგვით იყო დაფარული, და გადაწყვიტა მისი გაყიდვა. ვინც მიწა იყიდა, ნაგვისაგან გაასუფთავა და იქ წყარო იპოვა სუფთა, კამკამა წყლით. ნაკვეთზე ვაზი და ბროწეულის ხეები დარგა და რაც ადგილი დარჩა, არომატული მცენარეები დათესა. იქვე პატარა კოშკურა ააშენა და საიმედო დარაჯი დააყენა.
გამვლელები გულგრილად ვერ უყურებდნენ ამ სილამაზეს და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ისე მოხდა, რომ ნაკვეთის ძველი მფლობელიც მოხვდა იმ ადგილზე. დაინახა, რა, თუ როგორ შეიცვალა ყოფილი ნაგვის ბუდე, წამოიძახა:
— ვაი მე! რა ადგილი გავყიდე! რა მადლი და ბარაქა დავკარგე!
ხმალი და ენა
ხმალი ჰაერში მიფრინავდა, რომ თავი მოეჭრა უბედური ადამიანისთვის.
ეს რომ დაინახა, ენამ უთხრა:
— დაიგვიანე… მე ეს უკვე გავაკეთე, და შენზე უკეთესად.
იხ. სიბრძნის კონა – I ნაწილი. მოკლე იგავების კრებული
http://intermedia.ge/სტატია/68904-სიბრძნის-კონა-I-მოკლე-იგავების-კრებული/106/