საზოგადოებრივი ეგვიპტის პირამიდები და დიდი სფინქსი -მსოფლიოს პირველი საოცრება! 2015, 7 ნოემბერი, 12:52 ეგვიპტის პირამიდები — ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.
დაახლოებით ორმოცდახუთი საუკუნის წინ, ძვ.წ IV ათასწლეულში, ეგვიპტეს მართავდნენა მეოთხე დინასტიის უძველესი ფარაონები. მათ შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ამ ფარაონების დიდებასა და ძლევამოსილებას ადასტურებენ მათივე სამუდამო განსასვენებლები, რომლებიც კაცობრიობამ აღიარა მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებად. ესენია გიზის ცნობილი პირამიდები. გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმა, ზომა და საინჟინრო ტექნიკა, არამედ ისიც, რომ პირამიდა ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე. პირველი პირამიდის აგება ფარაონ ჯოსერის სახელს უკავშირდება. მისი არქიტექტორი იმჰოტეპი ეგვიპტელებმა ღვთაებადაც კი შერაცხეს. ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი. ეგვიპტელების რწმენით, ხეოფსის პირამიდა უნდა ყოფილიყო ყველა ადრინდელზე მაღალი და დიდი. მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა - გაჰყავდათ გზა მშენებლობის ადგილისაკენ, თხრიდნენ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებს, ხოლო მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით, ქვის სამტეხლოებში, ათასობით მონა ლოდებს თლიდა და ნილოსის დასავლეთ ნაპირზე გადაჰქონდა. პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში.იგი ხეოფსის მმართველობის 31-ე წელს დასრულდა. დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი, თითოეული 2, 5 ტონამდე სიმძიმის, სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. გათლილი ქვის ფილები ისეა ერთმანეთთან მიდგმული, შიგ ნემსის გატარებაც ჭირს. პირამიდას შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ვიწრო დერეფანი შედის სამარხში, სადაც ფარაონის კუბო იდგა. იგი ჩვენამდე არ შემონახულა. გვერდითი დერეფანი დედოფლის აკლდამაში გადიოდა. ხეოფსის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი გაკვეთეს, ტვინი და შიგნეულობა ამოაცალეს, სხეული 70 დღე მარილიან წყალში შეინახეს, სურნელოვანი ფისი წაუსვეს და გამზადებული მუმია სუდარაში გაახვიეს ჯოსერის პირამიდა პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველივეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა, (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა) როგორც ჩანს, მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო... აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია. ჯოსერის პირამიდა ძირითადად, საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი. გიზის პირამიდები დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზის პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს "პერანგი" აღარ არსებობს. გიზის სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, რომლის სიმაღლე 136.4 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვენებით საუბრობს პირამიდებზე... დიდი სფინქსი გიზის პირამიდების მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრი. "ხეოფსის პირამიდის მახლობლად ქვიშიდან ამოზიდულ კლდეში ეგვიპტელმა ოსტატებმა ფარაონისთავიანი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა გამოკვეთეს. ეს სახელგანთქმული დიდი სფინქსია – ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და ძლიერების სიმბოლო. სფინქსის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება. დღესაც დგას ძველეგვიპტური სკულპტურის შესანიშნავი ნიმუში, 45 საუკუნის ისტორიულ ქარტეხილთა უტყვი მოწმე, ჟამთა უკუღმართობით დამხინჯებული, მაგრამ ამაყი და შეუდრეკელი დიდი სფინქსი" იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 4087 8-ს მოსწონს
|