პროფილაქტიკა როგორ ვუმკურნალოთ დამწვრობას ყოველგვარი კვალის გარეშე 2015, 12 დეკემბერი, 11:56 დამწვრობა – ეს არის ორგანიზმზე თერმული, ქიმიური, ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანება. არსებობს დამწვრობის სხვადასხვა სახე: თერმული, ქიმიური ნივთიერებებით, ელექტროდენით მიღებული დამწვრობები. თერმულ დამწვრობას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი, ცხელი- ადუღებული სითხე, ორთქლი, მზის სხივები და სხვა. დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის სიდიდე და სიღრმე. რაც უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი ზედაპირი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. განასხვავებენ დამწვრობას ოთხი ტიპის ხარისხით: I ხარისხის დამწვრობის დროს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე – ეპიდერმისი ზიანდება. ახასიათებს კანის შეწითლება, შეშუპება და ტკივილი. შეხორცებას რამდენიმე დღე სჭირდება. შესაძლოა, დარჩეს სუსტი ქავილი, ან აქერცვლა. II ხარისხის დამწვრობის დროს კანის დაზიანება უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს. მისი ზერელე შრის ეპიდერიმისის ქვეშ გროვდება გამჭვირვალე სითხე, რომელიც დაინფიცირების შედეგად შეიძლება დაჩირქდეს. ბუშტუკები უმეტესად ვითარდება დამწვრობის მიღებისთანავე, ან 24 საათის შემდეგ. ეს დამოკიდებულია თერმული აგენტის ტემპერატურასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. მრავალრიცხოვანი ბუშტუკების მეშვეობით ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით პლაზმას. მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ტკივილი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება. III ხარისხის დამწვრობა კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანებას გულისხმობს. აღინიშნება ქსოვილთა ნეკროზი დამწვარ ზედაპირზე შავი ფერის ქერქის წარმოქმნით. თუმცა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობებისგან განსხვავებით ნაკლებად მტკივნეული ან უმტკივნეულოა, რადგან თერმული ზემოქმედებით ნერვული დაბოლოებებიც დამწვარია… ამ დროს კანის დვრილოვანი შრე ნაწილობრივ ან მთლიანად ზიანდება. თუ დვრილოვანი შრე ძლიერ დაზიანებულია, კანის მთლიანი რეგენერაცია არ ხდება და მის მაგიერ ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება. IV ხარისხის დამწვრობას ექიმები დანახშირებას უწოდებენ. ამ დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები, ხშირად ძვლებიც კი. თუ შემთხვევით მიიღეთ სხეულის რომელიმე ნაწილის I ან II-ე ხარისხის დამწვრობა, შემოგთავაზებთ ხალხური მეთოდით სახლის პირობებში მკურნალობის მარტივ და ეფექტურ მეთოდებს. საკმაოდ ეფეტქური საშუალებაა ამ დროს "ჯორიტერფა" (იგივე ვირის ტერფა). სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთოლი. გარეცხილ ფოთოლს პირდაპირ იდებენ დამწვარ ადგილას, რაც ხელს უწყობს ჭრილობის მოშუშებას და ქსოვილების აღდგენას. (ვირის ტერფა დიდი რაოდენობით იზრდება ფერდობიან, კლდოვან, ღელეიან ადგილებსა და გზების გაყოლებაზე. მისი ფოთოლი მრგვალი, პრიალა ზედაპირითა და ქვედა ბუსუსოვანი მხარით ხასიათდება. ადვილია საცნობად დახასიათების შემდეგ). განსაკუთრებით კარგი და ეფექტური საშუალებაა დამწვრობის დროს უმი კვერცხის გულისა და ცილის წასმა, თუმცა ამაზე სასწაულებრივ შედეგს იძლევა მოხარშული კვერცხის გულის ზეთი, რომელსაც აი ასე მიიღებთ: მოხარშული კვერცხის გულის ზეთის მისაღებად 10-15 ცალი მოხარშული კვერცხის გული მოათავსეთ ცხელ ტაფაზე და შეწვით დანახშირებამდე. შედეგად ის გამოყოფს ზეთს. გამოყოფილი ზეთი, ბამბის მეშვეობით წაისვით დამწვარ ზედაპირზე, ზემოდან კი მოიყარეთ გარეცხილი, გამხმარი და დაფქული ბროწეულის კანი. რამდენიმე დღეში არათუ იკურნება სხეულის დამწვარი ადგილი, არამედ ქრება ყოველგვარი კვალი და ე.წ. შრამიც აღარ რჩება. იმისათვის, რომ დამწვრობის შემდეგ კვალი არ დარჩეს, გამოიყენება კაკლის ზეთი. კაკლის გულის დანაყვის შედეგად მიღებული ზეთი წაისვით დამწვარ ზედაპირზე მაშინ, როდესაც ჭრილობა მოშუშებას იწყებს და შედეგად შრამი აღარ დაგრჩებათ. P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას. 5887 16-ს მოსწონს
|